1. კომერციული ბანკების, საბროკერო კომპანიებისა და აქტივების მმართველი კომპანიების საქმიანობა, მათი როლიდან გამომდინარე, დაფუძნებულია საზოგადოებრივ ნდობაზე. ამ კოდექსის მიზანია უზრუნველყოს კომერციული ბანკების, საბროკერო კომპანიებისა და აქტივების მმართველი კომპანიების, აგრეთვე მათ საქმიანობაში ჩართული პირების ეთიკური ქცევა, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს საბანკო სექტორისა და ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეპუტაციის ამაღლებას და გაზრდის მომხმარებელთა ნდობას. აღნიშნული დადებითად აისახება მთლიანად ფინანსური სისტემის ეფექტურ ფუნქციონირებაზე, ბაზრის მონაწილეების მდგრადობასა და საზოგადოებრივ კეთილდღეობაზე.
2. საბანკო და ფასიანი ქაღალდების ბაზრის მონაწილეების ეთიკის პრინციპებისა და პროფესიული ქცევის კოდექსის (შემდგომში – კოდექსი) მიზანია ფინანსურ ბაზრებზე ეთიკისა და პროფესიონალიზმის საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების დამკვიდრება, რაც ხელს შეუწყობს საბანკო, საბროკერო და აქტივების მმართველის საქმიანობის მიმართ საზოგადოების, მათ შორის, ინვესტორთა ნდობის ამაღლებასა და საბანკო და ფასიანი ქაღალდების ბაზრების სტაბილურ და ეფექტიან ფუნქციონირებას.
3. კოდექსით განსაზღვრული პრინციპები და სტანდარტები ვრცელდება კომერციულ ბანკებზე, საბროკერო კომპანიებსა და აქტივების მმართველ კომპანიებზე (მათ შორის საინვესტიციო კომპანიებზე, რომელთაც არ ჰყავთ დანიშნული გარე აქტივების მმართველი), მათ აქციონერებზე/მმართველი ორგანოს წევრებზე, ადმინისტრატორებსა და დასაქმებულ პირებზე, რომლებიც შესაბამისად ეწევიან საბანკო, საბროკერო ან/და აქტივების მმართველის საქმიანობას (შემდგომში – კოდექსის მოქმედების სფეროში შემავალი პირები).
4. ამ კოდექსით განსაზღვრული პრინციპები და სტანდარტები ეფუძნება სერტიფიცირებულ ფინანსურ ანალიტიკოსთა (CFA) ინსტიტუტის მიერ განსაზღვრულ ეთიკის პრინციპებსა და პროფესიული ქცევის სტანდარტების ჩარჩოს, რომელიც ფინანსურ ბაზარზე საყოველთაოდ აღიარებული და მიღებული სახელმძღვანელო სტანდარტებია. თუ ეს კოდექსი არ შეიცავს ჩანაწერს კონკრეტულ საკითხთან მიმართებით და არ არსებობს ეროვნული ბანკის მხრიდან საკითხის დამატებითი განმარტება, კოდექსის მოქმედების სფეროში შემავალმა პირებმა და ეროვნულმა ბანკმა საკითხის განხილვისას უნდა იხელმძღვანელონ სერტიფიცირებულ ფინანსურ ანალიტიკოსთა (CFA) ინსტიტუტის განმარტებებითა და პრაქტიკული სტანდარტების სახელმძღვანელოებით. თუ კოდექსში განსაზღვრული რომელიმე ცნების განმარტებასთან თუ სხვა საკითხთან მიმართებით ვერ მოხდა ფინანსური ბაზრის მონაწილესა და ეროვნულ ბანკს შორის საერთო მოსაზრებაზე შეთანხმება, საკითხი გადაწყდება ეროვნული ბანკის მოსაზრების შესაბამისა