1. აკრედიტაციის წესებისა და პროცედურების მიზნებისთვის გამოიყენება ქვემოთ მოცემული ტერმინები და განმარტებები.
ა) აკრედიტაცია – ოფიციალური საექსპერტო შეფასება, რომლის საფუძველზე, აკრედიტაციის ცენტრი აკრედიტაციის მოწმობის გაცემით ოფიციალურად აღიარებს შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს/პირის კომპეტენტურობას, დამოუკიდებლობას და მიუკერძოებლობას შესაბამისობის შეფასების სფეროში განსაზღვრული საქმიანობის განხორციელებისათვის.
ბ) შშო – შესაბამისობის შემფასებელი ორგანო ან პირი, რომელიც ახორციელებს შესაბამისობის შეფასების საქმიანობას და არის აკრედიტებული ან შეიძლება იყოს აკრედიტაციის ობიექტი.
გ) აკრედიტაციის ციკლი – მოიცავს აკრედიტაციის მინიჭებიდან მოქმედების 4-წლიან პერიოდს, მაგრამ არაუმეტეს 48 თვისა. აკრედიტაციის მინიჭების თარიღად ითვლება აკრედიტაციის ცენტრის მიერ შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოცემის თარიღი.
დ) აკრედიტაციის ციკლის პროგრამა – პროგრამა, რომელშიც მოცემულია სათანადო ინფორმაცია აკრედიტაციის ციკლის განმავლობაში კონკრეტული შშო-ს შეფასებების თაობაზე აკრედიტაციის ცენტრის მიერ დამტკიცებული აკრედიტაციის სქემების შესაბამისად.
ე) შეფასების გეგმა – შემფასებელთა ჯგუფის მიერ შემუშავებული გეგმა, რომელშიც მოცემულია იმ ქმედებებისა და ტექნიკის აღწერა, რომელიც გამოიყენება შშო-ს შეფასების დროს.
ვ) გადაწყვეტილება აკრედიტაციაზე – აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტაციის კომიტეტზე მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც ფორმდება აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორის განკარგულებით და დაკავშირებულია აკრედიტირებული შშო-ს ან აკრედიტაციის მაძიებელი შშო-ს აკრედიტაციის მინიჭების, შენარჩუნების, შეჩერების (როგორც სრულად ასევე ნაწილობრივ), გაუქმების, აკრედიტაციის შემცირების, აკრედიტაციის სფეროს გაფართოების ან განმეორებითი აკრედიტაციის თაობაზე.
ზ) აკრედიტაციის სქემა – აკრედიტაციის ცენტრის მიერ საქართველოს კანონმდებლობისა და შესაბამისი აკრედიტაციის სფეროში საერთაშორისოდ აღიარებული ორგანიზაციების მიერ მიღებული სტანდარტებისა და სახელმძღვანელო დოკუმენტების საფუძველზე დამტკიცებული შესაბამისი აკრედიტაციის სქემა, რომლის შესაბამისობაზეც ტარდება შშო-ს აკრედიტაცია.
თ) ტექნიკურ მრჩეველთა კომიტეტი – კომიტეტი, რომელიც უზრუნველყოფს აკრედიტაციის ცენტრის საქმიანობისთვის ტექნიკური დახმარების გაწევას რეკომენდაციების/წინადადებების გაცემის გზით. მის შემადგენლობაში არიან მიუკერძოებელი ექსპერტები, რომლებსაც აქვთ შესაბამისი განათლება, გამოცდილება, კონკრეტულ აკრედიტაციის სფეროში ტექნიკური კომპეტენცია და შესაბამისი დარგის სათანადო ცოდნა.
ი) შეფასება – აკრედიტაციის ცენტრის მიერ საქართველოს კანონმდებლობისა და შესაბამის აკრედიტაციის სფეროში საერთაშორისოდ აღიარებული ორგანიზაციების მიერ მიღებული სტანდარტებისა და სახელმძღვანელო დოკუმენტების საფუძველზე შშო-ს კომპეტენტურობის, დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის შეფასება, რომელიც ხორციელდება კონკრეტული აკრედიტაციის სფეროს ფარგლებში.
კ) მაკორექტირებელი ღონისძიება – შშო-ს მიერ განხორციელებული ღონისძიებები, რომელიც მიმართულია შეუსაბამობების და მათი მიზეზების/საფუძვლების აღმოსაფხვრელად, რომელიც უზრუნველყოფს არსებული შეუსაბამობის, უზუსტობების ან სხვა არასასურველი შემთხვევების განმეორებითობის თავიდან აცილებას.
ლ) ჯგუფის ხელმძღვანელი – შემფასებელი, რომელიც სრულად არის პასუხისმგებელი აკრედიტაციის შეფასების მართვაზე.
მ) მოქნილი სფერო – აკრედიტაციის ცენტრის მიერ შშო-სთვის განსაზღვრული უფლება, რომლის შესაბამისად, შშო-ს შეუძლია განახორციელოს მინიჭებულ აკრედიტაციის სფეროში მეთოდოლოგიის ან სხვა პარამეტრის ცვლილება.
ნ) აკრედიტაციის შენარჩუნება – აკრედიტაციის ცენტრის მიერ გატარებული შესაბამისი ღონისძიებები, მათ შორის, აკრედიტირებული შშო-ს ყოველწლიური შეფასება, იმის დასადგენად, განაგრძობს თუ არა ის აკრედიტაციის მოთხოვნების შესრულებას, გარდა განმეორებითი აკრედიტაციის შემთხვევისა.
ო) აპელაცია – აკრედიტაციის ცენტრის მიმართ შშო-ს მიერ წერილობით წარდგენილი მოთხოვნა, გადახედილ იქნეს მის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება.
პ) საჩივარი – ნებისმიერი პირის ან ორგანიზაციის მიერ აკრედიტაციის ცენტრის ან აკრედიტებული შშო-ს საქმიანობასთან დაკავშირებული უკმაყოფილების გამოხატვა აკრედიტაციის ცენტრის მხრიდან შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
ჟ) შეუსაბამობა – დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა/უგულვებელყოფა.
რ) ლაბორატორიათშორისი შედარება – წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად, ორი ან მეტი ლაბორატორიის ან ინსპექტირების ორგანოს გაზომვების ან ტესტირების ორგანიზება, შესრულება და შეფასება.
ს) საკვალიფიკაციო ტესტირება – წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად, ლაბორატორიათშორისი შედარების მონაწილის შესრულებული სამუშაოს შეფასება.
ტ) ლოკაცია – სათავო ოფისი, უბანი, ფილიალი, შესაბამისი ადგილმდებარეობა, სადაც შშო-ს მიერ ხორციელდება შესაბამისობის შეფასება და მასთან დაკავშირებული საქმიანობა, მათ შორის, ძირითადი საქმიანობა, მობილური/მოძრავი დაწესებულება, ვირტუალური ადგილი, სადაც პერსონალი მუშაობს დისტანციურად ან ლოკაცია, რომლის საშუალებით შშო პროცესებს მართავს ინტერნეტით ან სხვა საკომუნიკაციო საშუალებით.
უ) ძირითადი საქმიანობა – საქმიანობა, რომელიც გავლენას ახდენს შშო-ს კომპეტენციაზე, მათ შორის, შესაბამისი პოლიტიკის, პროცესის ან/და პროცედურის შემუშავება, შესაბამისობის შეფასების ღონისძიებების დაგეგმვა, შესაბამისობის შეფასების საქმიანობის შედეგების განხილვა, დამტკიცება, გადაწყვეტილების მიღება.
ფ) ადგილზე შეფასება – შემფასებელთა ჯგუფის მიერ შშო-ს ლოკაციებზე ვიზიტი;
ქ) დისტანციური შეფასება – შემფასებელთა ჯგუფის მიერ შშო-ს ლოკაციების დისტანციურად შეფასება ნებისმიერი ელექტრონული საშუალებების/მატარებლების გამოყენებით;
ღ) აკრედიტაციის შეჩერება – აკრედიტებული შშო-ს აკრედიტაციის სფეროს დროებით სრულად ან ნაწილობრივ შეჩერება, რა დროსაც შშო-ს უფლება არ აქვს თავის საქმიანობისას გამოიყენოს აკრედიტაციის სიმბოლო.
ყ) აკრედიტაციის შემცირება – შშო-ს აკრედიტაციის სფეროს ნაწილობრივ გაუქმება.
შ) აკრედიტაციის სფეროს გაფართოება – შშო-ს აკრედიტებულ სფეროზე შესაბამისობის შეფასების საქმიანობის დამატება.
ჩ) აკრედიტაციის გაუქმება – აკრედიტაციის გაუქმება შშო-ს აკრედიტაციის მოწმობის დანართით განსაზღვრულ ყველა სფეროში.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მოცემული ტერმინებისა და განმარტებების გარდა, აკრედიტაციის წესებისა და პროცედურების მიზნებისთვის გამოიყენება ასევე საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“, ISO/IEC 17011, ISO/IEC 17000 და ISO/IEC 17000 სერიის აკრედიტაციის სტანდარტების შესაბამისი ტერმინები და განმარტებებ