1. კრედიტორები რეაბილიტაციის მმართველის/ზედამხედველის მიერ შეთავაზებულ რეაბილიტაციის გეგმის პროექტს იწონებენ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების მიღებიდან არაუგვიანეს 6 თვის ვადაში. ამ კანონის მე-13 მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი წესით მიღებული გადაწყვეტილებით, კრედიტორთა კრება უფლებამოსილია, რეაბილიტაციის გეგმის პროექტის განხილვის ვადა ერთჯერადად გააგრძელოს არაუმეტეს 3 თვით. ვადის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება ეცნობება სასამართლოს.
2. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში კრედიტორები რეაბილიტაციის გეგმას არ მოიწონებენ, სასამართლო მიიღებს განჩინებას გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე.
3. კრედიტორთა კრებაზე მიღებული გადაწყვეტილების ტოლფასია კრედიტორთა მიერ გადაწყვეტილების მიღება ალტერნატიული პროცედურის გამოყენებით, ამ კანონისა და რეაბილიტაციის გეგმის პროექტში მითითებული თავისებურებების შესაბამისად.
4. კრედიტორთა კრება უფლებამოსილია, ამ მუხლით დადგენილი უმრავლესობით მოიწონოს შეთავაზებული რეაბილიტაციის გეგმის პროექტი:
ა) კრედიტორების მიერ შეთავაზებული ცვლილებების გარეშე;
ბ) კრედიტორების მიერ შეთავაზებული ცვლილებებით, რეაბილიტაციის მმართველის/ზედამხედველის თანხმობით.
5. რეაბილიტაციის გეგმის პროექტის მოწონების პროცესში ხმის უფლება განისაზღვრება კრედიტორთა რეესტრში კრედიტორის მოთხოვნის ღირებულების შესაბამისად.
6. ყველა არაუზრუნველყოფილ კრედიტორს აქვს ხმის უფლება ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად. უზრუნველყოფილ კრედიტორს შეთავაზებული რეაბილიტაციის გეგმის პროექტის მოწონების თაობაზე კენჭისყრაში ხმის უფლება არ აქვს, გარდა იმ შემთხვევისა, თუ რეაბილიტაციის გეგმის პროექტი მოვალესა და უზრუნველყოფილ კრედიტორს შორის დადებული ხელშეკრულების პირობების ცვლილებას ითვალისწინებს.
7. კრედიტორთა კრება გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მასზე წარმოდგენილია არაუზრუნველყოფილ და ამ მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად ხმის უფლების მქონე უზრუნველყოფილ კრედიტორთა ხმების ნახევარზე მეტი. უზრუნველყოფილი და არაუზრუნველყოფილი კრედიტორები რეაბილიტაციის გეგმის პროექტის განსახილველად შეიძლება შეიკრიბონ ერთად ან ცალ-ცალკე.
8. რეაბილიტაციის გეგმის პროექტს ხმის უფლების მქონე უზრუნველყოფილი და არაუზრუნველყოფილი კრედიტორები კენჭს უყრიან ცალ-ცალკე.
9. რეაბილიტაციის გეგმის პროექტის მოწონება ხდება არაუზრუნველყოფილი კრედიტორების ხმათა უბრალო უმრავლესობით და ამ მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად ხმის უფლების მქონე უზრუნველყოფილი კრედიტორების ხმათა უბრალო უმრავლესობით.
10. ამ მუხლის მე-9 პუნქტის მიზნებისთვის, მხედველობაში არ მიიღება იმ კრედიტორთა ხმები, რომლებიც მოვალესთან დაკავშირებული პირები არიან. კრედიტორი არ ჩაითვლება მოვალესთან დაკავშირებულ პირად, თუ რეაბილიტაციის მმართველი/ზედამხედველი, მოვალის საქმიანობის ანგარიშზე დაყრდნობით და სათანადო შემოწმების შედეგად, არ მივა იმ დასკვნამდე, რომ კრედიტორი მოვალესთან დაკავშირებული პირია. დაკავშირებული პირის სტატუსი უნდა აღინიშნოს კრედიტორისათვის გაგზავნილ კრების მოსაწვევში.
11. თუ ერთ-ერთი კრედიტორი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახურია, მისი თანხმობა გაცემულად ითვლება, თუ რეაბილიტაციის გეგმის პროექტი ითვალისწინებს საგადასახადო მოთხოვნების ძირი თანხის სრულად დაკმაყოფილებას რეაბილიტაციის გეგმის ძალაში შესვლიდან არაუმეტეს 5 წლის განმავლობაში, ყოველწლიურად მოთხოვნათა თანაბარზომიერი დაკმაყოფილების გზით.
12. რეაბილიტაციის მმართველი/ზედამხედველი კრედიტორთა მიერ მოწონებულ რეაბილიტაციის გეგმას დასამტკიცებლად წარუდგენს სასამართლოს კრედიტორთა მიერ მიღებული გადაწყვეტილებიდან არაუგვიანეს 5 დღის ვადაშ