1. კრედიტორთა უფლებების რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, კრედიტორთა კრება უფლებამოსილია აირჩიოს კრედიტორთა კომიტეტი.

2. კრედიტორთა კომიტეტის შექმნა სავალდებულოა, თუ მოვალეს ჰყავს მინიმუმ 50 კრედიტორი და მოვალის მაჩვენებლები ბოლო სამეურნეო წლის შემდეგი 2 კრიტერიუმიდან ერთ-ერთს მაინც აკმაყოფილებს:

ა) მისი აქტივების ჯამური ღირებულება 10 მილიონ ლარს აღემატება;

ბ) მისი წლიური შემოსავალი 20 მილიონ ლარს აღემატება.

3. კრედიტორთა კომიტეტის არჩევის შეთავაზება უნდა გააკეთოს კრედიტორთა კრების თავმჯდომარემ რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის შემდეგ მოწვეულ კრედიტორთა პირველივე კრებაზე. არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს შესაბამისი კრედიტორების ყველაზე მეტ მხარდაჭერას.

4. კრედიტორთა კომიტეტი 3 წევრისგან შედგება. კრედიტორთა კომიტეტის 1 წევრს ირჩევენ უზრუნველყოფილი კრედიტორები, ხოლო 2 წევრს – არაუზრუნველყოფილი კრედიტორები.

5. კრედიტორთა კომიტეტი საქმიანობას ახორციელებს მიუკერძოებლად. კომიტეტის წევრებს არ უნდა გააჩნდეთ კრედიტორთა ერთობლიობის ინტერესებისაგან განსხვავებული, კერძო ინტერესი.

6. კრედიტორთა კომიტეტის წევრად არ შეიძლება არჩეულ იქნენ შემდეგი პირები:

ა) მოვალის სულ მცირე 25%-იანი წილის ან აქციების მესაკუთრეები, ასევე აქციონერები ან წილის მესაკუთრეები, რომლებიც მონაწილეობენ მოვალის მენეჯმენტში ან შეუძლიათ გავლენა მოახდინონ მენეჯმენტზე;

ბ) მოვალის მენეჯმენტთან, ან/და მოვალის სულ მცირე 25%-იანი წილის ან აქციების მესაკუთრეებთან ან თავად მოვალესთან დაკავშირებული პირები;

გ) კრედიტორები, რომლებიც ამავე დროს მოვალის კონკურენტები არიან და მათთან დაკავშირებული პირები.

7. კრედიტორთა კომიტეტი გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მის სხდომას ესწრება 2 წევრი მაინც.

8. კრედიტორთა კომიტეტი წევრთა უმრავლესობით თავისი შემადგენლობიდან ირჩევს თავმჯდომარეს, რომელიც წარმართავს კრედიტორთა კომიტეტის სხდომას.

9. კრედიტორთა კომიტეტი გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით. ხმის მიცემის პროცედურაში კრედიტორთა კომიტეტის წევრს არ აქვს უფლება, თავი შეიკავოს პოზიციის გამოხატვისგან. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კრედიტორთა კომიტეტის თავმჯდომარის ხმა.

10. კრედიტორთა კომიტეტი უფლებამოსილია:

ა) რეაბილიტაციის მმართველს, მართვაში მყოფ მოვალეს და რეაბილიტაციის ზედამხედველს მოსთხოვოს:

ა.ა) ინფორმაციის წარდგენა მმართველის ან მართვაში მყოფი მოვალის, ასევე ზედამხედველის მიერ ფუნქციების განხორციელების მიმდინარეობის შესახებ;

ა.ბ) მოვალის მიმდინარე საქმიანობისა და ფინანსური მდგომარეობის შესახებ შესაბამისი ინფორმაციის წარდგენა და გაეცნოს ფულადი სახსრების მიმოქცევის დამადასტურებელ დოკუმენტებს;

ა.გ) კომიტეტის სხდომაზე დასწრება. სხდომის თაობაზე მოსაწვევი შესაბამის პირს უნდა გაეგზავნოს სხდომამდე არაუგვიანეს 7 დღისა;

ბ) მონაწილეობა მიიღოს რეაბილიტაციის გეგმის მომზადებაში, ასევე მოამზადოს რეაბილიტაციის გეგმაში ცვლილებების პროექტი;

გ) მოამზადოს რეკომენდაციები კრედიტორთა კრების დღის წესრიგში შემავალ საკითხებზე;

დ) რეაბილიტაციის მმართველის გათავისუფლებისა და ახალი მმართველის დანიშვნის თაობაზე შუამდგომლობით მიმართოს სასამართლოს.

11. კრედიტორთა კომიტეტის წევრმა შეიძლება გამოითხოვოს მხოლოდ თავისი უფლებამოსილების განხორციელებისათვის აუცილებელი და რელევანტური ინფორმაცია.

12. კრედიტორთა კომიტეტი ვალდებულია:

ა) აქტიურად ითანამშრომლოს მართვაში მყოფ მოვალესთან/რეაბილიტაციის ზედამხედველთან ან რეაბილიტაციის მმართველთან რეაბილიტაციის გეგმის შემუშავების მიზნით;

ბ) კომიტეტის მუშაობისა და გადაწყვეტილებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს სხვა კრედიტორებს;

გ) ცალკეულ საკითხებზე კონსულტაციები გაიაროს და მოსაზრებები და შენიშვნები მიიღოს სხვა კრედიტორებისგან.

13. კრედიტორთა კომიტეტის წევრის საქმიანობის ანაზღაურების საკითხს კრედიტორთა კრების მიერ კრედიტორთა კომიტეტის არჩევიდან არაუგვიანეს 5 დღისა წყვეტს სასამართლო. კრედიტორთა კომიტეტის წევრის საქმიანობის ანაზღაურება შეიძლება განისაზღვროს კრედიტორთა კომიტეტის სხდომებში მონაწილეობაზე დახარჯული დროის შესაბამისად. კრედიტორთა კომიტეტის წევრთა ანაზღაურების ოდენობამ არ უნდა გადააჭარბოს მმართველისთვის გათვალისწინებული ანაზღაურების 20%-ს ჯამურად. სასამართლო უფლებამოსილია, განსაკუთრებულ შემთხვევაში, გაზარდოს ასეთი ანაზღაურება.

14. კრედიტორთა კომიტეტის წევრთა საქმიანობის ანაზღაურება, ასევე კომიტეტის სხდომების შეკრებასთან და ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ხარჯების დაფარვა გადახდისუუნარობის მასიდან განხორციელდება.

15. კრედიტორთა კომიტეტი ვალდებულია კომიტეტის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული მოსალოდნელი ხარჯების ოდენობა წინასწარ შეათანხმოს სასამართლოსთან.

16. კრედიტორთა კომიტეტის წევრი შესაძლოა გამოწვეულ იქნეს კრედიტორთა კომიტეტიდან, თუ გამოვლინდება მისი არაკეთილსინდისიერება, დაუდევრობა, შესაფერისი უნარების ნაკლებობა, არაკომპეტენტურობა, არაეფექტიანობა, მის მიმართ ნდობის ნაკლებობა, ინტერესთა კონფლიქტი ან ამ კანონის 77-ე მუხლით გათვალისწინებული წესების დარღვევა. კომიტეტის წევრის გამოწვევა ხორციელდება აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული გარემოება წარმოიშვა ან გამოვლინდა წევრის არჩევის შემდეგ. კრედიტორთა კომიტეტის წევრის გამოწვევის საკითხის დაყენება შეუძლია კრებაში მონაწილეობის უფლების მქონე ნებისმიერ პირს, ასევე სასამართლოს საკუთარი ინიციატივით. გამოწვევის საკითხი შესაძლებელია დაისვას კრედიტორთა ნებისმიერი კრების მიმდინარეობისას, ან სასამართლოსათვის მიმართვის გზით, რაც განიხილება კრედიტორთა უახლოეს სხდომაზე, მაგრამ არაუგვიანეს 15 დღისა ასეთი მიმართვის დღიდან. თუ ამ ვადაში კრედიტორთა კრების ჩატარება დაგეგმილი არ არის, სასამართლო ვალდებულია საგანგებოდ ამ საკითხისათვის მოიწვიოს კრედიტორთა კრება და უზრუნველყოს მისი ჩატარება. კრედიტორთა კომიტეტის წევრის გამოწვევისა და მისი ახალი წევრით ჩანაცვლების საკითხს წყვეტენ იმავე ჯგუფის კრედიტორები, რომელთა მიერაც იქნა არჩეული კომიტეტის გამოსაწვევი წევრი. კომიტეტის წევრი გამოწვეულად ჩაითვლება, თუკი გამოწვევას მხარს დაუჭერს კრედიტორთა შესაბამისი ჯგუფის ნახევარზე მეტი. კომიტეტის წევრის გამოწვევის შესახებ კრებაზე გადაწყვეტილების მიღებასთან ერთად მიღებული უნდა იქნეს გადაწყვეტილება ახალი წევრის არჩევის შესახებ, ამ მუხლით დადგენილი წესით.

17. თუ, ამ მუხლის მე-16 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობის მიუხედავად, კრედიტორთა კრების მიერ არ იქნება მიღებული გადაწყვეტილება კომიტეტის წევრის გამოწვევის შესახებ, სასამართლო უფლებამოსილია თავად მიიღოს გადაწყვეტილება გამოწვევის შესახებ. ასეთ შემთხვევაში სასამართლო ვალდებულია, კრედიტორთა კომიტეტის ახალი წევრის არჩევის მიზნით, კრედიტორთა კრების მოწვევა უზრუნველყოს 15 დღის ვადაშ