1. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადის ამოწურვიდან ან უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტიდან არაუგვიანეს 1 თვისა აირჩევა საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი თავმჯდომარე.

2. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის არჩევისათვის საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის (შემდგომში –

პლენუმი) დახურულ სხდომას იწვევს და თავმჯდომარეობს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე (იმ შემთხვევაში, როდესაც არჩეულია საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ორივე მოადგილე, სხდომას ხელმძღვანელობს უხუცესი მოადგილე) ან უხუცესი მოსამართლე (იმ შემთხვევაში, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის არცერთი მოადგილე არ არის არჩეული). საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი უფლებამოსილია, აირჩიოს თავმჯდომარე, თუ მის სხდომას ესწრება არანაკლებ 6 წევრი.

3. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს საკონსტიტუციო სასამართლოს, სულ ცოტა, 3 წევრს სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადის ამოწურვიდან ან უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტიდან 2 კვირის ვადაში. საკონსტიტუციო სასამართლოს ერთმა წევრმა შეიძლება ხელი მოაწეროს მხოლოდ ერთი კანდიდატურის წარდგენას. თავმჯდომარის კანდიდატურის წარდგენა ხდება ამ მუხლით გათვალისწინებული პლენუმის სხდომის დაწყებისას სხდომის თავმჯდომარისთვის ან/და სხდომამდე საკონსტიტუციო სასამართლოს საორგანიზაციო დეპარტამენტისათვის მოსამართლეების მიერ ხელმოწერილი დოკუმენტის ჩაბარებით.

4. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სხდომის თავმჯდომარეობაზე უფლებამოსილი პირის კანდიდატურა წარდგენილია საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე, სხდომას იწვევს და თავმჯდომარეობს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული რიგითობის მიხედვით (უხუცესი მოადგილე/მოადგილე/უხუცესი წევრი) სასამართლოს ის წევრი, რომელიც არ არის წარდგენილი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურაზე.

5. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სხდომის თავმჯდომარეობაზე უფლებამოსილი პირის კანდიდატურა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად წარედგინა სხდომის დანიშვნის შემდეგ ან სხდომის დაწყებისას, სხდომის თავმჯდომარეობაზე უფლებამოსილი პირი იცვლება ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი წესით.

6. სხდომას ხსნის სხდომის თავმჯდომარე, რომელიც სასამართლოს წევრებს მოახსენებს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატის/კანდიდატების შესახებ. შემდგომ სიტყვა ეძლევა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს/კანდიდატებს. მოსამართლეებს შეუძლიათ დაუსვან კანდიდატს/კანდიდატებს შეკითხვები, ასევე მოკლე სიტყვით მიმართონ სხდომის მონაწილეებს.

7. გამოსვლების დასრულების შემდეგ სხდომის თავმჯდომარე სხდომას დასამტკიცებლად წარუდგენს კენჭისყრის ბიულეტენის ფორმას და მისი შევსების წესს, რომელსაც სხდომა ამტკიცებს სხდომის დამსწრე მოსამართლეთა ხმების უმრავლესობით, ღია კენჭისყრით. დამტკიცებული ფორმის ბიულეტენი მზადდება სხდომის მონაწილე მოსამართლეთა ოდენობით.

8. ბიულეტენის ფორმისა და მისი შევსების წესის დამტკიცების შემდეგ, სხდომის თავმჯდომარე სხდომის მონაწილეთა თანდასწრებით, ლუქავს საარჩევნო ყუთს და იწყებს კენჭისყრის მონაწილეთათვის ბიულეტენების გადაცემას.

9. ბიულეტენი სხდომის მონაწილე მოსამართლეებს გადაეცემათ მათი გვარების ანბანური თანმიმდევრობის მიხედვით. ბიულეტენის გადაცემისას სხდომის თავმჯდომარე სვამს საკონსტიტუციო სასამართლოს ბეჭედს და აწერს ხელს ბიულეტენის მეორე მხარეზე. სხდომის თავმჯდომარე ხმას აძლევს ბოლოს.

10. კენჭისყრა ფარულია. ბიულეტენის მიღების შემდეგ მოსამართლე მას ავსებს ამისათვის ცალკე გამოყოფილ ოთახში ან კაბინაში, სადაც აკრძალულია სხვა პირთა ყოფნა და შექმნილია კენჭისყრის ფარულობის უზრუნველყოფის პირობები. მოსამართლე შევსებულ ბიულეტენს დაკეცილ მდგომარეობაში, ისე რომ არ ჩანდეს, ვის მისცა ხმა, ათავსებს გამჭვირვალე საარჩევნო ყუთში. სასამართლოს წევრი არ არის უფლებამოსილი თავი შეიკავოს ხმის მიცემისაგან.

11. კენჭისყრის დასრულების შემდეგ სხდომის თავმჯდომარე, სხდომის მონაწილეთა თანდასწრებით, ხსნის საარჩევნო ყუთს, ამოწმებს ბიულეტენების ნამდვილობას და ითვლის ხმებს, რის შემდეგაც ადგენს კენჭისყრის ოქმს. ყუთის გახსნის შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს ნებისმიერ წევრი უფლებამოსილია გაეცნოს ბიულეტენებს.

12. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით ბათილად ცნობს ბიულეტენს თუ:

ა) საარჩევნო ყუთის გახსნის შემდეგ ბიულეტენზე არ აღმოჩნდა საკონსტიტუციო სასამართლოს ბეჭედი ან/და სხდომის თავმჯდომარის ხელმოწერა;

ბ) შეუძლებელია იმის დადგენა, რომელ კანდიდატს მისცა ხმა საკონსტიტუციო სასამართლოს წევრმა.

13. კენჭისყრის ოქმში აღინიშნება:

ა) თანამდებობა, რომლის დასაკავებლადაც ჩატარდა არჩევნები;

ბ) კენჭისყრის ჩატარების დრო და ადგილი;

გ) მონაცემები კანდიდატის/კანდიდატების შესახებ;

დ) გაცემული ბიულეტენების რაოდენობა;

ე) საარჩევნო ყუთში არსებული ბიულეტენების რაოდენობა;

ვ) ბათილი ბიულეტენების რაოდენობა;

ზ) კანდიდატის/კანდიდატების მიერ მიღებული ხმების რაოდენობა;

თ) კენჭისყრის შედეგები.

14. კენჭისყრის ოქმს სხდომა ამტკიცებს სხდომის დამსწრე მოსამართლეთა ხმების უმრავლესობით, ღია კენჭისყრით. დამტკიცების შემდეგ ოქმს ხელს აწერს სხდომის მონაწილე ყველა მოსამართლე.

15. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ არჩეულად ითვლება კანდიდატი, რომელიც მიიღებს ხუთ ან მეტ ხმას.

16. თუ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატად 2 ან 3 პირი დასახელდა და ვერცერთმა ვერ მიიღო თავმჯდომარედ არჩევისთვის საკმარისი ხმები, იმავე დღეს იმართება კენჭისყრის მე-2 ტური, რომელში მონაწილეობის უფლებაც აქვს საუკეთესო შედეგის მქონე 2 კანდიდატს. თუ მეორე ადგილზე ერთნაირი შედეგით 2 კანდიდატი გავიდა, კენჭისყრის მე-2 ტურში სამივე კანდიდატი მონაწილეობს. თუ რომელიმე კანდიდატმა მოხსნა თავისი კანდიდატურა, კენჭი ეყრება დარჩენილ კანდიდატს/კანდიდატებს.

17. კენჭისყრის მეორე ტური ტარდება ამ მუხლის მე-7-მე-14 პუნქტებით დადგენილი პროცედურით.

18. თუ ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო მოსამართლეთა ხმების საჭირო ოდენობა, ერთი კვირის ვადაში, ამ მუხლით დადგენილი წესით, მოიწვევა და იმართება საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის ახალი სხდომა.

19. პლენუმის სხდომას ესწრება საორგანიზაციო დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომელი, რომელიც ადგენს სხდომის ოქმს. ოქმში აღინიშნება ინფორმაცია სხდომის მიმდინარეობის და სხდომაზე გამოთქმული მოსაზრებების შესახებ. ოქმს ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე და საორგანიზაციო დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომელი.

20. სხდომის ოქმი დაუყოვნებლივ გადაეცემა საკონსტიტუციო სასამართლოს საორგანიზაციო დეპარტამენტს და ინახება არქივში. სხდომის ოქმს დაერთვის დალუქულ კონვერტში მოთავსებული ბიულეტენები და კენჭისყრის ოქმ