1. ერთი ან მეტი სამეწარმეო საზოგადოება (შემდგომ - მიერთებული სამეწარმეო საზოგადოება), ლიკვიდაციის პროცედურის დაწყების გარეშე, შეიძლება მიუერთდეს სხვა სამეწარმეო საზოგადოებას (შემდგომ - შემძენი სამეწარმეო საზოგადოება) ამ უკანასკნელისათვის თავისი აქტივებისა და ვალდებულებების სრულად გადაცემის გზით, რის სანაცვლოდაც მიერთებული სამეწარმეო საზოგადოების პარტნიორები მიიღებენ წილებს შემძენ სამეწარმეო საზოგადოებაში.

2. ორი ან მეტი სამეწარმეო საზოგადოება (შემდგომ - გაერთიანებული სამეწარმეო საზოგადოებები), ლიკვიდაციის პროცედურის დაწყების გარეშე, შეიძლება გაერთიანდეს ახალი სამეწარმეო საზოგადოების დაფუძნების გზით (შემდგომ - გაერთიანებული სამეწარმეო საზოგადოება), რომელსაც კანონის ძალით გადაეცემა გაერთიანებული სამეწარმეო საზოგადოებების მთელი აქტივები და ვალდებულებები, რის სანაცვლოდაც გაერთიანებული სამეწარმეო საზოგადოებების პარტნიორები მიიღებენ წილებს გაერთიანებულ სამეწარმეო საზოგადოებაში. აქტივების გადაცემა და ვალდებულებების გადასვლა ძალაში შედის ამ კანონის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით ან მე-4-მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული წესების შესაბამისად.

3. სამეწარმეო საზოგადოებას, რომელიც უნდა დაექვემდებაროს დაყოფას, შეუძლია თავისი აქტივებისა და ვალდებულებების ნაწილები კანონის ძალით სრულად:

ა) გადასცეს ორ ან მეტ, დაყოფის შედეგად ახლად დაფუძნებულ სამეწარმეო საზოგადოებას (დაყოფა დაფუძნებით);

ბ) გადასცეს ორ ან მეტ, უკვე არსებულ სამეწარმეო საზოგადოებას (დაყოფა შეძენით).

4. სამეწარმეო საზოგადოებას, რომლისგანაც ხორციელდება გამოყოფა, შეუძლია აქტივებისა და ვალდებულებების ნაწილი ან ნაწილები:

ა) გადასცეს ერთ ან მეტ, გამოყოფის შედეგად ახლად დაფუძნებულ სამეწარმეო საზოგადოებას (გამოყოფა დაფუძნებით);

ბ) გადასცეს ერთ ან მეტ, უკვე არსებულ სამეწარმეო საზოგადოებას (გამოყოფა შეძენით).

5. ამ მუხლის პირველ-მე-4 პუნქტებში მითითებულ შემთხვევებში, გაერთიანებულ/შემძენ სამეწარმეო საზოგადოებაში ყოფილი სამეწარმეო საზოგადოების/საზოგადოებების პარტნიორებს წილების მიღების გარდა, აქვთ უფლება, მიიღონ შესაბამისი ფულადი ანაზღაურება, თუ შეუძლებელია წილების გაცვლის თანაფარდობის დაცვა. სააქციო საზოგადოების შემთხვევაში, ფულადი ანაზღაურება არ უნდა აღემატებოდეს შერწყმის/გაყოფის მიზნებისთვის პარტნიორებზე გასაცემი წილების ნომინალური ღირებულების 10 პროცენტს, ხოლო თუ წილებს არ აქვთ ნომინალური ღირებულება, ამ კანონის 158-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ღირებულების 10 პროცენტს.

6. დაუშვებელია შემძენი სააქციო საზოგადოების აქციების მიცემა გაყოფილი/მიერთებული სააქციო საზოგადოების იმ აქციების სანაცვლოდ:

ა) რომლის მფლობელია შემძენი სააქციო საზოგადოება ან ის პირი, რომელიც საკუთარი სახელით მოქმედებს შემძენი სააქციო საზოგადოების დავალებით;

ბ) რომლის მფლობელია გაყოფილი/მიერთებული სააქციო საზოგადოება ან ის პირი, რომელიც საკუთარი სახელით მოქმედებს გაყოფილი/მიერთებული სააქციო საზოგადოების დავალებით.

7. შერწყმა/გაყოფა შეიძლება განხორციელდეს დაშლილი სამეწარმეო საზოგადოებების მიმართაც, იმ შემთხვევაში, თუ არ დაწყებულა სამეწარმეო საზოგადოების ქონების განაწილება პარტნიორებზე.

8. შერწყმაში/გაყოფაში მონაწილე სამეწარმეო საზოგადოებებს შეიძლება გააჩნდეთ განსხვავებული სამართლებრივი ფორმა.

9. შერწყმისას/გაყოფისას გაერთიანებული, მიერთებული ან დაყოფილი სამეწარმეო საზოგადოების რეგისტრაცია უქმდება ლიკვიდაციის პროცესის დაწყების გარეშე, ხოლო მთელი მისი ვალდებულებები და აქტივები გადაეცემა ახლად დაფუძნებულ/გაერთიანებულ/შემძენ სამეწარმეო საზოგადოებებს.

10. შერწყმის შემთხვევაში, გაერთიანებული/შემძენი სამეწარმეო საზოგადოება პასუხს აგებს ყველა იმ ვალდებულებაზე, რომლებიც გააჩნდა შერწყმულ სამეწარმეო საზოგადოებებს. გაყოფის შემთხვევაში, ახლად დაფუძნებული/შემძენი სამეწარმეო საზოგადოებები გაყოფილი სამეწარმეო საზოგადოების ვალდებულებებზე პასუხს აგებენ სოლიდარულად. ეს პასუხისმგებლობა იზღუდება გაყოფით მათთვის მიკუთვნებული წმინდა აქტივის ოდენობი