1. ჯგუფის ხელმძღვანელი ადგილზე შეფასების გეგმას, რომელიც მოიცავს შეფასებისათვის შესაბამის საერთაშორისო სტანდარტის მოთხოვნებს და ასევე სხვა სავალდებულო დოკუმენტებს (EA, ILAC, IAF), განმცხადებელს აცნობს ელფოსტის საშუალებით ან პირადად, ადგილზე შეფასების დაწყებამდე არანაკლებ 5 კალენდარული დღით ადრე.

2. ადგილზე შეფასება, როგორც წესი, შედგება ორი ძირითადი ნაწილისგან – პრაქტიკულ საქმიანობაზე დაკვირვება და ოფისის შეფასება.

3. ოფისის შეფასებისას შეიძლება გამოყენებულ იქნეს შეფასების ისეთი ტექნიკა, როგორიცაა შშო-ს შესაბამისი დოკუმენტებისა და ჩანაწერების განხილვა, პროფესიული ტესტირებისა და ლაბორატორიათშორისი შედარებების საქმიანობის განხილვა,  გასაუბრება/ინტერვიუ და ა.შ.

4. თუ შშო თავისი სათავო ოფისის გარდა სხვა ფილიალებშიც საქმიანობს, პირველადი აკრედიტაციის შეფასების შემთხვევაში, შეფასებისას ყველა ფილიალი/უბანი უნდა იყოს სრულად მოცული.

5. ლოკაციების შეფასება იწყება საწყისი შეკრებით, რომელშიც მონაწილეობას იღებს შემფასებელთა ჯგუფი და განმცხადებლის უფლებამოსილი წარმომადგენლები შესაბამისი მენეჯმენტის ჩათვლით. შეხვედრაზე შშო-ს მიეწოდება სათანადო ინფორმაცია ადგილზე შეფასების მიზნების, სფეროს, შეფასების გეგმის და შეფასებაში მონაწილე პირების თაობაზე, ასევე ინფორმაცია ისეთ საკითხებზე, როგორიცაა კონფიდენციალობა, უსაფრთხოება და სხვა დაკავშირებული საკითხები. საწყისი შეკრების დროს ჯგუფის ხელმძღვანელი განმცხადებელთან ერთად საბოლოოდ აზუსტებს შეფასების გეგმას.

6. შეფასების ოთხწლიანი ციკლის განმავლობაში შესაბამისი ლოკაციის შერჩევა და შეფასება განხორციელდება მათი მნიშვნელობის და რისკების გათვალისწინებით.

7. მოთხოვნის შემთხვევაში, შშო-მ უნდა უზრუნველყოს შემფასებელთა ჯგუფისათვის გარეშე პირთაგან იზოლირებული სამუშაო გარემო.

8. შემფასებელთა ჯგუფი აფასებს შშო-ს აკრედიტაციის მოთხოვნებთან და შესაბამის სტანდარტთან შესაბამისობაზე. პირველადი აკრედიტაციის შეფასებისას უნდა შეფასდეს საკმარისი რაოდენობის სფეროები განცხადებული აკრედიტაციის სფეროდან, რათა მოხდეს ობიექტური და სანდო შეფასების ანგარიშის ჩამოყალიბება.

9. აკრედიტაციის ცენტრი ახორციელებს დაკვირვებას შშო-ს პრაქტიკულ საქმიანობაზე. შშო ვალდებულია უზრუნველყოს შემფასებელთა ჯგუფის დაშვება ყველა ლოკაციაზე, მათ შორის, შშო-ს მომხმარებლის ლოკაციაზე (აღნიშნული პირობა უზრუნველყოფილი უნდა იყოს შშო-ს მიერ მომხმარებელთან გაფორმებული შეთანხმებით). ასევე, მოთხოვნის თანახმად, უზრუნველყოს შემფასებელთა ჯგუფის მიერ დაკვირვებების ჩატარება, რაც გულისხმობს გაცხადებული აკრედიტაციის სფეროს ფარგლებში განმცხადებლის მიერ პრაქტიკული სამუშაოს განხორციელების პროცესზე დასწრებას და მის შეფასებას. თუ ვერ ხერხდება მსგავსი მოქმედებების განხორციელება, ჯგუფის ხელმძღვანელი ამის შესახებ უთითებს შეფასების ანგარიშში.

10. თუ შემფასებელთა ჯგუფი ვერ თანხმდება შეუსაბამობის შინაარსზე, შეუსაბამობის კატეგორიაზე და ა.შ. შემფასებელთა ჯგუფის ხელმძღვანელმა უნდა მიმართოს აკრედიტაციის ცენტრს საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად.

11. თუ ადგილზე შეფასების მიმდინარეობისას, შეფასების გეგმით გათვალისწინებული ვადები არ აღმოჩნდა საკმარისი სამუშაო პროცესის და დანერგილი მენეჯმენტის სისტემის შეფასებისთვის, ჯგუფის ხელმძღვანელი გადახედავს შეფასების გეგმას და გაზრდის შესაფასებელი სამუშაოების მოცულობას და დროის ხანგრძლივობას.

12. ადგილზე შეფასება სრულდება შემაჯამებელი შეხვედრით, რომელშიც მონაწილეობს შშო-ს შესაბამისი მენეჯმენტი და ხელმძღვანელობს ჯგუფის ხელმძღვანელი.

13. ყველა აღმოჩენილი შეუსაბამობის (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ასევე დამატებითი ვიზიტის თაობაზე ინფორმაციის მიწოდება ხდება შემაჯამებელ შეხვედრაზე, სანამ შემფასებელთა ჯგუფი დატოვებს შშო-ს. შშო-ს უფლებამოსილი პირი ხელს აწერს წარდგენილ შეუსაბამობის ფურცელს, რომლის საფუძველზეც, ის ადასტურებს, რომ შემფასებელთა ჯგუფის მიერ დაფიქსირებული შეუსაბამობები და შემფასებელთა ჯგუფის წინადადებები მისთვის მისაღებია. თუ შშო თავს იკავებს ხელმოწერისგან, მას უნდა მიეცეს განმარტება, რომ მას შეუძლია წერილობით მიმართოს აკრედიტაციის ცენტრს შესაბამისი დასაბუთებით წინამდებარე საკ 1.1:2020-ის 23-ე მუხლის საფუძველზე –  აკრედიტაციის ცენტრში აპელაციის წარდგენის გზით. თუ შშო-ს უფლებამოსილი პირი ხელს არ აწერს შემფასებელთა ჯგუფის მიერ მისთვის გადაცემულ შეუსაბამობებს, მაშინ შეუსაბამობის ფურცლებზე დაიტანება მხოლოდ შემფასებელთა ჯგუფის ხელმძღვანელისა და ჯგუფის შესაბამისი წევრის ხელმოწერები.

14. შშო-ს მიერ განხორციელებული შეუსაბამობის  მაკორექტირებელი ღონისძიებების თაობაზე დოკუმენტალური ინფორმაცია აკრედიტაციის ცენტრს უნდა მიეწოდოს შშო-ს უფლებამოსილი პირის ხელმოწერით მე-9 მუხლით განსაზღვრული წესების დაცვით და  შესაბამის ვადაში.

15. ადგილზე შეფასების პროცესი უნდა დასრულდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული საფასურის სრულად გადახდიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) თვის ვადაში. გამონაკლისი შეიძლება დაშვებული იქნეს განსაკუთრებულ შემთხვევებში, რომლის დროსაც აკრედიტაციის ცენტრს ან/და განმცხადებელს არ ეძლევა საშუალება შეფასება ჩატარდეს აღნიშნულ ვადაში. ასეთ შემთხვევაში აკრედიტაციის კომიტეტი იღებს გადაწყვეტილებას ვადის გაზრდის თაობაზე.

16. ამ მუხლში მოცემული პროცედურები გამოიყენება როგორც პირველადი აკრედიტაციის, აკრედიტაციის სფეროს გაფართოების, ასევე აკრედიტაციის შენარჩუნების მიზნით განსახორციელებელი ყოველწლიური და არაგეგმური შეფასებისა და განმეორებითი აკრედიტაციის დროს, შესაბამისი თავისებურებების გათვალისწინები