1. რეაბილიტაციის მმართველი/რეაბილიტაციის ზედამხედველი, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების გამოტანიდან 45 დღის ვადაში, ადგენს მოვალის საქმიანობის ანგარიშს, რისთვისაც შესაბამის პირებს წერილობით მიმართავს მმართველად/ზედამხედველად დანიშვნიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა და მათგან მოითხოვს საჭირო ინფორმაციის წარდგენას 10 სამუშაო დღის ვადაში.
2. რეაბილიტაციის მმართველი/რეაბილიტაციის ზედამხედველი უფლებამოსილია, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია გამოითხოვოს ნებისმიერი პირისგან, რომელიც გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების გამოტანამდე ერთი წლის განმავლობაში იყო:
ა) მოვალის რეგისტრირებული დირექტორი ან პირი, რომელსაც ეკავა ხელმძღვანელობითი პოზიცია;
ბ) მოვალის პარტნიორი:
გ) მოვალის დასაქმებული;
დ) მოვალის აუდიტორი ან მისთვის სხვა სახის პროფესიული მომსახურების გამწევი პირი.
3. მართვაში მყოფი მოვალე ვალდებულია, რეაბილიტაციის ზედამხედველთან კოორდინაციითა და თანამშრომლობით, თავად უზრუნველყოს საქმიანობის ანგარიშის მომზადება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების გამოტანიდან 30 დღის ვადაში.
4. მოვალის საქმიანობის ანგარიში უნდა შეიცავდეს:
ა) განცხადებას, რომლითაც რეაბილიტაციის მმართველი/მართვაში მყოფი მოვალე ადასტურებს წარმოდგენილი ინფორმაციის სიზუსტესა და სისრულეს, რამდენადაც ეს მისთვის ცნობილია;
ბ) განცხადებას იმის შესახებ, რომ საქმიანობის ანგარიში მომზადებულია რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის თარიღის მდგომარეობით;
გ) მოვალის ყველა აქტივს საბალანსო და შეფასებითი სარეალიზაციო ღირებულების მითითებით, მათ შორის, უზრუნველყოფის ღონისძიებით დატვირთული და დაუტვირთავი აქტივების მახასიათებლებს, სამომავლო ქონებაზე არსებული გირავნობის ჩათვლით;
დ) მოვალის ყველა ვალდებულებას, მათ შორის:
დ.ა) დასაქმებულთა მიმართ არსებული ვალდებულებების ოდენობას;
დ.ბ) უზრუნველყოფილი ვალების ოდენობას;
დ.გ) არაუზრუნველყოფილი ვალების ოდენობას, გარდა დასაქმებულთა მიმართ არსებული ვალდებულებებისა;
ე) იმ დეფიციტის ან ნამეტი აქტივების შეფასებით ოდენობას, რომლებიც პრეფერენციული მოთხოვნების დაკმაყოფილებას უკავშირდება;
ვ) იმ დეფიციტის შეფასებით ოდენობას, რომელიც დაკავშირებულია არაუზრუნველყოფილი მოთხოვნების დაფარვასთან, ან ნამეტი აქტივების შეფასებით ღირებულებას/თანხების ოდენობას, რომლებიც დარჩება არაუზრუნველყოფილი ვალების დაფარვის შემდეგ;
ზ) იმ მთლიანი აქტივების შეფასებით ოდენობას, რომლებიც ხელმისაწვდომია უზრუნველყოფილი ვალების დასაფარად, ან ნამეტი აქტივების შეფასებით ოდენობას, რომლებიც დარჩება უზრუნველყოფილი ვალების დაფარვის შემდეგ;
თ) მოვალის კრედიტორებთან დაკავშირებულ შემდეგ ინფორმაციას:
თ.ა) განვადების ხელშეკრულების, იჯარა-გამოსყიდვის, მოძრავი ნივთის ლიზინგისა და პირობითი ნასყიდობის ხელშეკრულების კრედიტორები, რომელთაც პირობადებულ საკუთრებაზე შეთანხმების ან კანონის საფუძველზე შენარჩუნებული აქვთ შესაბამის ქონებაზე საკუთრება, და ასეთი ქონების მახასიათებლები;
თ.ბ) მომხმარებლები, რომლებსაც საქონლის ან მომსახურების შესაძენად მოვალისთვის წინასწარ აქვთ გადახდილი თანხები, ამ თანხების ჯამურ ოდენობაზე მითითებით;
თ.გ) ყველა სხვა ცნობილი კრედიტორი;
თ.დ) თითოეული კრედიტორის მიმართ ვალის ოდენობა;
თ.ე) თითოეული კრედიტორის მიმართ გამოყენებული ვალდებულების უზრუნველყოფის ღონისძიების მახასიათებლები;
თ.ვ) თითოეული უზრუნველყოფის წარმოშობის თარიღი;
თ.ზ) თითოეული უზრუნველყოფის საგნის ღირებულება და ოდენობა;
თ.თ) კრედიტორული ვალდებულებების ჯამი;
ი) მოვალის თითოეული პარტნიორის სახელს, მისამართსა და წილობრივი მონაწილეობის დეტალურ აღწერას.
5. ამ მუხლით გათვალისწინებული მოვალის საქმიანობის ანგარიშის მომზადებისთვის გაწეული ხარჯი, რომელსაც რეაბილიტაციის მმართველი/რეაბილიტაციის ზედამხედველი გონივრულ ხარჯად მიიჩნევს, წარმოადგენს რეაბილიტაციის ხარჯების ნაწილს. რეაბილიტაციის მმართველის გადაწყვეტილება ხარჯების გაწევის საკითხებზე შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.
6. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე პირის მხრიდან ინფორმაციის წარმოუდგენლობა არ ათავისუფლებს რეაბილიტაციის მმართველს/მართვაში მყოფ მოვალეს საქმიანობის ანგარიშის წარდგენის ვალდებულებისგან. რეაბილიტაციის მმართველი/მართვაში მყოფი მოვალე ვალდებულია, თავად შეადგინოს მოვალის საქმიანობის ანგარიში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების მიღების თარიღის მდგომარეობით. ანგარიშში მმართველმა/მართვაში მყოფმა მოვალემ უნდა მიუთითოს შესაბამისი პირების მხრიდან საქმიანობის ანგარიშისათვის საჭირო ინფორმაციის წარმოუდგენლობის შესახებ.
7. მართვაში მყოფი მოვალის შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირები არ წარადგენენ მოთხოვნილ ინფორმაციას, რეაბილიტაციის ზედამხედველმა სასამართლოს უნდა აცნობოს ამის შესახებ, რა დროსაც რეაბილიტაციის ზედამხედველი უფლებამოსილია მოითხოვოს მოვალის მართვისგან ჩამოცილება და რეაბილიტაციის მმართველის დანიშვნა.
8. რეაბილიტაციის მმართველი/რეაბილიტაციის ზედამხედველი უფლებამოსილია, მიმართოს სასამართლოს ყველა კრედიტორისთვის ან მათი ნაწილისთვის მოვალის საქმიანობის ანგარიშის სრული ან ნაწილობრივ გაუმჟღავნებლობის მოთხოვნით, თუ მისი მოსაზრებით, ასეთი გამჟღავნებით ზიანი მიადგება რეაბილიტაციის პროცესს, ხელი შეეშლება რეაბილიტაციის მიზნის მიღწევას ან ამ ინფორმაციის გამჟღავნებით გაუმართლებელი ზიანი მიადგება მოვალეს.
9. სასამართლო გამოსცემს განჩინებას მოვალის საქმიანობის ანგარიშის სრულად ან ნაწილობრივ გაუმჟღავნებლობის შესახებ ყველა კრედიტორის ან კრედიტორთა ნაწილის მიმართ, თუ რეაბილიტაციის მმართველის/ზედამხედველის მოთხოვნას დასაბუთებულად მიიჩნევ