1. მოვალის საქმიანობის ანგარიშსა და კრედიტორთა რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით, რეაბილიტაციის მმართველი/ზედამხედველი რეაბილიტაციის გეგმის პროექტს ამზადებს და კრედიტორებს წარუდგენს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების მიღებიდან არაუგვიანეს 2 თვისა. ამ ვადის ამოწურვამდე, რეაბილიტაციის მმართველი/ზედამხედველი უფლებამოსილია, მიმართოს სასამართლოს ამ ვადის ერთჯერადად, არაუმეტეს 1 თვით გაგრძელების მოთხოვნით. ვადის გაგრძელების მოთხოვნა უნდა იყოს დასაბუთებული და მასში კრედიტორებისთვის რეაბილიტაციის გეგმის პროექტის დადგენილ ვადაში წარუდგენლობის ობიექტური მიზეზები უნდა იქნეს ახსნილი.
2. იმ შემთხვევაში, როცა რეაბილიტაციის გეგმას ამზადებს მართვაში მყოფი მოვალე, რეაბილიტაციის გეგმის პროექტის კრედიტორებისთვის შეთავაზებამდე და შესაბამისი მოლაპარაკების წარმოებისას, მოვალემ უნდა გაითვალისწინოს რეაბილიტაციის ზედამხედველის დასაბუთებული შენიშვნები (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელთა მიზანიც რეაბილიტაციის გეგმის პროექტის ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებსა და სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანაა.
3. რეაბილიტაციის გეგმის პროექტი უნდა შეიცავდეს:
ა) მოვალის კორპორაციულ მონაცემებს პარტნიორებსა და რეგისტრირებულ დირექტორ(ებ)ზე მითითებით;
ბ) რეაბილიტაციის მმართველის/რეაბილიტაციის ზედამხედველის ვინაობას/დასახელებას, საიდენტიფიკაციო მონაცემებს და მისი დანიშვნის თარიღს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის თობაზე განჩინების ასლთან ერთად;
გ) თარიღს, როდესაც რეაბილიტაციის გეგმის პროექტი უნდა გადაეცეთ კრედიტორებს;
დ) მოვალის საქმიანობის ანგარიშის ასლს ან მის მოკლე შეჯამებას, გარდა გამჟღავნებისგან დაცული ნაწილისა, მოვალის საქმიანობის ანგარიშის შემდგენი პირის ვინაობას და ანგარიშზე თანდართულ რეაბილიტაციის მმართველის/ზედამხედველის შენიშვნებს;
ე) თუ სასამართლოს განჩინებით სრულად ან ნაწილობრივ შეიზღუდა მოვალის საქმიანობის ანგარიშის გამჟღავნება, სასამართლოსადმი მიმართვის განცხადებისა და განჩინების მიღების თარიღებს;
ვ) იმ შემთხვევაში, თუ მოვალის საქმიანობის ანგარიში არ/ვერ იქნა შედგენილი ამ კანონით დადგენილი წესით, რეაბილიტაციის მმართველის მიერ შედგენილ, მოვალის ფინანსური მდგომარეობის ამსახველ ინფორმაციას შეძლებისდაგვარად გვიანდელი თარიღის მდგომარეობით, რომელიც, ნებისმიერ შემთხვევაში, არ უნდა იყოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების მიღების თარიღზე უფრო ადრინდელი;
ზ) კრედიტორთა რეესტრს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოვალის საქმიანობის ანგარიში ან მისი მოკლე შეჯამება შეიცავს კრედიტორთა სრულ რეესტრს;
თ) კონკრეტულ შეთავაზებას, რომლის მიხედვითაც მიღწეული უნდა იქნეს რეაბილიტაცია. შეთავაზება შეიძლება, მათ შორის, მოიცავდეს:
თ.ა) „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ რეორგანიზაციას, როგორც რეაბილიტაციის რეჟიმის ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილს;
თ.ბ) მოვალის ვალდებულებების ცვლილებას:
თ.ბ.ა) ვალების გადახდის გადავადებით;
თ.ბ.ბ) ძირითადი ვალის და პროცენტის შემცირებით ან გაუქმებით;
თ.ბ.გ) ახალი ვალით ძველი ვალის დაფარვით;
თ.ბ.დ) მოთხოვნების სხვა გზით დაკმაყოფილებით;
თ.ბ.ე) მოთხოვნების მოვალის საწარმოში ან სხვა საწარმოში წილად გარდაქმნით, შესაბამისი კრედიტორის სავალდებულო თანხმობით, რომელიც მოპოვებული უნდა იქნეს წინასწარ;
თ.ბ.ვ) დანაწესით, რომ გადახდისას პირველ რიგში იფარება ვალის ძირითადი თანხა, ხოლო მისი დაფარვის შემდეგ – სხვა ხარჯები და გადასახდელები;
თ.გ) მოვალისა და კრედიტორის ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვას ამ კანონით დადგენილ ფარგლებში;
ი) მითითებას იმის შესახებ, თუ რა გზით მოხდება კრედიტორთა მიერ რეაბილიტაციის გეგმის პროექტის მოწონება (კრედიტორთა კრებაზე ან მის გარეშე, ალტერნატიული პროცედურის გამოყენებით – წერილობითი თანხმობის გაცემა, ელექტრონული მიმოწერა, დისტანციური მონაწილეობა ან სხვ.);
კ) ანგარიშს იმის შესახებ, თუ როგორ მიმდინარეობდა მოვალის მართვა და დაფინანსება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების მიღების შემდგომ, მათ შორის, მოხდა თუ არა მოვალის რაიმე აქტივის განკარგვა, ასეთი განკარგვის მიზეზებისა და პირობების მითითებით, და ახსნა-განმარტებას, თუ როგორ გაგრძელდება მოვალის მართვა და დაფინანსება შეთავაზებული რეაბილიტაციის გეგმის დამტკიცების შემთხვევაში;
ლ) მოვალის წმინდა აქტივების შეფასებით ღირებულებას;
მ) რეაბილიტაციის მმართველის/ზედამხედველის ანაზღაურების ოდენობასა და მისი გაანგარიშების საფუძვლებს;
ნ) რეაბილიტაციის მმართველის/ზედამხედველის მიერ გაწეული სხვა ნებისმიერი მომსახურების ხარჯებს, იმ პირობაზე მითითებით, რომ ეს ხარჯები ექვემდებარება კრედიტორთა კომიტეტის მიერ მოწონებას, ან ასეთის არარსებობისას, კრედიტორთა მიერ დამტკიცებას გადაწყვეტილების მიღების შესაბამისი პროცედურით;
ო) ამ კანონის 85-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად განსაზღვრულ რეაბილიტაციის გეგმის ძალაში შესვლის თარიღს;
პ) ნებისმიერ სხვა ინფორმაციას, რომელიც რეაბილიტაციის მმართველის/ზედამხედველის მოსაზრებით, კრედიტორებს შემოთავაზებულ გეგმასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარება.
4. პრეფერენციული მოთხოვნები ერთმანეთს შორის თანაბარი რიგითობით სარგებლობენ. პრეფერენციული ვალების გადახდა უნდა მოხდეს სრულად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოვალის აქტივები არ არის საკმარისი მათი სრულად დაკმაყოფილებისთვის, რა დროსაც პრეფერენციული ვალები თანაბარი პროპორციით მცირდება.
5. რეაბილიტაციის გეგმა შესაძლოა აგრეთვე განსაზღვრავდეს მორატორიუმის ცალკეული ღონისძიებების გამოყენების საკითხს. რეაბილიტაციის გეგმით გათვალისწინებული მორატორიუმის ღონისძიებები ძალაში რჩება გეგმის განხორციელების პერიოდში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც რომელიმე მათგანთან დაკავშირებით მიღებულია სასამართლოს განჩინება გაუქმების თაობაზე.
6. რეაბილიტაციის გეგმა შესაძლოა ასევე ითვალისწინებდეს რეაბილიტაციის გეგმის შესრულებაზე ზედამხედველობის მექანიზმებს, მათ შორის, რეაბილიტაციის მმართველის/ზედამხედველის შენარჩუნებას. იმ შემთხვევაში, თუ რეაბილიტაციის გეგმა არ ითვალისწინებს ასეთ მექანიზმს, რეაბილიტაციის გეგმის სასამართლოს მიერ დამტკიცებამდე, ნებისმიერი კრედიტორი უფლებამოსილია, მიმართოს სასამართლოს რეაბილიტაციის გეგმის შესრულებაზე ზედამხედველობის კონკრეტული ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობით.
7. რეაბილიტაციის გეგმის პროექტს რეაბილიტაციის მმართველი/ზედამხედველი შედგენისთანავე უგზავნის ყველა ცნობილ კრედიტორსა და მოვალის ყველა პარტნიორს.
8. კრედიტორი უფლებამოსილია, კრედიტორთა კრების მოსაწვევის გაგზავნამდე, ნებისმიერ დროს, კრედიტორთა კრებაზე განხილვის მიზნით, რეაბილიტაციის მმართველს/ზედამხედველს ან/და კრედიტორთა კომიტეტს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წარუდგინოს რეაბილიტაციის გეგმის საკუთარი პროექტი, რომელიც განიხილება ამ კანონის 82-ე მუხლით დადგენილი წესით.
9. რეაბილიტაციის მმართველმა/ზედამხედველმა გეგმის პროექტთან ერთად კრედიტორებს უნდა წარუდგინოს გაწეული მომსახურების სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურებისა და გაღებული ხარჯების დეტალური აღწერილობა შესაბამის ოდენობებზე მითითები