1. ამ წესების მიზნებისათვის, მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) სადავო საკითხი – დაინტერესებულ პირებს შორის წარმოშობილი დავა, რომლის გადაწყვეტა „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ ან/და კომისიის მიერ დამტკიცებული ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესაბამისად, განეკუთვნება კომისიის კომპეტენციას;
ბ) განცხადება – დაინტერესებული პირის მიერ კომისიაში წარდგენილი წერილობითი მოთხოვნა სადავო საკითხის გადაწყვეტის თაობაზე;
გ) ადმინისტრაციული საჩივარი – დაინტერესებული პირის მიერ კომისიაში წარდგენილი წერილობითი მოთხოვნა ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზის ან წყალმომარაგების სექტორში საქმიანობის განმახორციელებელი საწარმოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (დადგენილების) გაუქმების, შეცვლის ან ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე;
დ) საწარმო – ენერგეტიკული საწარმო, აგრეთვე, წყალმომარაგების ლიცენზიატი, რომლის საქმიანობაც რეგულირდება „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით და ექვემდებარება კომისიის მარეგულირებელ კომპეტენციას;
ე) დაინტერესებული პირი – ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი (მათ შორის, საწარმო), აგრეთვე, ადმინისტრაციული ორგანო, რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს საწარმოს აქტი ან ქმედება და რომელიც, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე, სადავო საკითხის გადასაწყვეტად მიმართავს კომისიას;
ვ) მხარდაჭერის მიმღები − საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-12 მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით განსაზღვრული პირები;
ზ) მტკიცებულება – ყველა ნივთიერი და წერილობითი (მათ შორის ელექტრონული) დოკუმენტი, ფოტო- ან/და ვიდეომასალა, ასევე მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმეთა წერილობითი ან/და ზეპირი ჩვენება, სპეციალისტისა და საექსპერტო სამსახურის მიერ გაცემული დოკუმენტი, რითაც მხარეები ასაბუთებენ მათ მიერ საქმეში მოყვანილ გარემოებებს (ფაქტებს);
თ) დადგენილება – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე უფლებამოსილი პირის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გაფრთხილების ან დაჯარიმების სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ, ან ადმინისტრაციული საქმისწარმოების შეწყვეტის შესახებ;
ი) საზოგადოებრივი დამცველი – „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, კომისიის აპარატისაგან დამოუკიდებლად არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი.
2. ამ წესებში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც განსაზღვრულია „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ” საქართველოს კანონი