1. ლიცენზიატმა უნდა შეადგინოს და გამოაქვეყნოს აუდირებული წლიური ფინანსური ანგარიში „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონისა და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტებით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად.
2. ლიცენზიატმა, რომელსაც, კანონმდებლობის შესაბამისად, არ აქვს წლიური ფინანსური ანგარიშის გამოქვეყნების ვალდებულება, უნდა უზრუნველყოს ამ ანგარიშის/მისი ასლის შენახვა და მოთხოვნის შემთხვევაში, მისი ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის მიწოდება.
3. ლიცენზიატმა უნდა უზრუნველყოს მის ანგარიშებზე წვდომა და ანგარიშების სათანადო განცალკევება „ენერგეტიკისა და წყალმოარაგების შესახებ“ საქართველოს კანონისა და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტებით დამტკიცებული მოთხოვნების შესაბამისად.
4. კომისია ამტკიცებს ბუღალტრული აღრიცხვის ერთიან სისტემას, ახორციელებს ანგარიშების განცალკევებისა და მისი სათანადოდ დანერგვის მონიტორინგს „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესაახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
5. ლიცენზიატმა კომისიას უნდა წარუდგინოს ანგარიშგება სალიცენზიო საქმიანობის შესახებ. ანგარიშგების წარდგენა ხორციელდება „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის, ასევე „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის, ამ წესებისა და კომისიის მიერ დამტკიცებული ანგარიშგების წესების შესაბამისად.
6. ლიცენზიატმა უნდა შეატყობინოს კომისიას ლიცენზიის გაცემის მიზნით წარდგენილი მონაცემების ან ინფორმაციის ცვლილების შესახებ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
7. ამ მუხლის მე-6 პუნქტის მიზნებისათვის, ლიცენზიატმა კომისიას უნდა აცნობოს არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა, თუ შეიცვალა ლიცენზიატის:
ა) იურიდიული მისამართი და საკონტაქტო მონაცემები;
ბ) წესდება ან სხვა სადამფუძნებლო დოკუმენტი;
გ) მონაცემები პარტნიორთა ან აქციონერთა წილობრივი მონაწილეობის შესახებ;
დ) მმართველი ორგანოების სტრუქტურა, მათ შორის სამეთვალყურეო საბჭოს, დირექტორატის ან/და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი სხვა პირების დანიშვნისა და გათავისუფლების წესი, თუ აღნიშნულ ინფორმაციას არ მოიცავს „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე წარმოდგენილი წესდება ან სხვა სადამფუძნებლო დოკუმენტი.
8. კომისია უფლებამოსილია, ლიცენზიატს მოსთხოვოს დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც არ არის მითითებული ამ მუხლის მე-7 პუნქტში.
9. თუ ლიცენზიატი ვარაუდობს ავარიულ სიტუაციას, რამაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას მომხმარებელთა სტაბილურ მომარაგებას, გამოიწვიოს მათთვის მომსახურების შეწყვეტა ან შეზღუდვა, შეაფერხოს ახალი მომხმარებლების ქსელთან/წყალმომარაგების სისტემასთან მიერთება ან/და სიმძლავრის გაზრდა, რომლის თავიდან აცილება ლიცენზიატის უფლებამოსილებების ფარგლებში, თუ ფინანსური და ტექნიკური საშუალებებით არ არის შესაძლებელი, მან უნდა შეატყობინოს კომისიას და მიაწოდოს ინფორმაცია მის მიერ ავარიული სიტუაციის ან მისი შედეგების აღსაკვეთად ან შესამსუბუქებლად მიღებული ზომების ან/და გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე. ლიცენზიატმა ყველა მონაცემი, ინფორმაცია, ანგარიში და შეტყობინება უნდა წარადგინოს კომისიის მიერ დადგენილი წესითა და ფორმით.
10. ლიცენზიატი ვალდებულია, შეაგროვოს და შეინახოს ყველა მონაცემი და ინფორმაცია, რომელიც ეხება სალიცენზიო საქმიანობას, საქართველოს კანონმდებლობითა და კომისიის შესაბამისი კანონქვემდებარე აქტებით დადგენილი ვადითა და წესით.
11. ენერგეტიკული საქმიანობის ლიცენზიატი ვალდებულია, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შეაგროვოს და შეინახოს აგრეთვე ის მონაცემები და ინფორმაცია, რომელიც მოითხოვება სისტემის ოპერირების, მართვისა და განვითარების მიზნით, სისტემაზე წვდომისთვის ან ლიცენზიატისთვის მომსახურების გასაწევად, ასევე, ურთიერთდაკავშირებულ სისტემებს შორის ელექტროენერგიით ან ბუნებრივი გაზით ვაჭრობისათვის. ამ ინფორმაციის სხვა ლიცენზიატებისთვის, სისტემით მოსარგებლეებისთვის, ბაზრის მონაწილეებისა და უფლებამოსილი ორგანოებისათვის მიწოდება უნდა განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
12. ამ მუხლის მე-10 პუნქტში მოცემული მონაცემები და ინფორმაცია ლიცენზიატის მიერ უნდა გამოქვეყნდეს კომისიის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად და უზრუნველყოფილ იქნეს მასზე ყველა დაინტერესებული პირის თანაბარი წვდომა. აღნიშნული ვალდებულება ლიცენზიატმა უნდა შეასრულოს ამ წესების მე-12 მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოყენების პირობების სრული დაცვი