1. შესაბამისობის შემფასებელი პირი ვალდებულია სისტემატიურად გაეცნოს ტექნოლოგიური სფეროს ცვლილებებს, რომელიც უთითებს, რომ აღიარებული ტიპი შესაძლოა აღარ აკმაყოფილებს ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების სათანადო მოთხოვნებს და ვალდებულია აღნიშნული ცვლილებების გათვალისწინებით გადაწყვიტოს საჭიროა, თუ არა დამატებითი კვლევა. აღნიშნულის შესახებ შესაბამისობის შემფასებელმა პირმა უნდა შეატყობინოს მწარმოებელს.

2. მწარმოებელი ვალდებულია შესაბამისობის შემფასებელ პირს შეატყობინოს დამტკიცებული ტიპის და ტექნიკური დოკუმენტაციის ისეთი ცვლილებების შესახებ, რომლებმაც შესაძლოა გავლენა იქონიოს ინდივიდუალური დაცვის საშუალების მიერ სათანადო ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვაზე ან აღნიშნული სერტიფიკატის ვალიდურობაზე. ასეთი ცვლილებები საჭიროებს დამტკიცებას და ტიპის გამოცდის სერტიფიკატში ცვლილების შეტანას.

3. მწარმოებელი ვალდებულია უზრუნველყოს ტექნოლოგიური განვითარების არსებული დონის გათვალისწინებით ინდივიდუალური დაცვის საშუალების მიერ სათანადო ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ძირითადი მოთხოვნების დაკმაყოფილება.

4. მწარმოებელი ვალდებულია შესაბამისობის შემფასებელ პირს სთხოვოს ტიპის გამოცდის სერტიფიკატის გადახედვა შემდეგ შემთხვევებში:

ა) ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული დამტკიცებული ტიპის ცვლილებისას;

ბ) ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული ტექნოლოგიური განვითარების ცვლილებებისას;

გ) სერტიფიკატის ვადის ამოწურვის შემთხვევაში;

5. ტიპის სერტიფიკატის ვადის გასვლამდე არაუგვიანეს 6 თვისა და არაუადრეს 12 თვისა, მწარმოებელი ვალდებულია განაცხადით მიმართოს შესაბამისობის შემფასებელ პირს.

6. შესაბამისობის შემფასებელი პირი ვალდებულია, შეამოწმოს ინდივიდუალური დაცვის საშუალების ტიპი და აუცილებლობის შემთხვევაში, განხორციელებული ცვლილებების გათვალისწინებით უზრუნველყოს შესაბამისი შემოწმებების ჩატარება, რათა დარწმუნდეს რომ დამტკიცებული ტიპი კვლავ აკმაყოფილებს მისთვის გათვალისწინებულ ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მოთხოვნებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, საჭიროა ტიპის გამოცდის სერტიფიკატის განახლება. შესაბამისობის შემფასებელი პირი ვალდებულია, შემოწმების პროცედურა დაასრულოს ტიპის სერტიფიკატის ვადის ამოწურვამდე.

7. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში მითითებული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში გამოყენებულ უნდა იქნეს შემოწმების გამარტივებული პროცედურა. მწარმოებელი ვალდებულია შესაბამისობის შემფასებელ პირს მიაწოდოს შემდეგი ინფორმაცია:

ა) საკუთარი სახელი, მისამართი და განსახილველი ტიპის სერტიფიკატის იდენტიფიცირების მონაცემები, დადასტურება იმისა, რომ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ დამტკიცებულ ტიპს, მის შემადგენელ მასალებს, ქვეკომპონენტებსა და შემადგენელ ნაწილებს არ განუცდია ცვლილებები, ასევე არ შეცვლილა გამოყენებული სტანდარტები და სხვა ტექნიკური სპეციფიკაციები;

ბ) დადასტურება, რომ არ შეცვლილა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ტექნოლოგიური განვითარების დონე;

გ) პროდუქტის ნახაზები, სურათები, ნიშანდება და მწარმოებლის მიერ შედგენილი სხვა ინფორმაცია;

დ) თუ შესაბამისობის შემფასებელი პირისთვის III კატეგორიის პროდუქტები ჯერ არ არის ხელმისაწვდომი, VII დანართის შესაბამისად პროდუქტის ზედამხედველობის ფარგლებში, შემთხვევით შერჩეული ინტერვალებით განხორციელებული შემოწმებების შედეგები, ან VIII დანართის შესაბამისად საკუთარი ხარისხის სისტემის ფარგლებში განხორციელებული აუდიტის შედეგები.

8. იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისობის შემფასებელი პირი დაადასტურებს, რომ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ დამტკიცებულ ტიპს არ განუცდია ცვლილებები და არ შეცვლილა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ტექნოლოგიური განვითარების დონე, გამოყენებულ უნდა იქნეს შემოწმების გამარტივებული პროცედურა და არ უნდა იქნეს გამოყენებული ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული გამოცდისა და შემოწმების პროცედურები. აღნიშნულ შემთხვევაში შესაბამისობის შემფასებელი პირი ვალდებულია განაახლოს ტიპის გამოცდის სერტიფიკატი.

9. სერტიფიკატის განახლებასთან დაკავშირებული ღირებულება გამარტივებული პროცედურებთან დაკავშირებული ადმინისტრირების ტვირთის პროპორციული უნდა იყოს.

10. იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისობის შემფასებელი პირი დაადგენს, რომ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ტექნოლოგიური განვითარების დონემ ცვლილებები განიცადა, გამოყენებულ უნდა იქნეს ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურა.

11. გადამოწმების შემდგომ, თუ შესაბამისობის შემფასებელი პირი დაადგენს, რომ ტიპის გამოცდის სერტიფიკატს გაუვიდა მოქმედების ვადა, იგი ვალდებულია გააუქმოს მისი მოქმედება, ხოლო მწარმოებელი ვალდებულია ინდივიდუალური დაცვის საშუალება ბაზარზე არ განათავსო