1. ცენტრალური ორგანოს ფუნქციებს წარმოადგენს:
ა) საქართველოს ტერიტორიიდან კონვენციის ხელშემკვრელ სახელმწიფოში არამართლზომიერად გადაადგილებული ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის საქართველოში დაბრუნების საქმის მართვა და კოორდინაცია;
ბ) საქართველოს ტერიტორიაზე არამართლზომიერად შემოყვანილი ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის კონვენციის ხელშემკვრელ სახელმწიფოში დაბრუნების საქმის მართვა და კოორდინაცია;
გ) კონვენციით გათვალისწინებული ურთიერთობის უფლების განხორციელების უზრუნველსაყოფად, შესაბამისი პროცედურების განხორციელება.
2. საქართველოს ტერიტორიიდან კონვენციის ხელშემკვრელ სახელმწიფოში არამართლზომიერად გადაადგილებული ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის საქართველოში დაბრუნების პროცედურებში მონაწილეობისას ცენტრალური ორგანო:
ა) დაბრუნების პროცედურების დასაწყებად განაცხადს იღებს მეურვეობის უფლების მქონე პირისგან ან ორგანოსგან;
ბ) ბავშვის დაბრუნებისათვის ადმინისტრაციული ან სასამართლო პროცედურების დაწყების თაობაზე შუამდგომლობით მიმართავს კონვენციის იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს ცენტრალურ ორგანოს, რომელშიც ბავშვი საქართველოს ტერიტორიიდან არამართლზომიერად იქნა გადაადგილებული ან დაკავებული;
გ) დაინტერესებულ მხარეს აწვდის ინფორმაციას კონვენციის მოქმედების თაობაზე და მიუთითებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამის ნორმებსა და ბავშვის საქართველოს ტერიტორიაზე დაბრუნების მიზნით მიმდინარე პროცედურების თაობაზე;
დ) კონვენციის მიზნების შესასრულებლად ახორციელებს სხვა ღონისძიებებს.
3. საქართველოს ტერიტორიიდან კონვენციის ხელშემკვრელ სახელმწიფოში არამართლზომიერად გადაადგილებული ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის საქართველოში დაბრუნებისათვის ცენტრალური ორგანოს მიერ წარდგენილი შუამდგომლობა შეიძლება შეიცავდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) ბავშვის ადგილსამყოფლის დადგენა;
ბ) ისეთი დროებითი ღონისძიებების გატარება, რომლის საშუალებითაც თავიდან იქნება აცილებული ბავშვისთვის შემდგომი ზიანის მიყენება;
გ) ბავშვის ნებაყოფლობით დაბრუნება ან/და სხვა სადავო საკითხების მშვიდობიანი გზით მოგვარება;
დ) ბავშვის მდგომარეობასთან დაკავშირებული ინფორმაცია;
ე) ზოგადი ხასიათის ინფორმაცია იმ სახელმწიფოს კანონმდებლობის თაობაზე, სადაც ბავშვი არის არამართლზომიერად გადაადგილებული/დაკავებული;
ვ) ინფორმაცია საქართველოს ტერიტორიიდან არამართლზომიერად გადაადგილებული ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის დაბრუნების მიზნით კონვენციის ხელშემკვრელ სახელმწიფოში მიმდინარე პროცედურების თაობაზე და შესაბამისი დოკუმენტაცია, რომელიც იქნება თარგმნილი და დამოწმებული კონვენციით გათვალისწინებულ ენაზე;
ზ) შესაბამისი გადაწყვეტილების არსებობის შემთხვევაში, აღსრულებისა და ბავშვის საქართველოში დაბრუნების თაობაზე.
4. საქართველოს ტერიტორიაზე არამართლზომიერად შემოყვანილი ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის კონვენციის ხელშემკვრელ სახელმწიფოში დაბრუნების პროცედურებში მონაწილეობისას ცენტრალური ორგანო:
ა) კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოს ცენტრალური ორგანოსგან ან მეურვეობის უფლების მქონე პირისგან ან ორგანოსგან იღებს განაცხადს საქართველოს ტერიტორიაზე არამართლზომიერად შემოყვანილი ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის კონვენციის ხელშემკვრელ სახელმწიფოში დაბრუნების პროცედურების დაწყების თაობაზე;
ბ) არასრულყოფილი ინფორმაციის წარდგენის შემთხვევაში, მიმართავს მეურვეობის უფლების მქონე პირს, ორგანოს ან/და კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოს ცენტრალურ ორგანოს და მოითხოვს დამატებით ინფორმაციას, რომელიც აუცილებელია ბავშვის ჩვეული საცხოვრებელი ადგილის სახელმწიფოში დაბრუნების პროცედურების დაწყებისა და შემდგომი განხორციელებისათვის;
გ) ბავშვის ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაციის არარსებობისას უკავშირდება პირს, რომელმაც ჩვეული ადგილსამყოფელი სახელმწიფოდან საქართველოს ტერიტორიაზე არამართლზომიერად შემოიყვანა ან დააკავა ბავშვი ან/და მისი ოჯახის წევრებს და აწვდის მათ ინფორმაციას ბავშვის დაბრუნების პროცედურების, კონვენციისა და საქართველოს კანონმდებლობის შესახებ;
დ) არასრულყოფილი ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, შუამდგომლობით მიმართავს პოლიციას და მოითხოვს ინფორმაციას:
დ.ა) საქართველოს ტერიტორიაზე არამართლზომიერად შემოყვანილი ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვისა და იმ პირის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის თაობაზე, რომელსაც არამართლზომიერად ჰყავს შემოყვანილი ან დაკავებული ბავშვი საქართველოს ტერიტორიაზე;
დ.ბ) ბავშვის ფაქტობრივი ადგილსამყოფლის დადგენის თაობაზე;
ე) განაცხადის მიღების შემდეგ დაუყოვნებლივ აცნობებს სასამართლოს არამართლზომიერად გადაადგილებული ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის ჩვეულ ადგილსამყოფელ სახელმწიფოში დაბრუნების თაობაზე საქმისწარმოების დაწყების შესახებ;
ვ) კოორდინაციას უწევს ისეთ ღონისძიებებს, რომელიც უზრუნველყოფს ბავშვისათვის ზიანის მიყენების თავიდან აცილებას;
ზ) მხარეებს სთავაზობს დავის მოლაპარაკების გზით მოგვარებას;
თ) დავის მშვიდობიანი მოგვარების შეუძლებლობის შემთხვევაში, მიმართავს სასამართლოს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით;
ი) შეუძლია დაესწროს სასამართლოში საქმესთან დაკავშირებულ სასამართლო სხდომებს;
კ) სასამართლოში საქმის მსვლელობის თაობაზე ინფორმაციას აწვდის კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოს ცენტრალურ ორგანოს ან/და მეურვეობის უფლების მქონე პირს ან ორგანოს;
ლ) სასამართლოში ბავშვის დაბრუნების საკითხზე სამართალწარმოების დასრულებამდე ხელს უწყობს საქართველოს ტერიტორიაზე არამართლზომიერად შემოყვანილ ან არამართლზომიერად დაკავებულ ბავშვთან მეურვეობის უფლების მქონე პირის ურთიერთობის უფლების გამოყენებას;
მ) სასამართლოში ბავშვის დაბრუნების თაობაზე სამართალწარმოების დასრულებისთანავე აცნობებს კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოს ცენტრალურ ორგანოს ან/და მეურვეობის უფლების მქონე პირს ან ორგანოს საქმის დასრულების თაობაზე და აწვდის ინფორმაციას საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ;
ნ) კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოს ცენტრალურ ორგანოს ან/და მხარეს, მოთხოვნის საფუძველზე, აწვდის ინფორმაციას აღსრულების პროცედურების თაობაზე;
ო) ახორციელებს სხვა ღონისძიებებს კონვენციის მიზნების შესასრულებლად.
5. კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მყოფ ბავშვთან ურთიერთობის უფლების განხორციელების უზრუნველსაყოფად, შესაბამის პროცედურებში მონაწილეობისას ცენტრალური ორგანო:
ა) ურთიერთობის უფლების განხორციელებით დაინტერესებული პირისგან იღებს განაცხადს ურთიერთობის უფლების განხორციელების უზრუნველყოფის პროცედურების დაწყების თაობაზე;
ბ) განაცხადის მიღების შემდეგ მიმართავს კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოს ცენტრალურ ორგანოს შუამდგომლობით, რომელიც შეიძლება შეიცავდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ბ.ა) ბავშვის ადგილსამყოფლის დადგენა;
ბ.ბ) ურთიერთობის უფლების ნებაყოფლობითი განხორციელება ან/და სხვა სადავო საკითხების მშვიდობიანი გზით მოგვარება;
ბ.გ) ბავშვის მდგომარეობასთან დაკავშირებული ინფორმაცია;
ბ.დ) ზოგადი ხასიათის ინფორმაცია იმ სახელმწიფოს კანონმდებლობის თაობაზე, სადაც ბავშვი იმყოფება;
ბ.ე) ინფორმაცია ბავშვთან ურთიერთობის უფლების განსახორციელებლად კონვენციის ხელშემკვრელ სახელმწიფოში მიმდინარე პროცედურების თაობაზე;
ბ.ვ) შესაბამისი გადაწყვეტილების არსებობის შემთხვევაში, აღსრულებისა და ბავშვთან ურთიერთობის უფლების განხორციელების თაობაზე;
გ) დაინტერესებულ მხარეს აწვდის ინფორმაციას კონვენციის მოქმედების თაობაზე და მიუთითებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამის ნორმებზე;
დ) ურთიერთობის უფლების განხორციელებით დაინტერესებულ პირს აწვდის ინფორმაციას კონვენციის ხელშემკვრელ სახელმწიფოში მიმდინარე პროცედურების თაობაზე;
ე) კონვენციის მიზნების შესასრულებლად ახორციელებს სხვა ღონისძიებებს.
6. საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ ბავშვთან ურთიერთობის უფლების განხორციელების უზრუნველსაყოფად, შესაბამის პროცედურებში მონაწილეობისას ცენტრალური ორგანო:
ა) კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოს ცენტრალური ორგანოსგან ან უშუალოდ ურთიერთობის უფლების განხორციელებით დაინტერესებული პირისგან იღებს განაცხადს ურთიერთობის უფლების განხორციელების უზრუნველყოფის პროცედურების დაწყების თაობაზე;
ბ) არასრულყოფილი ინფორმაციის წარდგენის შემთხვევაში, განაცხადის მიღების შემდეგ მიმართავს ურთიერთობის უფლების განხორციელებით დაინტერესებულ პირს ან/და კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოს ცენტრალურ ორგანოს და მოითხოვს დამატებით ინფორმაციას, რომელიც აუცილებელია ურთიერთობის უფლების განხორციელების მიზნით შესაბამისი პროცედურების წარმართვისთვის;
გ) უკავშირდება პირს, ვისთანაც ბავშვი იმყოფება, ან მისი ოჯახის წევრებს და აწვდის მათ ინფორმაციას ურთიერთობის უფლების განხორციელების პროცედურების თაობაზე, იმ შემთხვევაში, თუ ცენტრალური ორგანოსათვის ცნობილია ბავშვის ადგილსამყოფელი;
დ) არასრულყოფილი ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, მიმართავს პოლიციას ბავშვის ფაქტობრივი ადგილსამყოფლის დადგენის მიზნით;
ე) შუამდგომლობის წარმდგენ სახელმწიფოს ცენტრალურ ორგანოს აწვდის ბავშვის მდგომარეობასთან დაკავშირებულ ინფორმაციას;
ვ) წარმართავს პროცედურებს ურთიერთობის უფლების ნებაყოფლობითი განხორციელების უზრუნველსაყოფად და მხარეებს სთავაზობს დავის მოლაპარაკების გზით მოგვარებას;
ზ) დავის მშვიდობიანი მოგვარების შეუძლებლობის შემთხვევაში, მიმართავს სასამართლოს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით;
თ) შეუძლია დაესწროს საქმესთან დაკავშირებულ სასამართლო სხდომებს;
ი) კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოს ცენტრალურ ორგანოს ან/და ურთიერთობის უფლების განხორციელებით დაინტერესებულ პირს, განცხადების საფუძველზე, აწვდის ინფორმაციას სასამართლოში საქმის მსვლელობის თაობაზე;
კ) სასამართლოში ბავშვთან ურთიერთობის უფლების განხორციელების საკითხზე სამართალწარმოების დასრულებამდე ხელს უწყობს ბავშვთან ურთიერთობის უფლების განხორციელებით დაინტერესებული პირის ურთიერთობის უფლების განხორციელებას;
ლ) სასამართლოში ბავშვთან ურთიერთობის უფლების განხორციელების საკითხზე სამართალწარმოების დასრულებისთანავე აცნობებს კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოს ცენტრალურ ორგანოს ან/და ურთიერთობის უფლების განხორციელებით დაინტერესებულ პირს საქმის დასრულების თაობაზე და აწვდის საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციას;
მ) კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოს ცენტრალურ ორგანოს ან/და მხარეს, მოთხოვნის საფუძველზე, აწვდის ინფორმაციას აღსრულების პროცედურების თაობაზე;
ნ) ახორციელებს კონვენციის მიზნების შესასრულებლად სხვა ღონისძიებებს.
7. ამ მუხლის მე-2 და მე-4–მე-6 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე არამართლზომიერად გადაადგილებული ან დაკავებული ბავშვის დაბრუნების შესახებ ან ურთიერთობის უფლების განხორციელების უზრუნველყოფის შესახებ განცხადების მიღების შემდეგ განცხადების განხილვისა და სასამართლოში გადაგზავნისთვის ცენტრალურ ორგანოს აქვს 6 კვირის ვადა;
ბ) საქართველოს ტერიტორიიდან არამართლზომიერად გადაადგილებული ან დაკავებული ბავშვის დაბრუნების შესახებ ან ურთიერთობის უფლების განხორციელების უზრუნველყოფის შესახებ განცხადებას ცენტრალური ორგანო განიხილავს და კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოს ცენტრალურ ორგანოს უგზავნის 6 კვირის ვადაში.
8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ვადა აითვლება კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოს ცენტრალური ორგანოს ან პირის მიერ ამ რეფერირებისა და აღსრულების პროცედურების მე-11 მუხლის მე-3 პუნქტითა და მე-13 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის წარდგენის მომენტიდა