1. კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ შემთხვევებში, განცხადება/ადმინისტრაციული საჩივარი განიხილება ზეპირი მოსმენით.
2. სხდომა ზეპირ მოსმენასთან დაკავშირებით საჯაროა, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი წესით დახურულ სხდომაზე საკითხის განხილვისა.
3. დაინტერესებულ პირებს სადავო საკითხის ზეპირი მოსმენით კომისიის საჯარო სხდომაზე განხილვის თაობაზე უნდა ეცნობოთ მის გამართვამდე 7 დღით ადრე მაინც. შეტყობინებაში მიეთითება, რომ კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს განცხადების/ადმინისტრაციული საჩივრის განხილვას.
4. დაინტერესებული პირისთვის შეტყობინების ჩაბარება შეიძლება განხორციელდეს მატერიალური ფორმით (ფოსტა, კურიერი და სხვა) ან/და ელექტრონული ფოსტის ან/და სხვა ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით. შეტყობინების ჩაბარება დასტურდება:
ა) მატერიალური ფორმით გზავნილის შემთხვევაში – ჩაბარების დასტურით;
ბ) ელექტრონული ფოსტის ან/და სხვა ელექტრონული ფორმით კომუნიკაციის შემთხვევაში – შესაბამისი ტექნიკური საშუალებით შეტყობინების გაგზავნის დადასტურებით ან/და ტექნიკური საშუალებით შეტყობინების გაგზავნის/კომუნიკაციის შესახებ შედგენილი აქტით/ჩანაწერით.
5. კომისიის სხდომის შესახებ წერილობითი მატერიალური შეტყობინება დაინტერესებულ პირს ბარდება მის მიერ მითითებულ მისამართზე. თუ ის არ იმყოფება აღნიშნულ მისამართზე, შეტყობინება ბარდება მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ შეტყობინება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას. ჩაბარება აღინიშნება შეტყობინებაზე მიმღების ხელმოწერით.
6. კომისია უფლებამოსილია, სხდომაზე დაინტერესებული პირის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, განცხადება/ადმინისტრაციული საჩივარი განიხილოს მის გარეშე.
7. სხდომის თავმჯდომარე უფლებამოსილია, საკუთარი ინიციატივით ან/და დაინტერესებული პირის შუამდგომლობის საფუძველზე, სხდომა დახურულად გამოაცხადოს პერსონალური მონაცემების, სახელმწიფო, კომერციული და პროფესიული საიდუმლოების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით. დახურულ სხდომაზე დამსწრე პირთა წრეს განსაზღვრავს სხდომის თავმჯდომარე.
8. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის არანაკლებ 3 წევრი.
9. კომისიის სხდომას ხსნის და თავმჯდომარეობს კომისიის თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი.
10. სხდომის თავმჯდომარე დამსწრე პირებს აცნობს კომისიის სხდომის დღის წესრიგს. საჭიროების შემთხვევაში კომისიას დღის წესრიგში შეაქვს კომისიის სხდომაზე განსახილველად დამატებით წარმოდგენილი საკითხი. კომისია განსაზღვრავს საკითხის განხილვის რიგითობას, აგრეთვე, საჭიროებისამებრ, გადააქვს საკითხის განხილვა სხვა დროისთვის. კომისია კენჭისყრის შედეგად, ხმათა უმრავლესობით ამტკიცებს წარმოდგენილ დღის წესრიგს.
11. სხდომის თავმჯდომარე უზრუნველყოფს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა და მტკიცებულებათა გამოკვლევას ზეპირ მოსმენაზე და დამსწრე დაინტერესებულ პირებს აძლევს განცხადებასთან/ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით საკუთარი აზრის გამოთქმის საშუალებას. კომისიის წევრებს უფლება აქვთ, ზეპირი მოსმენის ნებისმიერ სტადიაზე კომენტარი გააკეთონ გამომსვლელის განმარტებებზე და შეკითხვით მიმართონ საქმის განხილვაში მონაწილე პირებს.
12. სხდომის თავმჯდომარე განსაზღვრავს სხდომაზე გამომსვლელთა თანმიმდევრობას, აძლევს და ჩამოართმევს მათ სიტყვას, უფლებამოსილია განუსაზღვროს მათ ახსნა-განმარტების ან პასუხის ხანგრძლივობა, შეწყვიტოს სხდომა ან/და გამოაცხადოს შესვენება.
13. სხდომის თავმჯდომარე უფლებამოსილია, გამომსვლელ პირს სიტყვა ჩამოართვას, თუ იგი:
ა) სიტყვით გამოდის სხდომის თავმჯდომარის ნებართვის გარეშე;
ბ) სიტყვით გამოდის და არ მსჯელობს განსახილველ სადავო საკითხზე;
გ) აჭარბებს იმ დროს, რომელიც მას მიეცა სხდომის თავმჯდომარის მიერ სადავო საკითხზე ახსნა-განმარტებისთვის;
დ) სხვა შემთხვევებში, სხდომის თავმჯდომარის შეხედულებისამებრ.
14. სხდომაზე წესრიგის დაცვას უზრუნველყოფს სხდომის თავმჯდომარე. იგი უფლებამოსილია, გააფრთხილოს წესრიგის დამრღვევი პირი, ხოლო, განსაკუთრებულ შემთხვევებში – გააძევოს იგი დარბაზიდან. სხდომა შეიძლება გაგრძელდეს დარბაზიდან გაძევებული პირის მონაწილეობის გარეშე.
15. განცხადების/ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისა და მასზე ზეპირი მოსმენის დასრულების შემდგომ, მაგრამ არაუგვიანეს 10 დღის ვადაში, ცხადდება კომისიის გადაწყვეტილება.
16. თუ გადაწყვეტილების გამოცხადებამდე კომისიისთვის ცნობილი გახდა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ახალი გარემოების შესახებ, ამის თაობაზე უნდა ეცნობოთ მხარეებს და მიეცეთ მათ საკუთარი მოსაზრების წარდგენის შესაძლებლობ