1. დაწესებულება არის დამოუკიდებელი ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც არ არის იურიდიული პირი და ფუნქციონირებს სამსახურის სისტემაში. დაწესებულება მისთვის მინიჭებული ცალკეული ფუნქციის შესრულებისას არის ადმინისტრაციული ორგანო. დაწესებულება არის განსაკუთრებულად დაცული, როგორც შეიარაღებული დაცვით უზრუნველყოფილი, ისე სასიგნალიზაციო სისტემით აღჭურვილი, სპეციალური დამცავი ზღუდეებით გარშემორტყმული პატიმრობისა და ნახევრად ღია/დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება, რომელშიც უზრუნველყოფილია ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მუდმივი მეთვალყურეობა.

2. დაწესებულებაში განთავსებული არიან ბრალდებულები, რომელთაც სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდათ პატიმრობა ან/და პატიმრობის დაწესებულებაში გადაყვანილი არიან პატიმრობის კოდექსის 551 მუხლის შესაბამისად, და მსჯავრდებულები, რომელთაც სამსახურის გენერალური დირექტორის (შემდგომ – გენერალური დირექტორი) ბრძანებით განესაზღვრათ ნახევრად ღია ტიპის ან/და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში სასჯელის მოხდა, ან რისკების შეფასების გუნდის მიერ განესაზღვრათ საშიშროების საშუალო ან მომეტებული რისკი.

3. დაწესებულების ტერიტორია იყოფა პატიმრობისა და ნახევრად ღია/დახურული ტიპის ნაწილებად, რომელთაც დაწესებულების დირექტორის წარდგინებით განსაზღვრავს გენერალური დირექტორი.

4. დაწესებულება თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, ამ დებულებითა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის (შემდგომ – მინისტრი) სხვა სამართლებრივი აქტებით.

5. დაწესებულება პატიმრობის კოდექსით დადგენილ შემთხვევებში დამოუკიდებლად, თავისი სახელით გამოდის სასამართლოში.

6. დაწესებულებას არ აქვს საკუთარი ქონება და მის ერთიან მართვასა და გამართულ ფუნქციონირებას უზრუნველყოფს სამსახური. დაწესებულების დაფინანსება ხორციელდება სამსახურისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.

7. დაწესებულებას აქვს საკუთარი ბეჭედი, შტამპი და ბლანკი საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბის გამოსახულებით, დაწესებულების სახელწოდებისა და მისამართის აღნიშვნით.

8. დაწესებულების მისამართია: ქ. რუსთავი, მშენებელთა ქ. №6