1. თუ შშო არ ითხოვს წინასწარ შეფასებას ან ითხოვს წინასწარი შეფასების შედეგად, აკრედიტაციის პროცესის გაგრძელებას, მას შემდეგ, რაც მის მიერ ყველა საჭირო დოკუმენტები (მათ შორის, წინასწარი შეფასების შედეგად, აკრედიტაციის პროცესის გაგრძელების შემთხვევაში – შშო-ს განაცხადი) სრულად იქნება წარმოდგენილი აკრედიტაციის ცენტრში, აკრედიტაციის ცენტრი იწყებს შემფასებელთა ჯგუფის ფორმირების პროცესს, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს განცხადებულ სფეროს, რათა მოხდეს წარმოდგენილი დოკუმენტების შესაბამისი ანალიზი.

2. შეფასების მომზადების მიზნით ხორციელდება შემდეგი ღონისძიებები:

ა) აკრედიტაციის ცენტრის მიერ განსაზღვრული ჯგუფის ხელმძღვანელი ორგანიზებას უკეთებს შემფასებელთა ჯგუფს განცხადებული აკრედიტაციის სფეროს შესაბამისად, რომელშიც შედიან ხელშეკრულების საფუძველზე მოწვეული სპეციალისტები (ტექნიკური შემფასებლები/ტექნიკური ექსპერტები), რომელთა კომპეტენტურობაც დადასტურებულია „აკრედიტაციის ცენტრის შემფასებელთა ტრენინგის, კვალიფიკაციის მინიჭების და შენარჩუნების პროცედურას“ შესაბამისად. ასევე, აუცილებლობის შემთხვევაში, დაინტერესებული ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლები და სხვა პირები დამკვირვებლის სტატუსით;

ბ) შშო-სთან ხელშეკრულების გაფორმებამდე ჯგუფის ხელმძღვანელი შემფასებელთა ჯგუფის შემადგენლობას აცნობს განმცხადებელ შშო-ს ელფოსტის საშუალებით ან პირადად. განმცხადებელს უფლება აქვს 5 კალენდარული დღის განმავლობაში მოითხოვოს შემფასებელთა ჯგუფის ან მისი რომელიმე წევრის აცილება არგუმენტირებული წერილობითი მომართვის საფუძველზე იმ შემთხვევაში, თუ:

ბ.ა) არსებობს დადასტურებული ინტერესთა კონფლიქტი;

ბ.ბ) არსებობს მიუკერძოებლობის დარღვევის რისკი.

3. აკრედიტაციის ცენტრი განიხილავს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში მოცემულ წერილობით მომართვას და განმცხადებელს აცნობებს მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე.

4. თუ მხარეები, ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში მოცემული შემთხვევის გარდა სხვა მიზეზით ვერ შეთანხმდებიან შემფასებელთა ჯგუფის შემადგენლობაზე, ჯგუფის ხელმძღვანელის ინფორმაციის საფუძველზე, აკრედიტაციის ცენტრის მიერ შესაძლოა განხორციელდეს  აკრედიტაციის პროცესის შეწყვეტა და შესაბამისი შშო-ს ოფიციალური ინფორმირება.

5. ჯგუფის ხელმძღვანელი განმცხადებლის მხრიდან შემფასებელთა ჯგუფის შემადგენლობის შესახებ თანხმობის მიღების და ტექნიკურ შემფასებელთან/ტექნიკურ ექსპერტთან ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ ელფოსტის საშაულებით უგზავნის მათ საჭირო ინფორმაციას, იმისათვის რომ შესაბამისმა შემფასებლებმა/ექსპერტებმა შეძლონ დროულად გაეცნონ განმცხადებლის საქმიანობას და წარმოადგინონ სათანადო წინადადებები შეფასების გეგმის მოსამზადებლად. შემფასებელთა ჯგუფის მიერ დოკუმენტაცია და ჩანაწერები განიხილება ადგილზე შეფასებამდე.

6. თუ შემფასებელთა ჯგუფი დოკუმენტებისა და ჩანაწერების განხილვის დროს გამოავლენს ისეთ შეუსაბამობებს, რამაც შეიძლება შეუძლებელი გახადოს ადგილზე შეფასების გაგრძელება, შეფასების პროცესი უნდა გაგრძელდეს მხოლოდ შშო-ს მიერ აღნიშნული შეუსაბამობების გამოსწორების შემდეგ, რომელთა გამოსწორებისათვის შშო-ს ეძლევა ამ ინფორმაციის მიწოდებიდან არაუმეტეს 2 (ორი) თვის ვადა.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტში მოცემული შემთხვევის გარდა, შემფასებელთა ჯგუფი უფლებამოსილია, სხვა შეუსაბამობების მაკორექტირებელი ღონისძიებების დასრულებამდეც გააგრძელოს შეფასების პროცესი, თუ გარემოებები აღნიშნულის საშუალებას იძლევა.

8. აკრედიტაციის ციკლის პროგრამამ აკრედიტაციის ციკლის განმავლობაში უნდა უზრუნველყოს შშო-ს საქმიანობაში ჩართული მთელი პერსონალის შეფასება.

9. იმ შემთხვევაში, თუ ჯგუფის ხელმძღვანელს გააჩნია საკმარისი კომპეტენცია ტექნიკური სფეროს შესაფასებლად, ამ შემთხვევაში შესაძლებელია, რომ მანვე შეითავსოს ტექნიკური შემფასებლის/ტექნიკური ექსპერტის ფუნქციაც.

10. აკრედიტაციის ცენტრი, საჭიროების შემთხვევაში, გამოიყენებს თავის უფლებას შეფასებაში ჩართოს უცხოური აკრედიტაციის ორგანოს შემფასებლები. ასეთ შემთხვევაში, განმცხადებელი ვალდებულია გადაიხადოს მოწვეული უცხოელი შემფასებლების საფასური, რომლის გაანგარიშება ხორციელდება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი – „აკრედიტაციის ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განსაზღვრის წესის“ შესაბამისად.

11. აკრედიტაციის ცენტრი მოითხოვს შემფასებლებისგან, მოწვეული ტექნიკური შემფასებლებისაგან/ექსპერტებისგან, რომ მათ დაიცვან კონფიდენციალობა და მიუკერძოებლობა, რაზედაც ყოველი შეფასების დაწყებამდე აკრედიტაციის ცენტრს და მოწვეულ პირებს შორის ფორმდება ხელშეკრულება აღნიშნული ვალდებულებების გათვალისწინებით და შესაბამისი დოკუმენტი.

12. შეფასების წინ შემფასებელთა ჯგუფი შეიმუშავებს შეფასების გეგმას. შეფასების გეგმის მომზადებისას შემფასებელთა ჯგუფი მხედველობაში მიიღებს იმ რისკებს, რომელიც შესაძლოა დაკავშირებული იყოს განმცხადებლის საქმიანობასთან, ლოკაციასთან, პერსონალთან, განცხადებული აკრედიტაციის სფეროსთან მიმართებაში და ა.შ..

13. შეფასების გეგმის მომზადების დროს შემფასებელთა ჯგუფი ახორციელებს დაკვირვებას განმცხადებელის საქმიანობაზე ადგილზე ან დისტანციურად ან/და შეფასების ორივე ტექნიკის ერთობლიობის გამოყენებით, რაც დაფუძნებულია შშო-ს შეფასების დროს გამოვლენილ რისკებზე. შეფასების გეგმა შესაძლოა მოიცავდეს ქვემოთ მოყვანილი ერთ-ერთ შეფასების ტექნიკას ან სხვადასხვა შეფასების ტექნიკის ერთობლიობას:

ა) წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვა – მათ შორის, შშო-ს ხარისხის დოკუმენტაციის გადახედვა;

ბ) ჩანაწერების/ფაილების განხილვა – მათ შორის, შშო-ს განხორციელებული საქმიანობის ოქმების, ანგარიშების და სხვა დაკავშირებული დოკუმენტაციის შეფასება;

გ) ადგილზე შეფასება – გულისხმობს შემფასებელთა ჯგუფის მიერ შშო-ს ლოკაციებზე ვიზიტს;

დ) დისტანციური შეფასება – გულისხმობს შემფასებელთა ჯგუფის მიერ შშო-ს ლოკაციების დისტანციურად შეფასებას ელექტრონული საშუალებების/მატარებლების გამოყენებით;

ე) კომპეტენციის დადასტურება შესაბამისი საკვალიფიკაციო ტესტირების ან ლაბორატორიათშორისი შედარების საფუძველზე;

ვ) არაგეგმური ვიზიტი – ვიზიტი გაფრთხილების გარეშე წარმოქმნილი გარემოებების გათვალისწინებით;

ზ) გასაუბრება/ინტერვიუ – პერსონალის კომპეტენციის დადასტურება გასაუბრების გზით;

თ) პრაქტიკულ საქმიანობაზე დაკვირვება – განცხადებული ან/და მინიჭებული აკრედიტაციის სფეროს ფარგლებში პრაქტიკული სამუშაოს განხორციელების პროცესზე დასწრება და მისი შეფასება;

ი) გაზომვების აუდიტი – შშო-ს მიერ განხორციელებული სხვადასხვა სახის გაზომვების შეფასება;

კ) ვალიდაციის აუდიტი – შშო-ს მიერ განხორციელებული ვალიდაციის პროცესის შეფასება;

ლ) ლაბორატორიათაშორისი შედარებების და საკვალიფიკაციო ტესტირების შედეგების გადახედვა – შშო-ს მიერ მიღებული შედეგების შეფასება.

14. განმცხადებელმა უნდა უზრუნველყოს აკრედიტაციის ცენტრის შემფასებლების დაშვება ყველა სამუშაო ადგილზე შესაბამისობის შეფასების პროცესზე დაკვირვების ჩატარების მიზნით.

15. ამ მუხლში მოცემული პროცედურები გამოიყენება როგორც პირველადი აკრედიტაციის, აკრედიტაციის სფეროს გაფართოების, ასევე აკრედიტაციის შენარჩუნების მიზნით განსახორციელებელი ყოველწლიური და არაგეგმური შეფასებისა და განმეორებითი აკრედიტაციის დროს, შესაბამისი თავისებურებების გათვალისწინები