1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი ,,112“ (შემდგომ – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“) არის „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონით შექმნილი, სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული და მისი მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

2. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი ,,112“-ის სრული დასახელებაა: „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“ უფლებამოსილია, გამოიყენოს შემოკლებული დასახელება: „საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“.

3. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის (შემდგომ – მინისტრი) სამართლებრივი აქტები.

4. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“ დასახული ამოცანებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად სარგებლობს სპეციალური უფლებაუნარიანობით, საკუთარი სახელით იძენს უფლებებს და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და უფლებამოსილია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ.

5. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“ ანგარიშვალდებულია სამინისტროს წინაშე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

6. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საკუთარი ხარჯთაღრიცხვა, საბანკო და სახაზინო ანგარიშები საქართველოს სახელმწიფო ხაზინაში, ბეჭედი, ბლანკი, სიმბოლიკა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.

7. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“ უფლებამოსილია, გამოიყენოს საგანგებო და გადაუდებელი დახმარების აუცილებლობის შემთხვევათა მართვის ელექტრონული სისტემა.

8. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“ უფლებამოსილია, გამოიყენოს დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემა და ელექტრონული ხელმოწერა.

9. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, ლისის ქ.№1