1. „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ ჰააგის 1980 წლის 25 ოქტომბრის კონვენციის ფარგლებში რეფერირებისა და აღსრულების პროცედურების მიზნებისთვის რეფერირებისა და აღსრულების პროცედურებში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) კონვენცია − „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ ჰააგის 1980 წლის 25 ოქტომბრის კონვენცია;
ბ) ცენტრალური ორგანო − საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი;
გ) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს (შემდგომში − სამინისტრო) შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფები − საკონსულო დეპარტამენტი (სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი); დიპლომატიური წარმომადგენლობები, საკონსულო დაწესებულებები (საზღვარგარეთ სამინისტროს ქვედანაყოფები);
დ) პოლიცია − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები;
ე) სააგენტო – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო, რომელიც არის მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო;
ვ) ტერიტორიული ერთეული – სააგენტოს ტერიტორიული ორგანო (ბავშვის ფაქტობრივი ადგილსამყოფლის მიხედვით). ცალკეულ შემთხვევებში ტერიტორიული ორგანოს ფუნქციები შეიძლება შეასრულოს სააგენტოს ცენტრალური აპარატის შესაბამისმა სტრუქტურულმა ქვედანაყოფმა;
ზ) შესაბამისი ორგანო − ბავშვთა საერთაშორისო არამართლზომიერი გადაადგილების, არამართლზომიერი დაკავებისა და ურთიერთობის უფლების განხორციელების საქმეების წარმოებასა და აღსრულებაში ჩართული ნებისმიერი ეროვნული ან საერთაშორისო ორგანო;
თ) უფლებამოსილი პირი – სააგენტოს (სააგენტოს ტერიტორიული ერთეულის) წარმომადგენელი, რომელიც სააგენტოს დირექტორის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე დადგენილი წესით იწყებს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას და აწარმოებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს;
ი) ბავშვი − 16 წლამდე ასაკის პირი;
კ) მეურვეობის უფლება − უფლება, რომელიც შეეხება ბავშვზე მზრუნველობასა და ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრას;
ლ) მეურვეობის უფლების მქონე პირი − ამ რეფერირებისა და აღსრულების პროცედურების მიზნებისათვის ჩაითვლება, რომ პირი ან ორგანო ახორციელებს მეურვეობას, თუ ბავშვი, ჩვეულებრივ, ცხოვრობდა საქართველოში ან კონვენციის ხელშემკვრელ სახელმწიფოში მის არამართლზომიერ გადაადგილებამდე/დაკავებამდე და მეურვეობას ეს პირი ან ორგანო რეალურად ახორციელებდა ინდივიდუალურად ან ისინი ახორციელებდნენ ერთობლივად, საქართველოს ან კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, სადაც ბავშვი, ჩვეულებრივ, ცხოვრობდა გადაადგილებამდე/დაკავებამდე;
მ) ბავშვთან ურთიერთობის უფლება − უფლება, რომელიც გულისხმობს ბავშვთან ნებისმიერი სახის კომუნიკაციას, მათ შორის, განსაზღვრული დროით ბავშვის ისეთ ადგილას წაყვანას, რომელიც არ არის მისი ჩვეული საცხოვრებელი ადგილი;
ნ) ურთიერთობის უფლების განხორციელებით დაინტერესებული პირი − პირი, რომელსაც აქვს ბავშვთან ურთიერთობის უფლება და დაინტერესებულია ამ უფლებით, რისთვისაც მიმართავს შესაბამის ორგანოებს;
ო) ბავშვის არამართლზომიერი გადაადგილება − პირისათვის ან ორგანოსათვის ინდივიდუალურად ან მათთვის ერთობლივად მიკუთვნებული იმ მეურვეობის უფლების დარღვევა, რომელიც უზრუნველყოფილი იყო იმ სახელმწიფოს კანონმდებლობით, სადაც ბავშვი, ჩვეულებრივ, ცხოვრობდა უშუალოდ არამართლზომიერ გადაადგილებამდე და რომელიც ბავშვის გადაადგილების დროისათვის რეალურად გამოიყენებოდა ინდივიდუალურად ან ერთობლივად ან/და ამგვარად გამოყენებული იქნებოდა, რომ არა მისი არამართლზომიერი გადაადგილება, ამასთანავე, ბავშვი ამ სახელმწიფოდან კონვენციის ხელშემკვრელ სახელმწიფოში მეურვეობის უფლების მქონე პირის ან ორგანოს ნებართვის გარეშე გადაადგილდა და მისი მოთხოვნის შემდეგ ბავშვის ქვეყანაში დაბრუნება არ ხდება;
პ) ბავშვის არამართლზომიერი დაკავება – პირისათვის ან ორგანოსათვის ინდივიდუალურად ან მათთვის ერთობლივად მიკუთვნებული იმ მეურვეობის უფლების დარღვევა, რომელიც უზრუნველყოფილი იყო იმ სახელმწიფოს კანონმდებლობით, სადაც ბავშვი, ჩვეულებრივ, ცხოვრობდა უშუალოდ არამართლზომიერ დაკავებამდე და რომელიც ბავშვის დაკავების დროისათვის რეალურად გამოიყენებოდა ინდივიდუალურად ან ერთობლივად ან/და ამგვარად გამოყენებული იქნებოდა, რომ არა მისი არამართლზომიერი დაკავება, ამასთანავე, ბავშვი ამ სახელმწიფოდან კონვენციის ხელშემკვრელ სახელმწიფოში განსაზღვრული ვადით მეურვეობის უფლების მქონე პირის ან ორგანოს ნებართვის შედეგად გადაადგილდა, თუმცა ამ ვადის გასვლის შემდეგ, მეურვეობის უფლების მქონე პირის ან ორგანოს მოთხოვნის მიუხედავად, ბავშვის ჩვეული საცხოვრებელი ადგილის ქვეყანაში დაბრუნება არ ხდება;
ჟ) მედიატორი − პირი, რომელიც იღებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ზომებს მხარეთა შორის დავის შეთანხმებით დასასრულებლად;
რ) სასამართლო მედიატორი − ამ რეფერირებისა და აღსრულების პროცედურების მიზნებისათვის პირი, რომელიც ახორციელებს სასამართლო მედიაციას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXI1 თავის შესაბამისად;
ს) ვალდებული მხარე (ვალდებული პირი) – მხარე (პირი), რომელსაც სასამართლოს გადაწყვეტილებით ეკისრება ბავშვის დაბრუნების ვალდებულება აღსრულებით დაინტერესებული მხარის სასარგებლოდ ან სასამართლოს გადაწყვეტილებით ეკისრება ბავშვთან ურთიერთობის უფლების განხორციელების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულება;
ტ) აღსრულებით დაინტერესებული მხარე – მხარე, რომლის სასარგებლოდაც სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე უნდა განხორციელდეს ბავშვის დაბრუნება/ბავშვთან ურთიერთობა;
უ) სააღსრულებო წარმოება – ბავშვის დაბრუნების/ბავშვთან ურთიერთობის საქმეებზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსასრულებლად გასატარებელი ღონისძიებების ერთობლიობა, რომელიც იწყება სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე;
ფ) სააღსრულებო მოქმედების ოქმი – სააგენტოს დირექტორის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმა, რომელიც დგება ყოველი სააღსრულებო მოქმედებისას და მოიცავს ამ მოქმედების აღწერილობას;
ქ) ჯარიმა – ადმინისტრაციული სახდელის ზომა, რომლის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება უფლებამოსილი პირის მიერ;
ღ) კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფო − სახელმწიფო, რომელიც არის კონვენციის წევრი ქვეყანა და ამავდროულად კონვენციის საფუძველზე საქართველოსთან ახორციელებს ორმხრივ თანამშრომლობას.
2. რეფერირებისა და აღსრულების პროცედურებში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, რაც გათვალისწინებულია კონვენციითა და საქართველოს კანონმდებლობი