1. დაწესებულებაში ბრალდებულის მიღება ხდება დინამიკური უსაფრთხოების პრინციპების შესაბამისად. ბრალდებულის მიღებას ახორციელებს ოპერატიული მორიგე სპეციალური აღრიცხვის, სამართლებრივი რეჟიმისა და უსაფრთხოების განყოფილების შესაბამის მოსამსახურეებთან ერთად.
2. დაწესებულებაში ბრალდებულის მოსათავსებლად აუცილებელია:
ა) სასამართლოს გადაწყვეტილება პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შესახებ;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან სხვა საიდენტიფიკაციო დოკუმენტი ფოტოსურათით;
გ) დაკავების ოქმი, როცა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულია დაკავების ოქმის შედგენა.
3. ბრალდებულის მიღებისას სავალდებულოა მისი ფოტოგრაფირება და დაქტილოსკოპირება. ფოტოსურათები და მათი ნეგატივები, აგრეთვე დაქტილოსკოპიური ბარათი და სიტყვიერი პორტრეტი ბარათის მიხედვით ინახება ბრალდებულის პირად საქმეში, აგრეთვე ცნობა ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომელიც მსჯავრდების შემთხვევაში გადაიგზავნება შესაბამის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში. შესაბამისი ინფრასტრუქტურის არსებობის შემთხვევაში ბრალდებულის დაქტილოსკოპირება ხორციელდება ელექტრონული მოწყობილობების საშუალებით.
4. ბრალდებულის დაქტილოსკოპიურ ბარათს დაწესებულება უგზავნის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ცენტრალურ ან შესაბამის ტერიტორიულ სამსახურს ან განყოფილებას, დაქტილოსკოპირების ჩატარებიდან 7 დღის ვადაში.
5. ბრალდებულის დაწესებულებაში განთავსება ხდება დაწესებულების დირექტორის მიერ.
6. ერთსა და იმავე სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულებს ცალ-ცალკე ათავსებენ. დაწესებულების დირექტორი ვალდებულია, მიიღოს ყველა ზომა იმისათვის, რომ ცალ-ცალკე საკნებში მყოფ პირებს შორის არ იყოს ურთიერთობა.
7. ბრალდებულის დაწესებულებაში მოყვანის ფაქტს სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს უფლებამოსილი მოსამსახურე ატყობინებს ოპერატიულ მორიგეს, რომელიც თავის მხრივ ატყობინებს დაწესებულების დირექტორს (მისი არყოფნის შემთხვევაში – დირექტორის მოადგილეს), დაწესებულების მთავარ ექიმს (მისი არყოფნის შემთხვევაში – მორიგე ექიმს), სპეციალური აღრიცხვის განყოფილების უფროსს (მისი არყოფნის შემთხვევაში – ამავე განყოფილების მორიგე მოსამსახურეს) და უსაფრთხოების განყოფილების უფროსს (მისი არყოფნის შემთხვევაში – ამავე განყოფილების მორიგე მოსამსახურეს) და სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების უფროსს (მისი არყოფნის შემთხვევაში – მორიგე მოსამსახურეს).
8. სპეციალური აღრიცხვის განყოფილების მოსამსახურე, ოპერატიულ მორიგესთან ერთად, ახდენს ბრალდებულის იდენტიფიცირებას.
9. დაწესებულებაში ისეთი ბრალდებულის მიღების შემთხვევაში, რომელიც პირველად ხვდება პენიტენციურ დაწესებულებაში, სპეციალური აღრიცხვის განყოფილების მოსამსახურე ვალდებულია აღნიშნულის შესახებ აცნობოს მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული „ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სუიციდის პრევენციის პროგრამის“ საფუძველზე დანიშნულ ადგილობრივ კოორდინატორს.
10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინების მიღებისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, ადგილობრივი კოორდინატორი ვალდებულია უზრუნველყოს ფსიქოლოგის შეხვედრა ბრალდებულთან სუიციდის რისკის მიმოხილვითი შეფასების მიზნით.
11. დაწესებულებაში მოთავსებული ყველა ბრალდებულის სახელი და გვარი ოპერატიულ მორიგეს შეაქვს სადღეღამისო უწყისში, რომელიც ბარდება დაწესებულების სპეციალური აღრიცხვის განყოფილებას.
12. იდენტიფიცირების განხორციელების შემდეგ, ბრალდებულები განთავსდებიან მოსაცდელ საკანში კუთვნილი ნივთების გარეშე, საიდანაც ხდება მათი სათითაოდ გამოყვანა სპეციალურ საკანში სრული შემოწმება/დათვალიერებისა და კუთვნილი ნივთების შემოწმების მიზნით. ოპერატიული მორიგე ბრალდებულის შიდა კლასიფიკაციის საკანში როგორც შეყვანამდე, ასევე გამოყვანის შემდეგ, უზრუნველყოფს შიდა კლასიფიკაციის საკნის შემოწმება/დათვალიერებას.
13. ბრალდებულისა და მისი ნივთების შემოწმებას ზედამხედველობს ოპერატიული მორიგე, ხოლო შემოწმებას ახორციელებენ სამორიგეო ცვლაში ამ მიზნით გამოყოფილი მოსამსახურეები. შემოწმება შეიძლება განხორციელდეს აგრეთვე სარეზერვო ჯგუფის მოსამსახურეების მიერ.
14. ბრალდებულისა და მისი ნივთების შემოწმება ხორციელდება ამ დებულებით დადგენილი წესით.
15. შემოწმება/დათვალიერების პროცესის დასრულების შემდეგ, ოპერატიული მორიგე ან/და მისი დავალებით სამორიგეო ცვლის შესაბამისი მოსამსახურეები განათავსებენ ბრალდებულს შიდა კლასიფიკაციის საკანში. აღნიშნული მოსამსახურეები უზრუნველყოფენ შიდა კლასიფიკაციის საკნის მომზადებას/დათვალიერებას ბრალდებულის განთავსებამდე და ბრალდებულთა თავსებადობის საკითხის შესწავლას.
16. შიდა კლასიფიკაციის საკანში მოთავსებისას სამსახურის მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის მოსამსახურე ბრალდებულს წერილობით გააცნობს სასჯელის მოხდის პირობებს, მის უფლებებს და მისადმი დაწესებულების მოსამსახურეების მოპყრობის წესებს, ინფორმაციის მიღებისა და საჩივრის შეტანის წესებს, დისციპლინურ და სხვა სახის მოთხოვნებს. ბრალდებული აგრეთვე გაფრთხილდება ამ დებულების დარღვევის გამო პასუხისმგებლობის თაობაზე, რომლის გაცნობასაც ბრალდებული ადასტურებს ხელმოწერით. ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში, ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. ოქმს ხელს აწერს სამსახურის მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის შესაბამისი მოსამსახურე, ხოლო სამსახურის მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის მოსამსახურის არყოფნის შემთხვევაში, დაწესებულების სხვა უფლებამოსილი მოსამსახურე.
17. წერა-კითხვის უცოდინარ ბრალდებულს ამ მუხლის მე-16 პუნქტში აღნიშნული ინფორმაცია უნდა მიეწოდოს ზეპირი ფორმით, ხოლო შეზღუდული შესაძლებლობების პირებს – საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი ცოდნის მქონე სპეციალისტის მონაწილეობით, რის შესახებაც უფლებამოსილი პირი ადგენს ოქმს, რომელსაც ხელმოწერით ადასტურებს ბრალდებული. ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.
18. ნივთები, ნაკეთობები, ნივთიერებები, დოკუმენტები და საკვები პროდუქტები, რომელთა ყიდვა და გამოყენება ბრალდებულთათვის აკრძალულია (შემდგომში – აკრძალული ნივთები), აგრეთვე რომლებიც არ არის გათვალისწინებული იმ ნივთებისა და საგნების ჩამონათვალში, რომელთა ქონის, ამანათით მიღებისა და მაღაზიაში შეძენის უფლება აქვს ბრალდებულს, დადგენილი წესით ჩამოერთმევა ბრალდებულს და გადაეცემა შესანახად დაწესებულებას ან, ბრალდებულის ნებართვით, პატიმრობის კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ პირებს, რის თაობაზეც დგება შესაბამისი აქტი და გაეცნობა ბრალდებულს, რომელსაც იგი ადასტურებს ხელმოწერით. იმ ნივთების ან/და ნივთიერებების აღმოჩენის შემთხვევაში, რომელთა ქონა/გამოყენება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას, დგება შესაბამისი ოქმი და დაუყოვნებლივ ეცნობება საგამოძიებო ორგანოებს.
19. ბრალდებულისა და მისი ნივთების შემოწმების შემდგომ, ბრალდებულმა უნდა გაიაროს სამედიცინო შემოწმება, რომელსაც ახორციელებს დაწესებულების ექიმი. სამედიცინო შემოწმების დროს ხდება ბრალდებულის გარეგნული დათვალიერება და დადგენილი წესით ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათის შევსება. გარეგნული დათვალიერების შესახებ დგება შესაბამისი ცნობა. აღნიშნული ცნობის ასლი ჩაიდება პირად საქმეში. ბრალდებულის სხეულზე დაზიანების, დეფორმაციების, ნაწიბურების და ნანემსარების შემთხვევაში ხდება მათი აღწერა. ბრალდებულის სხეულზე დაზიანების შემთხვევაში ხდება მათი სრულყოფილი აღწერა, რაზეც პასუხს აგებს დაწესებულების შესაბამისი ექიმი. დაწესებულების ექიმი ვალდებულია ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტს. შეტყობინება შესაძლებელია განხორციელდეს როგორც ელექტრონული დოკუმენტბრუნვის საშუალებით, ასევე სატელეფონო შეტყობინებით, რის თაობაზეც ასევე ეცნობება ბრალდებულს.
20. თუ ამ მუხლის მე-19 პუნქტით დადგენილი წესით ბრალდებულისთვის სამედიცინო მომსახურების გაწევისას ექიმი აღმოაჩენს რაიმე სახის ფიზიკურ დაზიანებას, ემოციური მდგომარეობის ცვლილებას ან/და სხვა ისეთ გარემოებას, რომელიც ობიექტურ პირს აღუძრავდა ეჭვს ბრალდებულის მიმართ განხორციელებული შესაძლო წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შესახებ, სექსუალური ძალადობის ჩათვლით, იგი ადგენს შესაბამის ოქმს და ვალდებულია, იხელმძღვანელოს მინისტრის მიერ დამტკიცებული „პენიტენციურ დაწესებულებებში შესაძლო წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შედეგად ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაზიანების აღრიცხვის წესით“.
21. თუ დაწესებულებაში მიღებისას ბრალდებულის სამედიცინო შემოწმების შედეგად დადგინდება, რომ მას ესაჭიროება სასწრაფო ან გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება, მას დაუყოვნებლივ გაეწევა სამედიცინო მომსახურება დაწესებულებაში ხელმისაწვდომ საექიმო-სამედიცინო პუნქტში. დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტში შესაბამისი ინფრასტრუქტურის არსებობისას, განცალკევებით ათავსებენ არამართვადი ინფექციური სენით დაავადებულებს. ჰაერწვეთოვანი ან კონტაქტური გზით გადამდები საშიში ინფექციით ინფიცირებული პირის დაწესებულებიდან გადაყვანა ხდება დაუყოვნებლივ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ეპიდზედამხედველობის ქვეშ, იზოლირებულად. ჰაერწვეთოვანი ან კონტაქტური გზით გადამდები საშიში ინფექციით ინფიცირებული ბრალდებული დაწესებულებიდან გადაყვანამდე თავსდება განცალკევებით, რის თაობაზეც სამედიცინო პერსონალის მიმართვის საფუძველზე დაწესებულების დირექტორი გამოსცემს ბრძანებას.
22. დაწესებულებაში მიღებისას ბრალდებული, რომელსაც დაწესებულების ექიმის დასკვნით ესაჭიროება სასწრაფო ან გადაუდებელი სტაციონარული მკურნალობა და რომლის უზრუნველყოფა შეუძლებელია დაწესებულების საექიმო სამედიცინო პუნქტში, არ განთავსდება დაწესებულებაში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაუყოვნებლივ გადამისამართდება შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მისაღებად.
23. თუ სამედიცინო შემოწმების შედეგად სახეზე არ არის ამ მუხლის 21-ე და 22-ე პუნქტებით გათვალისწინებული გარემოებები, ბრალდებული, მისი ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით, დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით, განთავსდება შიდა კლასიფიკაციის საკანში, რომელშიც ხდება მასზე დაკვირვება შესაბამის სპეციალურ საკანში განაწილების მიზნით.
24. დაწესებულების სპეციალური აღრიცხვის განყოფილება ვალდებულია, ბრალდებულის პატიმრობის აღსრულების ადგილზე მიღების შესახებ დაუყოვნებლივ ან მისი მიღებიდან არაუგვიანეს 1 სამუშაო დღისა, აცნობოს გამომძიებელს, პროკურორს, სასამართლოსა და ბრალდებულის ახლო ნათესავს ან ბრალდებულის თხოვნით – სხვა პირს ან ბრალდებულის ადვოკატს, მის შესახებ შესაბამისი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში. გაგზავნილ უწყებაში მიეთითება დაწესებულების საფოსტო მისამართი, იმ საკვები პროდუქტებისა და პირველადი მოხმარების საგნების ჩამონათვალი, რომელთა მიღებაც ბრალდებულებს შეუძლიათ ამანათებით, გზავნილებით, აგრეთვე მიმოწერის წესის, ფულადი გზავნილების გაგზავნა-მიღების, შეხვედრებისა და ტელეფონით საუბრის წესის თაობაზე.
25. უცხო ქვეყნის მოქალაქე ბრალდებულის დაწესებულებაში მიღების შესახებ შეტყობინება იგზავნება შესაბამისი ქვეყნის დიპლომატიურ წარმომადგენლობაში/საკონსულოში. თუ ბრალდებულის მოქალაქეობის სახელმწიფოს საქართველოში დიპლომატიური წარმომადგენლობა/საკონსულო არ აქვს, შეტყობინება იგზავნება იმ სახელმწიფოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში/საკონსულოში, რომელსაც მინდობილი აქვს ბრალდებულის მოქალაქეობის სახელმწიფოს წარმომადგენლობის ფუნქცია.
26. დაწესებულებაში მიღებული ბრალდებული სპეციალური აღრიცხვის განყოფილების მიერ აღირიცხება ბრალდებულთა რეესტრში.
27. ამ მუხლით განსაზღვრული პროცედურების გავლის შემდეგ გადაწყვეტილებას ბრალდებულის სპეციალურ საკანში განაწილების თაობაზე იღებს დაწესებულების დირექტორი, რა დროსაც მხედველობაში მიიღება ბრალდებულის პიროვნული თვისებები, მის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტები, ბრალად შერაცხული დანაშაულის ხასიათი, მოტივი, მიზანი, დამდგარი შედეგი და დანაშაულის განმეორებით ჩადენის რისკი, ასევე ის სხვა გარემოებები, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებაზ