1. რეაბილიტაციის მმართველს მოვალის კრედიტორების მიმართ აკისრია ფიდუციური მოვალეობები, რაც გულისხმობს მის მოვალეობას, იმოქმედოს მოვალის კრედიტორთა ერთობლიობის ინტერესებიდან გამომდინარე. რეაბილიტაციის მიზნებში და თავისი ვალდებულებების შესასრულებლად რეაბილიტაციის მმართველი აღჭურვილია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის მართვაზე, ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირისათვის მინიჭებული ყველა უფლებამოსილებით და აკისრია ყველა შესაბამისი ვალდებულება.

2. მოვალის დასაქმებულები, დირექტორი, ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი სხვა პირები ვალდებული არიან, უფლებამოსილებების განხორციელებისას, დაეხმარონ რეაბილიტაციის მმართველს და ითანამშრომლონ მასთან.

3. რეაბილიტაციის მმართველის ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული კონკრეტული უფლებამოსილებები არ ზღუდავს ამ მუხლის პირველი პუნქტით მისთვის მინიჭებულ ზოგად უფლებამოსილებას.

4. რეაბილიტაციის მმართველი უფლებამოსილია:

ა) მიიღოს ზომები მოვალის წარმოების შესანარჩუნებლად და გასაგრძელებელად;

ბ) მოვალის სახელით განახორციელოს ყველა ქმედება და ხელი მოაწეროს ნებისმიერ დოკუმენტს;

გ) გადაიბაროს და პირად განკარგულებაში მიიღოს მოვალის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი, საბუთი, საბუღალტრო ჩანაწერი და წიგნი, მათ შორის, ელექტრონულად ან ნებისმიერი სხვა ფორმით;

დ) მოიპოვოს ან აღიდგინოს მფლობელობა მოვალის კუთვნილ ქონებაზე, თავი მოუყაროს მოვალის ქონებას და საამისოდ განახორციელოს ამ კანონით გათვალისწინებული შეცილების უფლება ან ნებისმიერი სხვა ქმედება, ან აწარმოოს ნებისმიერი პროცესი, რომელსაც რეაბილიტაციის მიზნებისათვის მიზანშეწონილად მიიჩნევს;

ე) მოიწონოს ან შეწყვიტოს მოქმედი ხელშეკრულებები, დადოს ახალი ხელშეკრულებები;

ვ) გაყიდოს ან სხვაგვარად განკარგოს მოვალის ქონება აუქციონზე ან ხელშეკრულების საფუძველზე. მოვალესთან დაკავშირებულ პირთან ნასყიდობის, ლიზინგის ან იჯარა-გამოსყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადება, რომლითაც განიკარგება მოვალის ქონება, შესაძლებელია მხოლოდ კრედიტორთა კომიტეტის თანხმობით, ხოლო თუ კრედიტორთა კომიტეტი არ არის შექმნილი – კრედიტორთა კრების თანხმობით;

ზ) სესხის ხელშეკრულების საფუძველზე ან სხვა გზით მოიზიდოს ფულადი სახსრები და საამისოდ მოვალის ქონებაზე გამოიყენოს უზრუნველყოფის ღონისძიებები;

თ) მიიღოს სხვა საჭირო საკადრო გადაწყვეტილებები – შეინარჩუნოს არსებული თანამშრომლები, საქართველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილი წესების დაცვით გააფორმოს ახალი შრომითი ხელშეკრულებები ან შეწყვიტოს არსებული ხელშეკრულებები;

ი) რეაბილიტაციის გეგმის დამტკიცებამდე, სასამართლოსა თუ კრედიტორების თანხმობის გარეშე განკარგოს მოვალის ქონება, გარდა უზრუნველყოფის საგნად გამოყენებული ქონებისა და პირობადებული საკუთრებისა;

კ) დანიშნოს იურისტი, ბუღალტერი ან სხვა პროფესიის/კვალიფიკაციის მქონე პირი, რომლის ჩართულობაც აუცილებელია მმართველის მიერ ფუნქციების წარმატებით განხორციელებისათვის;

ლ) გამოვიდეს მოვალის წარმომადგენლად სასამართლოში, წამოიწყოს ნებისმიერი სამართლებრივი პროცესი ან წარმოება;

მ) მოიპოვოს ან შეინარჩუნოს დაზღვევა მოვალის ეკონომიკურ საქმიანობასთან და ქონებასთან დაკავშირებით;

ნ) მოვალის სახელით აითვისოს, მიიღოს, შექმნას ან ინდოსამენტით დაადასტუროს ნებისმიერი ჩეკი ან თამასუქი;

ო) დანიშნოს წარმომადგენელი ნებისმიერი საქმიანობის განსახორციელებლად, რომლის შესრულებაც მიზანშეწონილია წარმომადგენლის მეშვეობით;

პ) განახორციელოს მოვალის ქონების რეალიზაციისათვის საჭირო ყველა ქმედება;

ჟ) აწარმოოს ნებისმიერი გადახდა, რომელიც საჭიროა რეაბილიტაციის მმართველის ფუნქციების განხორციელებისთვის;

რ) დააფუძნოს მოვალის შვილობილი კომპანიები;

ს) მოვალის შვილობილ კომპანიებს კანონით დადგენილი წესით მთლიანად ან ნაწილობრივ გადასცეს მოვალის საწარმო ან/და ქონება;

ტ) იჯარით (ქირავნობით) გასცეს ან მიიღოს ნებისმიერი ქონება, რომელიც საჭიროა ან ხელსაყრელია მოვალის ეკონომიკური საქმიანობისათვის;

უ) შეწყვიტოს მოვალის ქონებაზე დადებული ნებისმიერი იჯარის ხელშეკრულება, ან თანხმობა განაცხადოს ასეთ შეწყვეტაზე და იჯარისგან გამოთავისუფლებულ ქონებაზე აღიდგინოს მფლობელობა;

ფ) მოვალის სახელით აწარმოოს მოლაპარაკება და დადოს ხელშეკრულება მოვალის ნებისმიერი ვალის რესტრუქტურიზაციის ან ჩამოწერის თაობაზე, მათ შორის, ურთიერთკომპრომისული შეთანხმებისა თუ ვალის მოვალის სასარგებლოდ ცალმხრივად ჩამოწერის/რესტრუქტურიზაციის სახით;

ქ) პარტნიორებისგან მოითხოვოს მოვალის საწესდებო კაპიტალში შეუტანელი შენატანების განხორციელება, თუ ეს გათვალისწინებულია კორპორაციული დოკუმენტებით;

ღ) წარადგინოს მოთხოვნა, როგორც შესაბამისი რიგის კრედიტორმა, ნებისმიერი პირის გაკოტრების ან რეაბილიტაციის პროცესში, რომელსაც მოვალის მიმართ აქვს დავალიანება და მიიღოს შესაბამის განაწილებაში მონაწილეობა;

ყ) წარადგინოს მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება გაკოტრების რეჟიმის გახსნის მოთხოვნით;

შ) განახორციელოს ცვლილება მოვალის რეგისტრირებულ მისამართში და სხვა რეგისტრაციასავალდებულო მონაცემებში;

ჩ) მოიწვიოს მოვალის პარტნიორთა კრება და მოითხოვოს მათ კომპეტენციაში შემავალ ნებისმიერ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება;

ც) კრედიტორებისგან მოითხოვოს მათ კომპეტენციაში შემავალ ნებისმიერ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება, რომელიც არ გულისხმობს კრების ჩატარებას;

ძ) კრედიტორებზე გაანაწილოს ქონების რეალიზაციიდან ამონაგები თანხები, რა დროსაც ვალდებულია გაითვალისწინოს პრეფერენციული მოთხოვნები;

წ) მიმართოს სასამართლოს კრედიტორთა კრების მოწვევისა და ჩატარების უზრუნველსაყოფად და უხელმძღვანელოს კრედიტორთა კრებას;

ჭ) შეასრულოს ამ კანონით გათვალისწინებული თავისი უფლებამოსილებების განსახორციელებლად საჭირო სხვა ქმედებები.

5. გარიგებებს, რომლებიც სცილდება მოვალის ჩვეულებრივ სამეწარმეო საქმიანობას, რეაბილიტაციის მმართველი დებს კრედიტორთა კრების თანხმობით. კრებაზე გადაწყვეტილება მიიღება ხმის უფლების მქონე დამსწრე კრედიტორთა ხმების უბრალო უმრავლესობით.

6. მოვალის არცერთ პარტნიორს, დასაქმებულს ან დირექტორს არ აქვს უფლება, რეაბილიტაციის მმართველის თანხმობის გარეშე განახორციელოს მოვალის ხელმძღვანელობა ან წარმომადგენლობა. რეაბილიტაციის მმართველის მიერ გაცემული თანხმობა შეიძლება იყოს ზოგადი ან სპეციალური.

7. რეაბილიტაციის მმართველმა თავისი ფუნქციები უნდა განახორციელოს შეძლებისდაგვარად სწრაფად და ეფექტიანად, მოვალის კრედიტორთა ერთობლიობის, როგორც ერთად აღებული მთლიანობის, ინტერესების გათვალისწინებით. ნებისმიერ შემთხვევაში, რეაბილიტაციის მმართველმა თავისი ფუნქციები უნდა განახორციელოს იმგვარად, რომ გაუმართლებლად და აუცილებლობის გარეშე არ გამოიწვიოს კრედიტორთა ერთობლიობის ინტერესებისათვის ზიანის მიყენება.

8. რეაბილიტაციის მმართველმა დანიშვნისთანავე უნდა მოიპოვოს კონტროლი და მეურვეობა მოვალის მთელ იმ აქტივებსა და ქონებაზე, რომელზეც, მისი აზრით, მოვალეს შესაბამისი უფლებები გააჩნია.

9. რეაბილიტაციის მმართველი თავისი საქმიანობის პროცესში მოლაპარაკებებს აწარმოებს კრედიტორებთან როგორც ინდივიდუალურად, ისე ერთობლივად.

10. რეაბილიტაციის მმართველი ვალდებულია, შეასრულოს სასამართლოს განჩინებებში ასახული მითითებები, რათა ამ კანონის შესაბამისად უზრუნველყოს მოვალის საქმიანობისა და ქონების მართვ