1. თითოეული შესაფასებელი დღის დასრულებისას შემფასებელთა ჯგუფი აფასებს შეფასების შედეგებს და განსაზღვრავს შესაბამის სტანდარტებთან და აკრედიტაციის კრიტერიუმებთან შესაბამისობას.
2. თითოეული შეუსაბამობის კატეგორიის დადგენა ხორციელდება ჯგუფის ხელმძღვანელის მიერ იმ ტექნიკურ შემფასებელთან/ტექნიკურ ექსპერტთან კონსულტაციებით, რომელმაც მოახდინა შეუსაბამობის იდენტიფიკაცია. საბოლოოდ, შემფასებელთა ჯგუფი კონსენსუსის გზით, ახდენს თითოეული შეუსაბამობის კატეგორიზაციას.
3. თუ რამდენიმე შეუსაბამობა ქმნის შეუსაბამობის ჯაჭვს, ჯგუფის ხელმძღვანელმა უნდა მოახდინოს მათი კატეგორიზაცია მცირე და მნიშვნელოვან შეუსაბამობებად. ჯგუფის ხელმძღვანელი აფორმებს გამოვლენილ მცირე და მნიშვნელოვან შეუსაბამობებს „შეუსაბამობის ფურცელში“.
4. შეუსაბამობის კატეგორიზაცია ხორციელდება წინასწარ შშო-სთან შემაჯამებელ შეხვედრამდე, სადაც ხდება შეფასების დროს გამოვლენილი შეუსაბამობების შშო-სთვის გაცნობა/განხილვა.
5. შეუსაბამობების კატეგორიებია:
ა) მცირე – შეუსაბამობა, რომელიც არ არის მნიშვნელოვანი შეუსაბამობა და პირდაპირ გავლენას არ ახდენს შშო-ს მიერ აკრედიტაციის ფარგლებში განხორციელებული/განსახორციელებელი საქმიანობის შედეგებზე. პირველადი აკრედიტაციის დროს, ამ შეუსაბამობის აღმოფხვრამდე აკრედიტაცია არ გაიცემა და შემფასებელთა ჯგუფსა და შშო-ს ერთობლივი შეთანხმებით, დგინდება გონივრული ვადა შეუსაბამობის აღმოსაფხვრელად, მაგრამ არაუმეტეს 4 თვისა. ხოლო, ყოველწლიური შეფასებისას ასეთი შეუსაბამობის გამოსწორების ვადა შეიძლება იყოს არაუმეტეს 2 თვისა და თუ ამ ვადაში შშო-ს მიერ არ მოხდა შესაბამისი შეუსაბამობის აღმოფხვრა, მას შეუჩერდება აკრედიტაციის სფერო სრულად ან ნაწილობრივ;
ბ) მნიშვნელოვანი – შეუსაბამობა, რომელიც პირდაპირ გავლენას ახდენს შშო-ს მიერ აკრედიტაციის ფარგლებში განხორციელებული/განსახორციელებელ საქმიანობის შედეგებზე და დაკავშირებულია, მათ შორის:
ბ.ა) მიუკერძოებლობის რისკების იდენტიფიცირების, დოკუმენტირების, დემონსტრირების, მათი მინიმიზაციისა და აღმოფხვრის მენეჯმენტის არარსებობასთან;
ბ.ბ) შშო-ს საქმიანობასთან, რომელიც მიუთითებს მის არაკომპეტენტურობაზე, არასწორ პრაქტიკასა და სისტემურ ხარვეზებზე;
ბ.გ) მენეჯმენტში შეუსაბამობასთან, რომელიც საფრთხეს უქმნის ხარისხის მენეჯმენტის მთელ სისტემას;
ბ.დ) შშო-ს ქმედებასთან, რომელიც პირდაპირ გავლენას ახდენს შესაბამისობის შეფასების შედეგზე და აქედან გამომდინარე კი, საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას, ქონებას ან გარემოს;
ბ.ე) შშო-ს დამოუკიდებლობის მოთხოვნების დარღვევასთან;
ბ.ვ) შშო-ს მიერ აკრედიტაციის სტატუსისა და აკრედიტაციის სიმბოლოს გამოყენებასთან არააკრედიტებულ სფეროში საქმიანობის განხორციელებისას;
ბ.ზ) მოთხოვნილი ძირითადი ტექნიკური საშუალებების გაუმართაობასთან ან არარსებობასთან, რომელმაც შესაძლოა პირდაპირი გავლენა მოახდინოს შშო-ს საქმიანობაზე;
ბ.თ) სხვა ისეთი მოთხოვნების შეუსრულებლობასთან, რომელმაც შესაძლოა პირდაპირი გავლენა მოახდინოს შშო-ს საქმიანობაზე, მათ შორის, კომპეტენტურობაზე, მიუკერძოებლობაზე და დამოუკიდებლობაზე.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული მნიშვნელოვანი შეუსაბამობის არსებობის შემთხვევაში, პირველადი აკრედიტაციის დროს აკრედიტაცია არ გაიცემა ამ შეუსაბამობის სრულად აღმოფხვრამდე და შემფასებელთა ჯგუფსა და შშო-ს ერთობლივი შეთანხმებით, შეუსაბამობის გამოსასწორებლად დგინდება გონივრული ვადა, მაგრამ ადგილზე შეფასების პროცესის დასრულებიდან არაუმეტეს 4 თვისა. მნიშვნელოვანი შეუსაბამობის არსებობის შემთხვევაში, შემფასებელთა ჯგუფმა შესაძლოა მოითხოვოს შშო-ს დამატებითი შეფასება ადგილზე ვიზიტის გზით, რის შესახებაც მიეთითება შეუსაბამობის ფურცელში და შეფასების ანგარიშში. ამ შემთხვევაში, შშო-მ უნდა აანაზღაუროს დამატებითი შეფასების სამუშაოების საფასური გადასამოწმებელი სფეროების მიხედვით.
7. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული მნიშვნელოვანი შეუსაბამობის არსებობის შემთხვევაში, ყოველწლიური შეფასების დროს მნიშვნელოვანი შეუსაბამობის გამოსწორების ვადა შეიძლება იყოს ადგილზე შეფასების დასრულებიდან არაუმეტეს 1 თვისა. აღნიშნულ ვადაში შშო-მ უნდა წარმოადგინოს განხორციელებული მაკორექტირებელი ღონისძიებები აკრედიტაციის ცენტრში. მნიშვნელოვანი შეუსაბამობის დადგენილ ვადაში არაღმოფხვრა იწვევს აკრედიტაციის სფეროს ნაწილობრივ ან სრულ შეჩერებას/გაუქმებას. ხოლო თუ ყოველწლიური შეფასების და არაგეგმური შეფასების დროს დაფიქსირდა იგივე მნიშვნელოვანი შეუსაბამობა, რომელიც დაფიქსირებული იყო წინა შეფასების დროს შშო-ს გაუუქმდება აკრედიტაცია.
8. მნიშვნელოვანი შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში, ჯგუფის ხელმძღვანელი უფლებამოსილია, მნიშვნელოვანი შეუსაბამობის ფარგლებში შშო-ს საქმიანობის შეჩერებასთნ დაკავშირებით გადაწყვეტილების მისაღებად, დასაბუთებული წინადადებით მიმართოს აკრედიტაციის კომიტეტს.
9. ამ მუხლის მე-8 პუნქტის საფუძველზე, აკრედიტაციის კომიტეტის მიერ შშო-ს აკრედიტაციის შეჩერება შესაძლებელია არაუმეტეს 2 თვის ვადით. ამ პერიოდის განმავლობაში შშო-მ უნდა დაასრულოს აუცილებელი მაკორექტირებელი ღონისძიებების განხორციელება ამ მუხლით დადგენილ შესაბამის ვადაში და აკრედიტაციის ცენტრის მხრიდან უნდა განხორციელდეს შესაბამისი შეფასება, მათ შორის, დამატებითი ვიზიტის გზით (ასეთის არსებობის შემთხვევაში). თუ შშო არ განახორციელებს დადგენილ ვადაში მაკორექტირებელ ღონისძიებებს ან მისი მიზეზით ვერ განხორციელდება შეფასება დამატებითი ვიზიტის გზით ამ პუნქტით დადგენილ ვადაში, მაშინ შშო-ს გაუუქმდება აკრედიტაცია ან შეუმცირდება აკრედიტაცია.
10. აღმოჩენილ შეუსაბამობებზე შშო-მ დადგენილ ვადაში აკრედიტაციის ცენტრში უნდა წარმოადგინოს განხორციელებული მაკორექტირებელი ღონისძიებების თაობაზე შესაბამისი ინფორმაცია და მტკიცებულება.
11. განხორციელებული მაკორექტირებელი ღონისძიებების ფარგლებში შშო-ს მიერ წარმოდგენილი უნდა იყოს:
ა) შეუსაბამობის მიზეზის ანალიზი;
ბ) განხორციელებული მაკორექტირებელი ღონისძიების აღწერა და შესაბაბამისი მტკიცებულება;
გ) განხორციელებული მაკორექტირებელი ღონისძიებების ეფექტურობის დასაბუთება.
12. ადგილზე შეფასების შედეგები ფორმდება „შეფასების ანგარიშის“ სახით, შეფასების დასრულებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში. „შეფასების ანგარიშს“ ხელს აწერს ჯგუფის ხელმძღვანელი და მიეწოდება შშო-ს განაცხადში მითითებულ საფოსტო ან/და ელფოსტის მისამართზე ან გადაეცემა მას ხელზე.
13. თუ „შეფასების ანგარიშში“ არსებობს განსხვავება ადგილზე გამოთქმულ შეუსაბამობების ფურცელში დაფიქსირებულ და ანგარიშში ასახულ შეუსაბამობებს შორის, ამის შესახებ ჯგუფის ხელმძღვანელმა წერილობით უნდა აცნობოს შშო-ს და განმარტოს განსხვავების მიზეზი.
14. თუ შშო-ს მიერ განხორციელებული მაკორექტირებელი ღონისძიებები არ არის საკმარისი ან არ არის ამ მუხლით დადგენილ ვადაში წარმოდგენილი, აკრედიტაციის კომიტეტი, ჯგუფის ხელმძღვანელის წინადადების საფუძველზე, იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.
15. ამ მუხლში მოცემული პროცედურები გამოიყენება როგორც პირველადი აკრედიტაციის, აკრედიტაციის სფეროს გაფართოების, ასევე აკრედიტაციის შენარჩუნების მიზნით განსახორციელებელი ყოველწლიური და არაგეგმური შეფასებისა და განმეორებითი აკრედიტაციის დროს, შესაბამისი თავისებურებების გათვალისწინები