1. აკრედიტაციის სამსახურის ხელმძღვანელი, 14 სამუშაო დღის ვადაში, შესაბამისი შშო-ს საქმის აკრედიტაციის კომიტეტზე გატანამდე ამოწმებს შეფასების ანგარიშის მთლიანობას, მართებულობას და თანმიმდევრულობას, გამოვლენილ შეუსაბამობებზე შშო-ს მიერ განხორციელებულ მაკორექტირებელი ღონისძიებების მტკიცებულებების არსებობას და აკრედიტაციის სფეროს, რის შემდეგაც, აკრედიტაციის სამსახურის ხელმძღვანელი აგზავნის შესაბამისი შშო-ს საქმეს განსახილველად აკრედიატაციის კომიტეტზე გადაწყვეტილების მისაღებად. იმ შემთხვევაში, თუ აკრედიტაციის სამსახურის ხელმძღვანელი უშუალოდ იყო ჩართული ადგილზე შეფასების პროცესში ან ვერ ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას, ჯგუფის ხელმძღვანელის მიერ საქმე პირდაპირ იგზავნება აკრედიტაციის კომიტეტზე.

2. გადაწყვეტილება შშო-ს აკრედიტაციასთან დაკავშირებით (აკრედიტაციის მინიჭება, აკრედიტაციის შენარჩუნება, აკრედიტაციის სფეროს გაფართოება, აკრედიტაციის შეჩერება, აკრედიტაციის შემცირება და აკრედიტაციის გაუქმება) მიიღება აკრედიტაციის კომიტეტის მიერ მე-18 მუხლის შესაბამისად.

3. შეფასების ანგარიშის, მაკორექტირებელი ღონისძიებების განხორციელების შესახებ ინფორმაციისა და სხვა თანდართული მასალების განხილვის შედეგად, აკრედიტაციის კომიტეტი მე-18 მუხლის შესაბამისად, 7 სამუშაო დღის განმავლობაში იღებს გადაწყვეტილებას აკრედიტაციაზე. გადაწყვეტილება ფორმდება აკრედიტაციის კომიტეტის ოქმის სახით.

4. აკრედიტაციის კომიტეტის წევრი, რომელიც ჩართული იყო შშო-ს შეფასების პროცესში ან/და აქვს ინტერესთა კონფლიქტი, არ შეიძლება ჩართული იყოს ამავე შშო-ს შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

5. აკრედიტაციის კომიტეტის გადაწყვეტილებას 7 სამუშაო დღის განმავლობაში განიხილავს აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორი ან მისი ერთ-ერთი მოადგილე და თანხმობის შემთხვევაში, გენერალური დირექტორი 5 სამუშაო დღის ვადაში გამოსცემს შესაბამის განკარგულებას.

6. აკრედიტაციაზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გაიცემა აკრედიტაციის მოწმობა. აკრედიტაციის მოწმობასთან ერთად შშო-ს გადაეცემა აკრედიტაციის მოწმობის დანართი, რომელშიც მოცემულია აკრედიტაციის სფერო, რომელიც წარმოადგენს აკრედიტაციის მოწმობის განუყოფელ ნაწილს. აკრედიტაციის ცენტრი განათავსებს ვებგვერდზე – www.gac.gov.ge ინფორმაციას აკრედიტებული შშო-ს შესახებ მისი აკრედიტაციის სფეროს მითითებით.

7. შშო-ს მოთხოვნით შესაძლებელია გაცემულ იქნეს აკრედიტაციის მოწმობა და აკრედიტაციის მოწმობის დანართი ინგლისურ ენაზე. ამ შემთხვევაში, შშო ვალდებულია წარმოადგინოს ნოტარიულად დამოწმებული აკრედიტაციის მოწმობის დანართის თარგმანი ინგლისურ ენაზე.

8. აკრედიტაციის მოწმობა გაიცემა 4 წლის ვადით, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტს. შშო-ს აკრედიტაციის მოწმობაზე დაიტანება უნიკალური საიდენტიფიკაციო ნომერი, რომელიც უცვლელია შშო-ს აკრედიტაციის უწყვეტობის შენარჩუნების შემთხვევაში.

9. აკრედიტაციის მოწმობის უნიკალურ საიდენტიფიკაციო ნომერს აქვს შემდეგი სტრუქტურა: GAC – XX – XXXX, სადაც:

ა) GAC – არის აკრედიტაციის ცენტრის შემოკლებული ლათინური დასახელება;

ბ) XX – არის აკრედიტებული პირის ტიპის კოდური აღნიშვნა:

ბ.ა) საგამოცდო ლაბორატორიები – TL;

ბ.ბ) საკალიბრებელი ლაბორატორიები – CL;

ბ.გ) სამედიცინო ლაბორატორიები – ML;

ბ.დ) პროდუქტის სერტიფიკაციის ორგანოები – PRC;

ბ.ე) პერსონალის სერტიფიკაციის ორგანოები – PC;

ბ.ვ) მენეჯმენტის სისტემის სერტიფიკაციის ორგანოები – MSC;

ბ.ზ) ინსპექტირების ორგანოები – IB;

ბ.თ) საკვალიფიკაციო ტესტირების მომწოდებლები – PTP;

გ) XXXX – არის რეგისტრაციის რიგითი ნომერი (ოთხნიშნა რიცხვი), მაგალითად: საგამოცდო ლაბორატორიისათვის – GAC – TL – 0001;

10. აკრედიტაციის სფეროში ნაჩვენები უნდა იყოს:

ა) სერტიფიკაციის ორგანოებისათვის:

- სერტიფიცირების ტიპი (მაგ., მენეჯმენტის სისტემები, პროდუქტები პროცესები, მომსახურება ან პირები);

- სერტიფიცირების სქემ(ები)ა ;

- სტანდარტი, ნორმატიული დოკუმენტები და/ან მარეგულირებელი მოთხოვნები, რომელთა მენეჯმენტის სისტემები, პროდუქტები, პროცესები და მომსახურება ან პირები დამოწმებულია;

-სამრეწველო სექტორი, შესაბამის შემთხვევებში;

- პროდუქტი, პროცესები, მომსახურება და შესაბამისი პირების კატეგორიები.

ბ) ინსპექტირების ორგანოებისათვის:

- ინსპექტირების ორგანოს ტიპი (როგორც ეს განსაზღვრულია ისო/იეკ 17020-ში);

- ინსპექტირების კატეგორია;

- ინსპექტირების სქემები, ასეთის არსებობის შემთხვევებში;

- ინსპექტირების ზღვარი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

- ინსპექტირების ეტაპი;

- ინსპექტირების სფერო;

- რეგულაციები, ინსპექტირების მეთოდები, სტანდარტები და/ან სპეციფიკაციები, რომლებიც მოიცავს ინსპექტირებისას გამოსაყენებელ მოთხოვნებს.

გ) დაკალიბრების ლაბორატორიებისათვის:

- დაკალიბრებისა და გაზომვის შესაძლებლობა (CMC) გამოსახვის თვალსაზრისით:

- გამზომი ან ეტალონური მასალა;

- დაკალიბრებისა ან გაზომვის მეთოდი ან პროცედურა, ასევე სახეობა ან მასალა, რომლებიც უნდა დაკალიბრდეს ან გაიზომოს;

- გაზომვის დიაპაზონი და დამატებით პარამეტრები, რომლებიც გამოიყენება, მაგ., გამოყენებული ძაბვის სიხშირე;

- გაზომვის განუსაზღვრელობა;

დ) საგამოცდო ლაბორატორიებისთვის (სამედიცინო ლაბორატორიების ჩათვლით):

- მასალების ან პროდუქტის გამოცდა;

- კომპონენტი, პარამეტრი ან დამახასიათებელი გამოცდა;

- გამოცდები ან ჩატარებული გამოცდის ტიპები და საჭიროების შემთხვევაში გამოყენებული ტექნიკა, მეთოდები და/ან მოწყობილობა.

ე) საკვალიფიკაციო გამოცდების მომწოდებლებისთვის:

- სქემა, რომელიც უზრუნველყოფს საკვალიფიკაციო გამოცდების მოწოდებას;

- საკვალიფიკაციო გამოცდების საგნების სახეობა;

- გაზომვ(ებ)ს ან მახასიათებლების ან საჭიროების შემთხვევაში გაზომვ(ებ)ის ან მახასიათებლების ტიპი, რომლებიც იდენტიფიცირებული, გაზომილი ან გამოცდილი უნდა იყოს.

11. აკრედიტაციის მოწმობაზე დაიტანება:

ა) აკრედიტაციის ცენტრის ლოგო;

ბ) აკრედიტაციის მოწმობის უნიკალურ საიდენტიფიკაციო ნომერი;

გ) აკრედიტებული შშო-ს დასახელება;

დ) აკრედიტებული შშო-ს ლოკაციის მისამართი (თუ შშო-ს გააჩნია რამდენიმე ლოკაცია, აკრედიტაციის მოწმობაზე დაიტანება შესაბამისი სათავო ოფისის მისამართი, ხოლო აკრედიტაციის მოწმობის დანართში – მიეთითება სხვა ლოკაცი(ებ)ის მისამართ(ებ)ი შესაბამისი სფერო(ები)ს მითითებით;

ე) საქართველოს სტანდარტი, რომელთან შესაბამისობაზეც განხორციელდა შშო-ს შეფასება;

ვ) აკრედიტაციის მოწმობის ვადა (აკრედიტაციის მოწმობის გაცემისა და მისი მოქმედების ვადა);

ზ) აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორის ხელმოწერა და აკრედიტაციის ცენტრის ბეჭედი.

12. იმ შემთხვევაში, თუ იცვლება აკრედიტებული შშო-ს ლოკაციის მისამართის დასახელება და შშო-ს სახელწოდება,  ასევე საქართველოს სტანდარტი, გაიცემა ახალი აკრედიტაციის მოწმობა არსებული უნიკალურ საიდენტიფიკაციო ნომრით და მოქმედების ვადით.

13. შშო-სთვის აკრედიტაციის მინიჭების შემდეგ, აკრედიტებულ შშო-ს ეძლევა აკრედიტაციის სიმბოლოს გამოყენების უფლება მხოლოდ აკრედიტირებულ სფეროში.

14. აკრედიტაციის ლოგოს და აკრედიტაციის სიმბოლოს გამოყენების პირობები მოცემულია საკ 1.9:2020 – აკრედიტაციის ცენტრის ლოგო, აკრედიტაციის სიმბოლო და მათი გამოყენების წესი.

15. აკრედიტაციის მოწმობის მოქმედების ვადის ამოწურვის, აკრედიტაციის შეჩერების ან გაუქმების შემთხვევაში, აკრედიტებულ სტატუსზე მითითება და სიმბოლოს გამოყენება დაუშვებელია.

16. ამ მუხლში მოცემული პროცედურები გამოიყენება როგორც პირველადი აკრედიტაციის, აკრედიტაციის სფეროს გაფართოების, ასევე აკრედიტაციის შენარჩუნების მიზნით განსახორციელებელი ყოველწლიური და არაგეგმური შეფასებისა და განმეორებითი აკრედიტაციის დროს, შესაბამისი თავისებურებების გათვალისწინები