1. აკრედიტაციის შესახებ განაცხადის რეგისტრაციის შემდეგ, აკრედიტაციის ცენტრი პირველ რიგში ადგენს:
ა) არის თუ არა განაცხადით წარმოდგენილი საკითხი აკრედიტაციის საგანი;
ბ) შეესაბამება თუ არა წარმოდგენილი განაცხადი საქართველოს კანონმდებლობას, შესაბამის აკრედიტაციის სქემას და ამ აკრედიტაციის წესებითა და პროცედურებით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
2. თუ განაცხადი არ აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში მითითებულ პირობებს, აკრედიტაციის ცენტრი არ ატარებს აკრედიტაციის პროცესით გათვალისწინებულ შემდგომ პროცედურებს და განაცხადის განხილვაზე დასაბუთებულ უარს აცნობებს განმცხადებელს განაცხადის რეგისტრაციიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.
3. თუ განაცხადი აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში მითითებული პირობებს, მაშინ აკრედიტაციის ცენტრი ატარებს აკრედიტაციის პროცესით გათვალისწინებულ შემდგომ პროცედურებს და აკრედიტაციის ცენტრსა და განმცხადებელს შორის ფორმდება „შეთანხმება აკრედიტაციაზე“ და შესაბამისი ხელშეკრულება განაცხადის რეგისტრაციიდან 30 სამუშაო დღის ვადაში.
4. აკრედიტაციის საფასურის გაანგარიშება ხორციელდება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი – „აკრედიტაციის ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განსაზღვრის წესის“ შესაბამისად. აკრედიტაციის შედეგების მიუხედავად, განმცხადებელი ვალდებულია დადგენილი ოდენობით გადაიხადოს აკრედიტაციის სამუშაოებთან დაკავშირებული შესაბამისი საფასური.
5. განმცხადებელს შეუძლია ცალ-ცალკე გადაიხადოს განაცხადის განხილვისა და ძირითადი სამუშაოების (ადგილზე შეფასების) საფასური.
6. აკრედიტაციის ცენტრის მიერ ინიშნება განაცხადზე პასუხისმგებელი პირი, რომელიც აკრედიტაციის ცენტრის თანამშრომელია და პასუხისმგებელია ამ განაცხადის ადმინისტრაციულ მართვაზე საქმის მთლიანი მსვლელობის განმავლობაში.
7. აკრედიტაციის ტექნიკური მხარის შესრულებაზე (მათ შორის, – დოკუმენტების ანალიზი, ადგილზე შეფასება, შეფასების ანგარიშის მომზადება) პასუხისმგებელია შემფასებელი, რომელიც აკრედიტაციის ცენტრის გადაწყვეტილების მიხედვით, შეიძლება იყოს ჯგუფის ხელძღვანელი ან მოწვეული ტექნიკური შემფასებელი, რომელსაც აკრედიტაციის ცენტრის პროცედურის თანახმად, მინიჭებული აქვს შემფასებლის სტატუსი. ამ შემთხვევაში მოწვეულ შემფასებელთან ფორმდება ხელშეკრულება და მას განხილვისათვის გადაეცემა განაცხადთან დაკავშირებული სრული დოკუმენტები, მათ შორის, წინა ყოველწლიური შეფასებასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში). იგი ვალდებულია აკრედიტაციის ცენტრის მიერ საქმეზე გამოყოფილ ჯგუფის ხელმძღვანელს მიაწოდოს მის მიერ წარმოებული სამუშაოს შესახებ სრული ინფორმაცია (მათ შორის, მის მიერ მომზადებული ანგარიშები, განმცხადებელთან მიმოწერა, და ა.შ.).
8. შეფასებაში შესაძლებელია ჩართული იყოს ტექნიკური შემფასებელი/ტექნიკური ექსპერტი, პირი რომელიც არის აკრედიტაციის ორგანოს მიერ დანიშნული და რომელიც მუშაობს ჯგუფის ხელმძღვანელის პასუხისმგებლობის ქვეშ, ფლობს შესაფასებელი აკრედიტაციის სფეროს კონკრეტულ/ტექნიკურ ცოდნას ან უზრუნველყოფს ექსპერტიზას და შეფასებას არ ახორციელებს დამოუკიდებლად.
9. ჯგუფის ხელმძღვანელის კოორდინირებით, რომელსაც გადაეცა შესაბამისი შშო-ს განაცხადი განსახილველად, შემფასებელთა ჯგუფი ახორციელებს განაცხადის განხილვას, წარმოდგენილი დოკუმენტების ანალიზს და აფასებს განაცხადს შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით:
ა) არის თუ არა წარმოდგენილი განაცხადი აკრედიტაციის საგანი;
ბ) არსებობს თუ არა შემფასებელთა ჯგუფის სათანადო კომპეტენციის რესურსი და გადაწყვეტილების მიღების მექანიზმი, ასევე მათი მზაობა/ხელმისაწვდომობა დაგეგმილი შეფასების პროცესში;
გ) ტექნიკურ მრჩეველთა კომიტეტის მოწვევის აუცილებლობა განმცხადებლის ორგანიზაციის ტექნიკური კომპეტენციის შესაფასებლად;
დ) განმცხადებელი შშო-ს სტატუსის და საქმიანობის შესაბამისობა აკრედიტაციის ცენტრის მიერ საქართველოს კანონმდებლობასთან და შესაბამის აკრედიტაციის სფეროში საერთაშორისოდ აღიარებული ორგანიზაციების მიერ მიღებულ სტანდარტებთან და სახელმძღვანელო დოკუმენტებთან;
ე) ხორციელდება თუ არა აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტაცია იმ სფეროში, რომლისთვისაც შშო ითხოვს აკრედიტაციას და არსებობს თუ არა ამ სფეროზე ორმხრივი აღიარების შეთანხმება;
ვ) აკრედიტაციის ცენტრის საზღვარგარეთ აკრედიტაციის პოლიტიკა;
ზ) აკმაყოფილებს თუ არა შესაბამის აკრედიტაციის სქემაში მოცემულ შშო-ს მიერ გამოყენებული სქემის მფლობელის განსაზღვრულ განაცხადის მოთხოვნებს.
10. პირველადი აკრედიტაციის, დამატებითი სფეროს აკრედიტაციის, აკრედიტაციის სფეროს ცვლილებისა და განმეორებითი აკრედიტაციის შესახებ განაცხადების განხილვისას მოწმდება შეესაბამება თუ არა ორგანიზაციის სფერო შესაბამის სექტორში მოქმედი სფეროს ფორმირების სახელმძღვანელოს.
11. თუ გაკეთებულია განაცხადი მოქნილი სფეროს შესახებ, მოწმდება აკმაყოფილებს თუ არა იგი საგამოცდო და სამედიცინო ლაბორატორიების მოქნილი სფეროს აკრედიტაციის შესახებ პოლიტიკას PL-06 და სხვა შესაბამის მოთხოვნებს.
12. თუ ჯგუფის ხელმძღვანელი განხილვის დროს არ არის დარწმუნებული რაიმე საკითხთან დაკავშირებით, ის ამ საკითხს გადასცემს აკრედიტაციის სამსახურის უფროსს და საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება ჩატარდეს შესაბამისი კონსულტაცია სათანადოდ შექმნილ სამუშაო ჯგუფთან, ტექნიკურ მრჩეველთა კომიტეტთან ან შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან.
13. ხელშეკრულებით გათვალისწინებული აკრედიტაციის სამუშაოების საფასურის გადახდიდან 30 სამუშაო დღის განმავლობაში, ჯგუფის ხელმძღვანელი აწვდის განმცხადებელს დოკუმენტების განხილვის შედეგების თაობაზე ინფორმაციას აღმოჩენილი შეუსაბამობების მითითებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), განაცხადში მითითებულ საფოსტო ან/და ელფოსტის მისამართზე ან წერილობით გადასცემს ხელზე, რომელთა გამოსწორებისათვის განმცხადებელს ეძლევა ამ ინფორმაციის მიწოდებიდან არაუმეტეს 2 (ორი) თვის ვადა. თუ ამ ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნილი შეუსაბამობების გამოსწორების ამსახველი მტკიცებულებები სრულად არ იქნება წარმოდგენილი, განაცხადის განხილვის პროცესი შეწყდება და ჯგუფის ხელმძღვანელის ინფორმაციის საფუძველზე, აკრედიტაციის ცენტრის მიერ აღნიშნულის თაობაზე განხორციელდება შესაბამისი შშო-ს ინფორმირება. აღნიშნული მიზეზით, საქმის წარმოების შეწყვეტის შემდეგ, აკრედიტაციის მაძიებელმა შშო-მ სურვილის შემთხვევაში, თავიდან უნდა წარმოადგინოს განაცხადი აკრედიტაციაზე და გადაიხადოს შეფასების საფასური.
14. თუ განაცხადის შეფასების პროცესში ან პირველადი აკრედიტაციის შეფასების პროცესში, შშო-ს მხრიდან დადასტურდა თაღლითობის ფაქტი, ან შშო-ს განზრახ წარმოდგენილი აქვს ყალბი ინფორმაცია ან მალავს ინფორმაციას, აკრედიტაციაზე განაცხადის განხილვა და აკრედიტაციის პროცესი წყდება დაუყოვნებლივ და შშო-ს არ უბრუნდება გადახდილი საფასური. ამ შემთხვევაში, აკრედიტაციის ცენტრში განაცხადის ხელახალი შეტანა ხდება განაცხადის მიღებაზე უარის თქმის, ან აკრედიტაციის პროცესის შეწყვეტის დღიდან არანაკლებ 6 თვის გასვლის შემდეგ და ეს განაცხადი განიხილება, როგორც პირველადი აკრედიტაციის განაცხადი და მისი განხილვის პროცესში ასევე მხედველობაში მიიღება წინა განაცხადის მიღებაზე უარის თქმის, ან აკრედიტაციის პროცესის შეწყვეტის შესაბამისი მიზეზი.
15. ამ მუხლში მოცემული პროცედურები გამოიყენება როგორც პირველადი აკრედიტაციის, აკრედიტაციის სფეროს გაფართოების, ასევე აკრედიტაციის შენარჩუნების მიზნით განსახორციელებელი ყოველწლიური და არაგეგმური შეფასებისა და განმეორებითი აკრედიტაციის დროს, შესაბამისი თავისებურებების გათვალისწინები