1. შერწყმის შემთხვევაში, შერწყმაში მონაწილე ყველა სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი ორგანოები, შეძენით გაყოფის შემთხვევაში გაყოფილი სამეწარმეო საზოგადოებისა და შემძენი სამეწარმეო საზოგადოებების ხელმძღვანელობაზე უფლების მქონე ორგანოები, ხოლო დაფუძნებით გაყოფის შემთხვევაში - გაყოფილი სამეწარმეო საზოგადოებების ხელმძღვანელი ორგანო შეიმუშავებენ შერწყმის/გაყოფის გეგმას. გეგმა ითვალისწინებს შერწყმის/გაყოფის პირობებს.
2. შერწყმის/გაყოფის გეგმა უნდა შეიცავდეს სულ მცირე შემდეგ მონაცემებს:
ა) შერწყმაში/გაყოფაში მონაწილე ყველა სამეწარმეო საზოგადოების საიდენტიფიკაციო მონაცემებს, ასევე მისი და ახლად დაფუძნებული სამეწარმეო საზოგადოების სამართლებრივ ფორმას, საფირმო სახელწოდებასა და იურიდიულ მისამართს;
ბ) წილების გადაცვლის თანაფარდობას და 67-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ფულადი ანაზღაურების ოდენობას, თუ ასეთი ანაზღაურება გამოიყენება;
გ) შემძენ/ახლად დაფუძნებულ სამეწარმეო საზოგადოებებში წილების გაცემასთან დაკავშირებულ პირობებს;
დ) თარიღს, რომლის დადგომიდანაც ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში მითითებული წილები უფლებას ანიჭებს მათ მფლობელებს მონაწილეობა მიიღონ სამეწარმეო საზოგადოების მოგებაში; აგრეთვე, ასეთის არსებობის შემთხვევაში - სპეციალურ პირობას, რომელიც ზეგავლენას ახდენს აღნიშნულ უფლებაზე;
ე) თარიღს, რომლის დადგომიდანაც შერწყმული/გაყოფილი სამეწარმეო საზოგადოების გარიგებები, ბუღალტრული მიზნებისათვის, ჩაითვლება გაერთიანებული/შემძენი/ახლად დაფუძნებული სამეწარმეო საზოგადოების გარიგებებად;
ვ) უფლებებს, რომლებსაც გაერთიანებული/შემძენი/ახლად დაფუძნებული სამეწარმეო საზოგადოება ანიჭებს შერწყმული/გაყოფილი სამეწარმეო საზოგადოების წილების/აქციების (გარდა ჩვეულებრივი აქციებისა) მფლობელებს, ასევე იმ პარტნიორებს, რომელთა წილებს/აქციებს განსაკუთრებული უფლებები ჰქონდა მინიჭებული და სხვა ფასიანი ქაღალდების მფლობელებს ან ამ პირთა მიმართ შეთავაზებულ ზომებს;
ზ) ყველა სარგებელს, რომელიც ენიჭებათ შერწყმაში/გაყოფაში მონაწილე რომელიმე სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელ პირებს, სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს, პარტნიორებს ან დამოუკიდებელ აუდიტორს;
თ) საჭიროების შემთხვევაში, ახალი სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობას;
ი) გაყოფისას, შემძენი/ახლად დაფუძნებული სამეწარმეო საზოგადოებისთვის გადასაცემი აქტივისა და ვალდებულებების ამომწურავ აღწერასა და განაწილებას;
კ) გაყოფილი სამეწარმეო საზოგადოების პარტნიორებისთვის შემძენი/ახლად დაფუძნებული სამეწარმეო საზოგადოების წილების მიკუთვნებას და იმ კრიტერიუმის მითითებას, რომლის საფუძველზეც მოხდა ასეთი მიკუთვნება;
ლ) თუ წილის ნომინალური ღირებულება გამოიყენება, ასეთ ღირებულებას, რომლებსაც მიიღებენ პარტნიორები შემძენ/ახლად დაფუძნებულ/გაერთიანებულ სამეწარმეო საზოგადოებაში.
3. შერწყმის/გაყოფის გეგმას თან ერთვის შემდეგი დოკუმენტები, რომლებიც მისი განუყოფელი ნაწილია:
ა) მიერთების ან შეძენით გაყოფის შემთხვევაში - შემძენი სამეწარმეო საზოგადოების წესდების ცვლილებების პროექტი;
ბ) გაერთიანების ან დაფუძნებით გაყოფის შემთხვევაში - გაერთიანებული/ახლად დაფუძნებული სამეწარმეო საზოგადოების წესდების პროექტი.
4. თუ გაყოფის გეგმით რომელიმე აქტივი არ არის მიკუთვნებული შემძენი ან ახლად დაფუძნებული სამეწარმეო საზოგადოებისათვის და მიკუთვნება ვერც გაყოფის გეგმის მიხედვით დგინდება, ეს აქტივი მიეკუთვნება ყველა შემძენ ან ახლად დაფუძნებულ სამეწარმეო საზოგადოებას გაყოფის გეგმით მათთვის მიკუთვნებული წმინდა აქტივების პროპორციულად.
5. თუ გაყოფის გეგმით რომელიმე ვალდებულება არ არის მიკუთვნებული შემძენი ან ახლად დაფუძნებული სამეწარმეო საზოგადოებისათვის და მიკუთვნება ვერც გაყოფის გეგმის მიხედვით დგინდება, ყველა შემძენი ან ახლად დაფუძნებული სამეწარმეო საზოგადოება ამ ვალდებულებისათვის სოლიდარულადაა პასუხისმგებელი, მაგრამ არა უმეტეს გაყოფის გეგმით მათთვის მიკუთვნებული წმინდა აქტივის