1. მართვაში მყოფ მოვალეზე ვრცელდება ამ კანონით რეაბილიტაციის მმართველის მიმართ დადგენილი ნებისმიერი წესი, გარდა ამავე კანონით პირდაპირ გათვალისწინებული გამონაკლისებისა.
2. მართვაში მყოფ მოვალეს ეკისრება რეაბილიტაციის მმართველისთვის ამ კანონით მინიჭებული ყველა უფლება-მოვალეობა, გარდა:
ა) იმ უფლება-მოვალეობებისა, რომლებიც რეაბილიტაციის ზედამხედველს ეკისრება;
ბ) მოვალის ყოფილი ან მოქმედი დირექტორის, ან ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ სხვა პირთა ქმედებებისა და მათ მიერ დადებული გარიგებების შეცილების უფლებისა.
3. მართვაში მყოფი მოვალე ვალდებულია, რეაბილიტაციის ზედამხედველის თანხმობის გარეშე არ განახორციელოს ის ქმედებები, რომლის განსახორციელებლადაც რეაბილიტაციის ზედამხედველის თანხმობის აუცილებლობა პირდაპირ არის გათვალისწინებული ამ კანონით.
4. რეაბილიტაციის გეგმის დამტკიცებამდე, მოვალის მიერ ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს მიღმა ვალდებულების აღება/ხელშეკრულების დადება შესაძლებელია მხოლოდ რეაბილიტაციის ზედამხედველის თანხმობით. რეაბილიტაციის ზედამხედველის უარი შესაძლებელია გასაჩივრდეს სასამართლოში.
5. ხმის უფლების მქონე კრედიტორების ხმათა საერთო რაოდენობის 10%-ის მქონე კრედიტორების, ასევე კრედიტორთა კომიტეტის ან რეაბილიტაციის ზედამხედველის მოთხოვნის შემთხვევაში, სასამართლო განიხილავს შუამდგომლობას მართვაში მყოფი მოვალის ნაცვლად რეაბილიტაციის მმართველის დანიშვნის თაობაზე ერთ-ერთი შემდეგი საფუძვლის არსებობისას:
ა) არსებობს ამ კანონის VIII თავით გათვალისწინებული შეცილების საფუძვლები;
ბ) რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნამდე სახეზე იყო ან გახსნის შემდეგ სახეზეა მოვალის მხრიდან არაკეთილსინდისიერება, არაკომპეტენტურობა, აუცილებელი ზრუნვის მოვალეობის პრინციპის დარღვევა, მმართველობითი საქმიანობის მნიშვნელოვანი დარღვევებით წარმართვა;
გ) მოვალის მიერ მართვის მიტოვება.
6. კრედიტორთა კრება უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს შეცვალოს მართვაში მყოფი მოვალე რეაბილიტაციის მმართველით, ხმის უფლების მქონე დამსწრე კრედიტორთა არანაკლებ 2/3-ის უმრავლესობით. სასამართლო უფლებამოსილია, არ დაეთანხმოს კრედიტორთა კრების მიერ მიღებულ ამ გადაწყვეტილებას და მოვალე დატოვოს მართვაში, რის თაობაზეც მას გამოაქვს განჩინება. სასამართლო უფლებამოსილია, საკითხის გადაწყვეტამდე მოუსმინოს მოვალეს, ასევე ზედამხედველს.
7. მართვაში მყოფი მოვალის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის გარდაცვალების შემთხვევაში, ან ისეთი გარემოების არსებობისას, რომლის გამოც ეს პირი ვერ ასრულებს თავის მოვალეობებს, მოსამართლე რეაბილიტაციის მმართველად დაუყოვნებლივ ნიშნავს რეაბილიტაციის ზედამხედველს.
8. მართვაში მყოფი მოვალისგან ინფორმაციის მიღების უფლება აქვთ რეაბილიტაციის ზედამხედველს, კრედიტორებსა და პარტნიორებს. მართვაში მყოფი მოვალისაგან ინფორმაციის მოთხოვნის მიზანია ამ კანონით გათვალისწინებული შეცილების საფუძვლების, აქტივების არასათანადოდ განკარგვის ან გადამალვის შესაძლო შემთხვევების გამოვლენა, აგრეთვე რეაბილიტაციის მმართველის დანიშვნის საფუძვლისა და შესაძლებლობის განხილვა.
9. სისხლის სამართლის ან ადმინისტრაციული საქმის წარმოებისას დაუშვებელია მოვალის მიერ ამ კანონის შესაბამისად მიწოდებული იმ ინფორმაციის მის წინააღმდეგ მტკიცებულების სახით გამოყენება, რომელიც დამოუკიდებლად ხელმისაწვდომი არ იყო ზედამხედველის, კრედიტორის ან/და პარტნიორის მიერ შეკრებილი საბუღალტრო ან/და სხვა წერილობითი დოკუმენტაციიდა