1. თუ განმცხადებელმა შშო-მ მოითხოვა წინასწარი შეფასება, აღნიშნული ხორციელდება ამ მუხლის შესაბამისად. თუ წინასწარი შეფასება არ არის მოთხოვნილი, პროცესი გადადის აკრედიტაციის პროცესის შემდეგ ეტაპზე.

2. განმცხადებლის მოთხოვნის შემთხვევაში, აკრედიტაციის ცენტრი ახორციელებს წინასწარ ვიზიტს/შეფასებას, რომელიც არ გულისხმობს კონსულტაციის გაწევას. წინასწარი ვიზიტის ჩატარების საფუძვლად ჩაითვლება წინასწარი ვიზიტის მოთხოვნაზე გაკეთებული განაცხადი, რომელსაც სულ ცოტა თან უნდა ერთვოდეს შესაბამისი აკრედიტაციის სქემით გათვალისწინებული აკრედიტაციის სფერო. განმცხადებელი იხდის წინასწარი ვიზიტისათვის დადგენილ საფასურს.

3. წინასწარი ვიზიტი მოიცავს:

ა) აკრედიტაციის ცენტრის შემფასებლის/ჯგუფის ხელმძღვანელის მხრიდან განაცხადის და თანდართული დოკუმენტაციის მიმოხილვას და ადგილზე ვიზიტს, რომლის მიზანია განსაზღვროს აკრედიტაციის მაძიებელი შშო-ს მზადყოფნა აკრედიტაციის პროცედურების გასავლელად. წინასწარი ვიზიტისას შემფასებელი/ჯგუფის ხელმძღვანელი ზოგადად მიმოიხილავს აკრედიტაციის განცხადებულ სფეროს, შესაბამის სტანდარტებს, მენეჯმენტის სისტემას და არსებულ მდგომარეობას. შეფასებისას შემფასებელთა ჯგუფმა ასევე შეიძლება დაათვალიეროს შესაბამისი ლოკაცია და აღჭურვილობა;

ბ) წინასწარი ვიზიტის დასრულების შემდეგ შემფასებლის/ჯგუფის ხელმძღვანელის მიერ მზადდება „წინასწარი ვიზიტის ანგარიში“, რომელიც მიეწოდება განმცხადებელს პირადად, ფოსტით ან/და ელფოსტის საშუალებით, ადგილზე ვიზიტის დასრულებიდან 15 სამუშაო დღის განმავლობაში.

4. წინასწარი შეფასების შემდეგ, შეფასების ანგარიშის გაგზავნიდან არაუმეტეს 3 თვის განმავლობაში, შშო-მ წერილობით უნდა წარუდგინოს ინფორმაცია აკრედიტაციის ცენტრს თავისი გადაწყვეტილების თაობაზე – სურს თუ არა მას აკრედიტაციის მიღება და აკრედიტაციის პროცესის შემდეგ ეტაპზე გადასვლა. თუ გადაწყვეტილება დადებითია, აკრედიტაციის პროცესი გრძელდება. წინააღმდეგ შემთხვევაში საქმის განხილვა წყდება.

5. წინასწარი ვიზიტი არ მოიცავს აკრედიტაციის ცენტრის მიერ დოკუმენტაციის მომზადებას ან/და კონსულტაცია