1. დაწესებულებაში მსჯავრდებულის მიღება ხდება მხოლოდ დინამიკური უსაფრთხოების პრინციპების დაცვის შესაბამისად. მსჯავრდებულის მიღებას ერთობლივად ახორციელებენ დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების, უსაფრთხოების განყოფილების, სპეციალური აღრიცხვის განყოფილების მოსამსახურეები და ოპერატიული მორიგე.
2. მსჯავრდებულის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებისათვის აუცილებელია:
ა) სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, რომლითაც პირს შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა;
ბ) მსჯავრდებულის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან სხვა საიდენტიფიკაციო დოკუმენტი ფოტოსურათით;
გ) ნახევრად ღია/დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებულის მოთავსების/გადაყვანის თაობაზე გენერალური დირექტორის ბრძანება;
დ) რისკების შეფასების გუნდის გადაწყვეტილება მსჯავრდებულისათვის საშიშროების საშუალო ან მომეტებული რისკის განსაზღვრის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და მის საფუძველზე გამოცემული სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის ბრძანება მსჯავრდებულის დაწესებულებაში გადაყვანის თაობაზე;
ე) დაკავების ოქმი, როცა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულია დაკავების ოქმის შედგენა;
ვ) პატიმრობის კოდექსის 50-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების დამადასტურებელი დოკუმენტი.
3. მსჯავრდებულის დაწესებულებაში განთავსება ხდება დაწესებულების დირექტორის მიერ.
4. მსჯავრდებულის დაწესებულებაში მოყვანის ფაქტს სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს უფლებამოსილი მოსამსახურე ატყობინებს ოპერატიულ მორიგეს, რომელიც, თავის მხრივ, ამის შესახებ ატყობინებს დაწესებულების დირექტორს (მისი არყოფნის შემთხვევაში – დაწესებულების დირექტორის მოადგილეს), დაწესებულების მთავარ ექიმს (მისი არყოფნის შემთხვევაში – მორიგე ექიმს), დაწესებულების სპეციალური აღრიცხვის განყოფილების უფროსს (მისი არყოფნის შემთხვევაში – ამავე განყოფილების მორიგე მოსამსახურეს), დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების უფროსს (მისი არყოფნის შემთხვევაში – ამავე განყოფილების მორიგე მოსამსახურეს) და დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების უფროსს (მისი არყოფნის შემთხვევაში – მორიგე მოსამსახურეს).
5. ოპერატიული მორიგის ნებართვით, სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს უფლებამოსილი მოსამსახურეები უზრუნველყოფენ მსჯავრდებულთა ესკორტირებისთვის განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალების შეშვებას სატრანსპორტო საშუალებების შემოწმებისათვის გამოყოფილ კარიბჭეთაშორის სივრცეში.
6. დაწესებულების სპეციალური აღრიცხვის განყოფილების მოსამსახურე, ოპერატიულ მორიგესთან ერთად, ახდენს მსჯავრდებულის იდენტიფიცირებას პირადი საქმისა და მასზე დართული „ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რეესტრებისა და პირადი საქმის წარმოების წესით“ გათვალისწინებული ცნობის მიხედვით, გამოკითხავს მსჯავრდებულს და ადარებს მის პასუხებს პირად საქმესა და ცნობაში მითითებულ მონაცემებთან.
7. იმ შემთხვევაში, თუ მსჯავრდებული საქართველოს მოქალაქეა და მას დაწესებულებაში მიღებისას არ აქვს პირადობის ელექტრონული მოწმობა, ხოლო მისი იდენტიფიცირება ხდება სხვა საბუთების მეშვეობით, დაწესებულების სპეციალური აღრიცხვის განყოფილების შესაბამისი მოსამსახურე ვალდებულია, ამის შესახებ შეადგინოს ოქმი, რომელიც მიეწოდება დაწესებულების დირექტორს. დაწესებულების დირექტორი მიმართავს სერვისების განვითარების სააგენტოს მსჯავრდებულისათვის ათი დღის ვადაში ელექტრონული პირადობის მოწმობის უფასოდ დამზადების მოთხოვნით.
8. მსჯავრდებულის პირადობის დამადასტურებელი საბუთი/საბუთები ინახება მის პირად საქმეში.
9. იდენტიფიცირების პროცესის დასრულების შემდეგ, ოპერატიული მორიგე მსჯავრდებულის მიღების თაობაზე ხელს აწერს „ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რეესტრებისა და პირადი საქმის წარმოების წესით“ გათვალისწინებულ მსჯავრდებულის გამყოლ ფურცელზე და იტოვებს დაწესებულებისათვის განკუთვნილ ეგზემპლარს.
10. დაწესებულებაში მოთავსებული ყველა მსჯავრდებულის სახელი და გვარი ოპერატიულ მორიგეს შეაქვს სადღეღამისო უწყისში, რომელიც ბარდება დაწესებულების სპეციალური აღრიცხვის განყოფილებას.
11. იდენტიფიცირების განხორციელების შემდეგ მსჯავრდებულები განთავსდებიან მოსაცდელ საკანში კუთვნილი ნივთების გარეშე, საიდანაც ხდება მსჯავრდებულთა სათითაოდ გამოყვანა სპეციალურ საკანში მათი სრული შემოწმების/დათვალიერების და კუთვნილი ნივთების შემოწმების მიზნით.
12. მსჯავრდებულის და მისი ნივთების შემოწმებას ორგანიზებას უწევს ოპერატიული მორიგე, ხოლო ახორციელებენ სამორიგეო ცვლაში ამ მიზნით გამოყოფილი მოსამსახურეები. შემოწმება შეიძლება განხორციელდეს აგრეთვე სარეზერვო ჯგუფის მოსამსახურეების მიერ.
13. მსჯავრდებულის და მისი ნივთების შემოწმება ხორციელდება ამ დებულებით დადგენილი წესით.
14. შემოწმების/დათვალიერების დასრულების შემდეგ ოპერატიული მორიგე ან/და მისი დავალებით სამორიგეო ცვლის შესაბამისი მოსამსახურეები განათავსებენ მსჯავრდებულს შიდა კლასიფიკაციის საკანში. აღნიშნული მოსამსახურეები უზრუნველყოფენ შიდა კლასიფიკაციის საკნის მომზადებას/დათვალიერებას მსჯავრდებულის განთავსებამდე და მსჯავრდებულთა თავსებადობის საკითხის შესწავლას.
15. პირადი საქმე „მსჯავრებულის გამყოლ ფურცელთან“ და „პირადი საქმის მიხედვით ცნობასთან“ ერთად გადაეცემა დაწესებულების სპეციალური აღრიცხვის განყოფილებას. „პირადი საქმის მიხედვით ცნობა“ ინახება პირად საქმეში.
16. ის კვების პროდუქტები, ნივთები, ნაკეთობები, ნივთიერებები და დოკუმენტები, რომელთა შენახვა/გამოყენება ეკრძალებათ მსჯავრდებულებს და იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას (დებულების დანართი №1) (შემდგომ – აკრძალული ნივთები), მსჯავრდებულს ჩამოერთმევა დადგენილი წესით, დგება შესაბამისი ოქმი და დაუყოვნებლივ ეცნობება სამინისტროს გენერალურ ინსპექციას, ხოლო ის ნივთები და ნივთიერებები, რომლებიც არ არის გათვალისწინებული იმ პირველადი მოხმარების საგნების, ჰიგიენური საშუალებების, კვების პროდუქტების თუ სხვა ნივთებისა და საგნების იმ ჩამონათვალში, რომელთა ამანათის სახით მიღების (მათ შორის, ფოსტით), დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში შეძენის, შენახვისა და კანონიერად გამოყენების უფლება აქვს მსჯავრდებულს (დებულების დანართი №2, №3, №4) და არ იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას, მსჯავრდებულს ჩამოერთმევა დადგენილი წესით და გადაეცემა შესანახად დაწესებულებას ან მსჯავრდებულის ნებართვით პატიმრობის კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ პირებს, რის თაობაზეც დგება შესაბამისი აქტი და გაეცნობა მსჯავრდებულს, რომელსაც იგი ადასტურებს ხელმოწერით.
17. მსჯავრდებულის და მისი კუთვნილი ნივთების შემოწმების შემდგომ მსჯავრდებულმა უნდა გაიაროს სამედიცინო შემოწმება, რომელსაც ახორციელებს დაწესებულების ექიმი. სამედიცინო შემოწმების დროს ხდება მსჯავრდებულის გარეგნული დათვალიერება და დადგენილი წესით ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათის შევსება. გარეგნული დათვალიერების შესახებ ექიმის მიერ დგება შესაბამისი ცნობა. აღნიშნული ცნობის ასლი ჩაიდება პირად საქმეში. მსჯავრდებულის სხეულზე დაზიანების, დეფორმაციების, ნაწიბურების და ნანემსარების არსებობის შემთხვევაში, ხდება მათი სრულყოფილი აღწერა, რაზეც პასუხს აგებს დაწესებულების შესაბამისი ექიმი. დაწესებულების ექიმი ვალდებულია ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტს. შეტყობინება შესაძლებელია განხორციელდეს როგორც ელექტრონული დოკუმენტბრუნვის საშუალებით, ასევე სატელეფონო შეტყობინებით, რის თაობაზეც ასევე ეცნობება მსჯავრდებულს.
18. თუ ამ მუხლის მე-17 პუნქტით დადგენილი წესით მსჯავრდებულისათვის სამედიცინო მომსახურების გაწევისას, ექიმი აღმოაჩენს რაიმე სახის ფიზიკურ დაზიანებას, ემოციური მდგომარეობის ცვლილებას ან/და სხვა ისეთ გარემოებას, რომელიც ობიექტურ პირს აღუძრავდა ეჭვს მსჯავრდებულის მიმართ განხორციელებული შესაძლო წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შესახებ, სექსუალური ძალადობის ჩათვლით, იგი ადგენს შესაბამის ოქმს და ვალდებულია, იხელმძღვანელოს მინისტრის მიერ დამტკიცებული „პენიტენციურ დაწესებულებებში შესაძლო წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შედეგად ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაზიანების აღრიცხვის წესით“.
19. თუ დაწესებულებაში მიღებისას მსჯავრდებულის სამედიცინო შემოწმების შედეგად დადგინდება, რომ მას ესაჭიროება სასწრაფო ან გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება, მას დაუყოვნებლივ გაეწევა სამედიცინო მომსახურება დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტში. დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტში შესაბამისი ინფრასტრუქტურის არსებობისას, განცალკევებით ათავსებენ არამართვადი ინფექციური სენით დაავადებულებს. ჰაერწვეთოვანი ან კონტაქტური გზით გადამდები საშიში ინფექციით ინფიცირებული პირის დაწესებულებიდან გადაყვანა ხდება დაუყოვნებლივ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ეპიდზედამხედველობის ქვეშ, იზოლირებულად. ჰაერწვეთოვანი ან კონტაქტური გზით გადამდები საშიში ინფექციით ინფიცირებული მსჯავრდებული დაწესებულებიდან გადაყვანამდე თავსდება განცალკევებით, რის თაობაზეც სამედიცინო პერსონალის მიმართვის საფუძველზე დაწესებულების დირექტორი გამოსცემს ბრძანებას.
20. დაწესებულებაში მიღებისას მსჯავრდებული, რომელსაც დაწესებულების ექიმის დასკვნით ესაჭიროება სასწრაფო ან გადაუდებელი სტაციონარული მკურნალობა და რომლის უზრუნველყოფა შეუძლებელია დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტში, არ განთავსდება დაწესებულებაში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაუყოვნებლივ გადამისამართდება შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მისაღებად.
21. თუ სამედიცინო შემოწმების შედეგად სახეზე არ არის ამ მუხლის მე-19 და მე-20 პუნქტებით გათვალისწინებული გარემოებები, მსჯავრდებული, მისი ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით, დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით, განთავსდება შიდა კლასიფიკაციის საკანში, რომელშიც მოხდება მასზე დაკვირვება შესაბამის საერთო საცხოვრებელში/საკანში განაწილების მიზნით.
22. შიდა კლასიფიკაციის საკანში მოთავსებისას დაწესებულების სამსახურის მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის მოსამსახურე მსჯავრდებულს წერილობით გააცნობს სასჯელის მოხდის პირობებს, მის უფლებებს და მისადმი დაწესებულების მოსამსახურეების მოპყრობის წესებს, ინფორმაციის მიღებისა და საჩივრის შეტანის წესებს, დისციპლინურ და სხვა სახის მოთხოვნებს. მსჯავრდებული აგრეთვე გაფრთხილდება ამ დებულების დარღვევის გამო პასუხისმგებლობის თაობაზე, რომლის გაცნობასაც მსჯავრდებული ადასტურებს ხელმოწერით. ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში, ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. ოქმს ხელს აწერს სამსახურის მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის შესაბამისი მოსამსახურე, ხოლო სამსახურის მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის მოსამსახურის არყოფნის შემთხვევაში, დაწესებულების სხვა უფლებამოსილი მოსამსახურე.
23. დაწესებულების სპეციალური აღრიცხვის განყოფილება ვალდებულია, მსჯავრდებულის თავისუფლების აღკვეთის აღსრულების ადგილზე მიღების შესახებ დაუყოვნებლივ, ან მისი მიღებიდან არაუგვიანეს ერთი სამუშაო დღისა, აცნობოს განაჩენის გამომტან სასამართლოსა და მსჯავრდებულის ახლო ნათესავს, ან მსჯავრდებულის თხოვნით – სხვა პირს ან მსჯავრდებულის ადვოკატს, მის შესახებ შესაბამისი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში. გაგზავნილ უწყებაში მიეთითება დაწესებულების საფოსტო მისამართი, იმ კვების პროდუქტებისა და პირველადი მოხმარების საგნების ჩამონათვალი, რომელთა მიღებაც მსჯავრდებულებს შეუძლიათ ამანათებით, გზავნილებით, აგრეთვე, მიმოწერის წესის, ფულადი გზავნილების გაგზავნა-მიღების, შეხვედრების, ტელეფონით საუბრის წესის თაობაზე.
24. უცხო ქვეყნის მოქალაქე მსჯავრდებულის დაწესებულებაში მიღების შესახებ შეტყობინება იგზავნება შესაბამისი ქვეყნის დიპლომატიურ წარმომადგენლობაში/საკონსულოში. თუ მსჯავრდებულის მოქალაქეობის სახელმწიფოს საქართველოში დიპლომატიური წარმომადგენლობა/საკონსულო არ აქვს, შეტყობინება იგზავნება იმ სახელმწიფოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში/საკონსულოში, რომელსაც მინდობილი აქვს მსჯავრდებულის მოქალაქეობის სახელმწიფოს წარმომადგენლობის ფუნქცია.
25. დაწესებულებაში მიღებული მსჯავრდებული დაწესებულების სპეციალური აღრიცხვის განყოფილების ინსპექტორის მიერ აღირიცხება მსჯავრდებულთა რეესტრში.
26. ამ მუხლით განსაზღვრული პროცედურების გავლის შემდეგ, გადაწყვეტილებას მსჯავრდებულის საერთო საცხოვრებელში/საკანში განაწილების თაობაზე იღებს დაწესებულების დირექტორი, რა დროსაც მხედველობაში მიიღება მსჯავრდებულის პიროვნული თვისებები, მის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტები, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათი, მოტივი, მიზანი და დამდგარი შედეგი, დანაშაულის განმეორებით ჩადენის რისკი და სხვა გარემოებები, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებაზე.
27. დაწესებულებაში, როგორც წესი, განცალკევებით ათავსებენ:
ა) პირველად მსჯავრდებულებს;
ბ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1431 ან/და 1432 მუხლით/მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულზე/დანაშაულებზე დაზარალებულად ცნობილ პირებს;
გ) პირებს, რომელთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას შეიძლება საფრთხე შეექმნას წარსული სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე;
დ) განსაკუთრებით საშიშ პირებს, რომელთა პიროვნული თვისებები, კრიმინალური ავტორიტეტი, დანაშაულის ჩადენის მოტივი, დამდგარი მართლსაწინააღმდეგო შედეგი ან თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გამოვლენილი ქცევა მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებისა და მათ გარშემომყოფთა უსაფრთხოებას.
28. დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტში განცალკევებით ათავსებენ არამართვადი ინფექციური სენით დაავადებულებ