1. ამ ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისათვის, ინდივიდუალური დაცვის საშუალების დამოუკიდებელი მესამე პირის მიერ განსახორციელებელი შესაბამისობის შეფასების განხორციელების უფლება აქვთ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აკრედიტებულ ან ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ან ევროკავშირის წევრ ქვეყნებში აკრედიტებულ შესაბამისობის შემფასებელ პირებს, რომლებიც ამ მიზნით რეგისტრირდებიან აკრედიტაციის ერთიან ეროვნულ ორგანოში – აკრედიტაციის ცენტრში (შემდგომში – აკრედიტაციის ცენტრი).

2. შესაბამისობის შემფასებელი პირი უნდა წარმოადგენდეს მის მიერ შემოწმებული ინდივიდუალური დაცვის საშუალების მწარმოებლისგან ან/და ორგანიზაციისგან დამოუკიდებელ მესამე პირს. შესაბამისობის შემფასებელი პირი, რომელიც გაწევრიანებულია ბიზნეს ასოციაციაში ან პროფესიულ ფედერაციაში, რომელიც პასუხისმგებელია ან ჩართულია ინდივიდუალური დაცვის საშუალების დაპროექტებაში, წარმოებაში, მოწოდებაში, აწყობაში, გამოყენებასა ან მომსახურებაში, უფლებამოსილია განახორციელოს ამ ინდივიდუალური დაცვის საშუალების შესაბამისობის შეფასება, თუ დაამტკიცებს დამოუკიდებლობასა და ინტერესთა კონფლიქტის არარსებობას.

3. შესაბამისობის შემფასებელი პირი, მისი ხელმძღვანელობა და შესაბამისობის შეფასების პროცესში განხორციელებულ ქმედებებზე უშუალოდ პასუხისმგებელი პერსონალი, არ უნდა იყოს იმ ინდივიდუალური დაცვის საშუალების დამპროექტებელი, მწარმოებელი, მიმწოდებელი, მემონტაჟე, მყიდველი, მესაკუთრე, მომხმარებელი ან მომსახურების გამწევი, რომელსაც თავად აფასებს, ან რომელიმე ამ პირის ავტორიზებული წარმომადგენელი. აღნიშნული არ კრძალავს შეფასებული ინდივიდუალური დაცვის საშუალების შესაბამისობის შემფასებელი პირის მიერ მისი საქმიანობისთვის ან პირადი მიზნებისთვის გამოყენებას. აღნიშნულ პირებს არა აქვთ უფლება უშუალოდ ან წარმომადგენლობითი სახით მონაწილეობდნენ პროექტირებაში, წარმოებაში, რეალიზაციაში ან ინდივიდუალური დაცვის საშუალების მომსახურეობასა და შეკეთებაში. ისინი არ უნდა იყვნენ ჩართულნი ისეთ საქმიანობაში, რომელიც საფრთხეს შეუქმნის მათ დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას შესაბამისობის შეფასებისას. აღნიშნული ვალდებულება ასევე ვრცელდება საკონსულტაციო მომსახურებაზე.

4. შესაბამისობის შემფასებელი პირი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ მისი შვილობილი საწარმოებისა და ქვეკონტრაქტორების საქმიანობა გავლენას არ ახდენდეს მათ მიერ შესაბამისობის შეფასების ღონისძიებების ჩატარების კონფიდენციალურობაზე, ობიექტურობასა და მიუკერძოებლობაზე.

5. შესაბამისობის შემფასებელი პირი და მისი პერსონალი ვალდებულია შესაბამისობის შეფასების ღონისძიებები განახორციელონ კეთილსინდისიერად, გააჩნდეთ საჭირო ტექნიკური ცოდნა სპეციფიკურ სფეროში და თავისუფალნი იყვნენ ფინანსური ან/და ნებისმიერი ზეწოლისაგან ან მოტივაციისგან, რამაც შესაძლოა გავლენა იქონიოს მათ განსჯაზე ან შესაბამისობის შეფასების შედეგებზე, განსაკუთრებით იმ პირებთან ან პირთა ჯგუფთან მიმართებაში, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ამ ღონისძიებების შედეგებით.

6. შესაბამისობის შემფასებელ პირს უნდა შეეძლოს V, VII, და VIII დანართებით გათვალისწინებული იმ შესაბამისობის შეფასების ფუნქციების შესრულება, რომელთა განსახორციელებლადაც მოხდა მისთვის აკრედიტაციის მინიჭება. მათ შორის მაშინაც, როდესაც შესაბამისობის შეფასების პროცედურა ხორციელდება ამ პირის სახელით.

7. შესაბამისობის შეფასების პროცედურის განხორციელებისას, მისი აკრედიტაციის სფეროში შემავალი ყოველი ინდივიდუალური დაცვის საშუალებისთვის შესაბამისობის შემფასებელი პირი ვალდებულია ნებისმიერ დროს გააჩნდეს:

ა) პერსონალი, რომელსაც გააჩნია ტექნიკური ცოდნა და საკმარისი და სათანადო გამოცდილება შესაბამისობის შეფასების განხორციელებისთვის;

ბ) პროცედურები, რომელთა მიხედვითაც ხორციელდება შესაბამისობის შეფასება, რაც უზრუნველყოფს ამ პროცედურების გამჭვირვალობას და განმეორებით ჩატარების შესაძლებლობას. შესაბამისობის შემფასებელ პირს უნდა გააჩნდეს სათანადო პოლიტიკა და პროცედურები მის მიერ აკრედიტაციის ფარგლებში განხორციელებული ქმედებების სხვა ქმედებებისგან გასამიჯნად.

გ) პროცედურები იმ ქმედებების შესასრულებლად, რომლებიც ითვალისწინებს დაგეგმილი საქმიანობის ზომას, საქმიანობის სფეროს, სტრუქტურას, ტექნოლოგიის სირთულის დონეს და წარმოების პროცესის მასობრივ ან სერიულ ხასიათს.

8. შესაბამისობის შემფასებელ პირს უნდა გააჩნდეს შესაბამისობის შეფასების პროცედურასთან დაკავშირებული ტექნიკური და ადმინისტრაციული ფუნქციების სათანადოდ განხორციელებისთვის აუცილებელი საშუალებები და ხელი მიუწვდებოდეს აუცილებელ ინდივიდუალური დაცვის საშუალებასა და საშუალებებზე.

9. შესაბამისობის შემფასებელი პირი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ შესაბამისობის შეფასების ღონისძიებების განხორციელებაზე პასუხისმგებელ პერსონალს:

ა) გააჩნდეს მაღალი დონის ტექნიკური და პროფესიული მომზადება შესაბამისობის შემფასებელი პირის აკრედიტაციის ფარგლებში განსახორციელებელი ფუნქციების შესასრულებლად;

ბ) ჰქონდეს შესაბამისობის შეფასების მოთხოვნების დამაკმაყოფილებელი ცოდნა და სათანადო უფლებამოსილება შეფასების განსახორციელებლად;

გ) ჰქონდეს აუცილებელი მოთხოვნების, შესაბამისი სტანდარტებისა და კანონმდებლობის შესახებ სათანადო ცოდნა;

დ) შეეძლოს იმ სერტიფიკატების, ჩანაწერებისა და ანგარიშების მომზადება, რომლებიც ადასტურებენ შეფასების განხორციელებას.

10. შესაბამისობის შემფასებელი პირი ვალდებულია უზრუნველყოს შესაბამისობის შემფასებელი პირის, მისი ხელმძღვანელობისა და შეფასებაზე პასუხისმგებელი პერსონალის მიუკერძოებლობა. შესაბამისობის შემფასებელი პირის ხელმძღვანელობისა და შემფასებელი პერსონალის შრომის ანაზღაურება არ უნდა იყოს დამოკიდებული ჩატარებული შეფასებების რაოდენობაზე ან ამ შეფასებების შედეგებზე.

11. შესაბამისობის შემფასებელ პირს უნდა გააჩნდეს პასუხისმგებლობის დაზღვევა.

12. შესაბამისობის შემფასებელი პირის პერსონალი ვალდებულია დაიცვას პროფესიული საიდუმლოება ყველა იმ ინფორმაციასთან მიმართებით, რომლის მოპოვებაც ხდება ტექნიკური რეგლამენტის V, VII და VIII დანართებით გათვალისწინებული ღონისძიებების ფარგლებში, გარდა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ასევე, უზრუნველყოფილი უნდა იყოს საავტორო უფლებების დაცვ