1. ენერგეტიკული ან წყალმომარაგების საქმიანობის ლიცენზიის მოპოვების მიზნით, ლიცენზიის მაძიებელმა სალიცენზიო განაცხადი უნდა წარადგინოს კომისიის მიერ დამტკიცებული ფორმით და თან დაურთოს ის დოკუმენტები, რომელთა წარდგენაც სავალდებულოა „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ წესების შესაბამისად. სალიცენზიო განაცხადი და თანდართული დოკუმენტები კომისიას უნდა წარედგინოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავის შესაბამისად.
2. სალიცენზიო განაცხადი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
3. სალიცენზიო განაცხადში უნდა დაკონკრეტდეს, თუ რა სახის ლიცენზიას ითხოვს ლიცენზიის მაძიებელი.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტებთან ერთად, ენერგეტიკული საქმიანობის ლიცენზიის მაძიებელმა უნდა წარადგინოს:
ა) სალიცენზიო საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო მოწყობილობის საკუთრების ან სხვაგვარად ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტები;
ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოწყობილობების ექსპლუატაციაში მიღების დამადასტურებელი დოკუმენტები ან/და აღნიშნული მოწყობილობების „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ტექნიკურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტები;
გ) სისტემით მოსარგებლეებისათვის ან/და ბაზრის მონაწილეებისათვის სალიცენზიო საქმიანობასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევის უზრუნველყოფის შესაძლებლობა ან აღნიშნული მომსახურების გაწევის უზრუნველყოფის მიზნით მესამე პირებთან ხელშეკრულების გაფორმების დამადასტურებელი დოკუმენტები, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
დ) შესაბამის შემთხვევაში, ლიცენზიის მაძიებლის საკუთრებაში ან მფლობელობაში არსებული ელექტროენერგეტიკული ან ბუნებრივი გაზის ქსელების ცალხაზოვანი სქემა;
ე) მიერთების ტექნიკური პირობები, იმ შემთხვევაში, როდესაც სალიცენზიო საქმიანობის განხორციელებისათვის საჭიროა შესაბამისი მოწყობილობის მიერთება ელექტროენერგეტიკულ, ბუნებრივი გაზის ან წყალმომარაგების/წყალარინების სისტემასთან;
ვ) გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში;
ზ) ლიცენზიის მაძიებლის ძირითადი აქტივების ჩამონათვალი ღირებულების მითითებით და ლიცენზიის მაძიებელი ენერგეტიკული საწარმოს შეფასების (აუდიტის ) დასკვნა;
თ) ლიცენზიის მაძიებლის ორგანიზაციული სტრუქტურა, რომელიც ადასტურებს, რომ ლიცენზიის მაძიებელს აქვს შესაბამისი კვალიფიკაციისა და კომპეტენციის ადამიანური რესურსი კონკრეტულ ენერგეტიკულ საქმიანობასთან დაკავშირებული პროფესიული ფუნქციების შესასრულებლად ან აღნიშნული ფუნქციების მესამე პირების მეშვეობით შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტები;
ი) სალიცენზიო საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო ეკონომიკური და ფინანსური მდგომარეობის, აგრეთვე ფინანსური სტაბილურობის დამადასტურებელი დოკუმენტები;
კ) დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს ლიცენზიის მაძიებლის სავალდებულო განცალკევებას „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების“ შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად;
ლ) დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს განმცხადებელზე საჯარო მომსახურების ვალდებულების დაკისრებას, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
5. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტებთან ერთად, წყალმომარაგების საქმიანობის ლიცენზიის მაძიებელმა უნდა წარადგინოს:
ა) სალიცენზიო საქმიანობის განხორციელებისათვის საჭირო მოწყობილობების საკუთრების ან სხვაგვარად ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტები;
ბ) სასმელი წყლის წყალმომარაგების ან/და წყალარინების სისტემის სქემა (ნახაზი, რომელიც უზრუნველყოფს სისტემის ფუნქციონირების თვალსაჩინოებას და მასზე დატანილია ყველა ძირითადი კვანძი შესაბამისი ტექნიკური მახასიათებლების მითითებით) და მისი მუშაობის ტექნოლოგიური აღწერილობა (ტექსტური დოკუმენტი, რომელშიც აღწერილია სისტემის ფუნქციონირება და მისი ძირითადი ელემენტების დეტალური მახასიათებლები და განმარტავს სქემას);
გ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოწყობილობების ტექნიკური მდგომარეობის საქართველოში მოქმედ ტექნიკურ სტანდარტებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტები, რომლებიც უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
გ.ა) სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემებში სასმელი წყლის მოპოვებაში, რეზერვაციასა და დამუშავებაში მონაწილე ყველა ხილვადი შენობა-ნაგებობის (მათ შორის, სათავე და გამწმენდი ნაგებობები, საქლორატოროები, რეზერვუარები, სატუმბი სადგურები და სხვა) და მოწყობილობა-დანადგარის არსებული მდგომარეობის ტექნიკურ სტანდარტებთან შესაბამისობის თაობაზე;
გ.ბ) სასმელი წყლის მილსადენებისთვის – მათი არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, მომხმარებლებისთვის სასმელი წყლის უსაფრთხო, უწყვეტი და საიმედო მიწოდების შესაძლებლობის თაობაზე;
გ.გ) წყალარინების სისტემებისთვის – ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობის, სატუმბი სადგურებისა და სხვა ხილვადი შენობა-ნაგებობისა და მოწყობილობა-დანადგარის არსებული მდგომარეობის ტექნიკურ სტანდარტებთან შესაბამისობის თაობაზე;
დ) განმცხადებლის აქტივების ჩამონათვალი და საწარმოს შეფასების (აუდიტის) დასკვნა.
6. წყალმომარაგების საქმიანობის ლიცენზიის მაძიებლის მიერ კომისიისთვის ამ მუხლის მე-5 პუნქტის „გ" ქვეპუნქტით წარდგენილი საექსპერტო დასკვნები და შეფასებები მომზადებული უნდა იყოს შესაბამისი კომპეტენციის მქონე დამოუკიდებელი ორგანოს მიერ.
7. ამ მუხლის შესაბამისად ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი შესაბამის სამართლებრივ საფუძვლებზე, უფლებამოსილ უწყებებზე, სტანდარტულ ფორმებზე ან/და ნიმუშებზე მითითებით უნდა გამოქვეყნდეს კომისიის ვებგვერდზე და უზრუნველყოფილ იქნეს აღნიშნული ინფორმაციის მუდმივი განახლება.
8. ლიცენზიის მაძიებელი ვალდებულია, კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში, წარმოადგინოს სხვა დოკუმენტები, მონაცემები და ინფორმაცია, რომელიც ადასტურებს სალიცენზიო პირობებთან მის შესაბამისობას და გათვალისწინებული არ არის ამ მუხლით.
9. გადაცემისა და გამანაწილებელი სისტემების ოპერატორები, ასევე წყალმომარაგების ლიცენზიატები ვალდებულნი არიან, დარეგისტრირდნენ სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ ელექტრონული სერვისების ერთიან პორტალში (my.gov.ge). ზემოაღნიშნულმა პირებმა დაინტერესებული პირის მიერ ხაზობრივი ნაგებობის განთავსებაზე თანხმობის მისაღებად წარდგენილ განაცხადზე პასუხის გაცემა უნდა უზრუნველყონ შესაბამისი ნორმატიული აქტით დადგენილ ვადაში. თუ ასეთი ვადა პირდაპირ არაა გათვალისწინებული სხვა ნორმატიული აქტით, პასუხის გაცემა უზრუნველყონ 5 სამუშაო დღეში იმ დაინტერესებული პირის განაცხადზე, რომელსაც ნაკისრი აქვს ამავე პირების ხაზობრივი ნაგებობის განთავსებაზე პასუხის ანალოგიურ ვადაში გაცემის ვალდებულება.
10. ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი სისტემების ოპერატორები, ასევე წყალმომარაგების ლიცენზიატები ვალდებულნი არიან, შეინარჩუნონ ან გააუმჯობესონ შიდა მიზეზით გამოწვეულ გეგმურ და არაგეგმურ წყვეტებზე მომარაგების საიმედოობის წლიური მაჩვენებლები, როგორც გათვალისწინებულია კომისიის მიერ დამტკიცებული „მომსახურების ხარისხის წესებით“. მომარაგების საიმედოობის წლიური მაჩვენებლების წინა წელთან შედარებით გაუარესების შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია, გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომებ