კოდექსის მოქმედების სფეროში შემავალი პირები, რომლებიც საბანკო სექტორის მონაწილეები (ამ თავის მიზნებისთვის შემდგომში – საბანკო სექტორის მონაწილეები) არიან, ამ კოდექსის II თავით განსაზღვრულ პრინციპებთან ერთად,  მუდმივად უნდა იცავდნენ, მინიმუმ, შემდეგ სტანდარტებს:

ა) არ უნდა მონაწილეობდნენ და ხელს არ უნდა უწყობდნენ საზედამხედველო არბიტრაჟს (კომერციული ბანკის მხრიდან ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ ეკონომიკურ ნორმატივებთან, ლიმიტებთან, შეზღუდვებთან ან სხვა მოთხოვნებთან დაკავშირებული ან ნებისმიერი სხვა ინფორმაციის იმგვარი დამუშავება/წარმოდგენა ან/და ტრანზაქციის ისეთი ფორმით განხორციელება, რაც იმავე რისკ(ებ)ის შენარჩუნების პირობებში იწვევს კანონმდებლობის, მათ შორის, ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული მოთხოვნებისა და შეზღუდვების თავიდან არიდებას ან არამართლზომიერ შემსუბუქებას) და მკაცრად უნდა ემიჯნებოდნენ ნებისმიერი მსგავსი სახის პრაქტიკას;

ბ) უნდა უზრუნველყოფდნენ ე.წ. „ინფორმაციული მიჯნის“ შენარჩუნებას კომერციულ ბანკებსა და სხვა პირებს, მათ შორის, კომერციულ ბანკთან დაკავშირებულ მხარეებს შორის. კერძოდ, საბანკო ბაზრის მონაწილეებმა არ უნდა დაუშვან ბანკის შიდა ინფორმაციის (მატერიალური არასაჯარო ინფორმაცია, რომელზეც საბანკო ბაზრის მონაწილეებს ხელი მიუწვდება კომერციული ბანკის კაპიტალში (მეწილეობით) ან საქმიანობით, პროფესიული ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებით ან კომერციულ ბანკთან სხვა კავშირის გამო ან როდესაც ასეთ ინფორმაციას საბანკო ბაზრის მონაწილე სხვა გზით მიიღებს) არასათანადო გადადინება სხვა პირებთან, მათ შორის, კომერციული ბანკის დაკავშირებულ მხარეებთან;

გ) ხელს უნდა უწყობდნენ კეთილსინდისიერებას საბანკო სექტორში. „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონითა და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნებისა და შეზღუდვების გათვალისწინებით, საბანკო ბაზრის მონაწილეები არ უნდა ჩაებან ისეთ პრაქტიკაში, რომლის მიზანი ან შედეგია კონკურენციის შეზღუდვა, აღკვეთა ან/და აკრძალვა ან/და რომელიც აფერხებს/შესაძლოა შეაფერხოს თავისუფალი საფინანსო საქმიანობა ან ფინანსური პროდუქტების თავისუფალი შეთავაზება ან/და არასათანადო უპირატესობას ანიჭებს/შესაძლოა, მიანიჭოს მათ ფინანსურ ბაზარზე, მათ შორის, საბანკო სექტორის სხვა მონაწილეებთან მიმართებით, რაც არ შემოიფარგლება, თუმცა, გულისხმობს შემდეგი სახის პრაქტიკას:

გ.ა) „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენება ან/და კონკურენციის შემზღუდველი ხელშეკრულება, გადაწყვეტილება და შეთანხმებული ქმედება, რაც არ შემოიფარგლება, თუმცა, მოიცავს შემდეგი სახის ქმედებებს:

გ.ა.ა)  შესყიდვის ან გაყიდვის ფასების (მათ შორის, არასამართლიანი ფასების) ან სხვა სავაჭრო პირობების (მათ შორის, არასამართლიანი სავაჭრო პირობების) პირდაპირ ან არაპირდაპირ დადგენა;

გ.ა.ბ) განსხვავებული/დისკრიმინაციული პირობების დაწესება ერთიდაიმავე ან მსგავს ტრანზაქციებზე ბაზრის არსებული და პოტენციური მონაწილეებისთვის ბაზარზე შესვლის ხელოვნური ბარიერების დაწესების ან არსებული მონაწილეების ბაზრიდან გაშვების მიზნით. ასევე, დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით ექსკლუზიური შეთანხმება ან უარის თქმა გარიგებაზე, მათ შორის, ბანკთან დაკავშირებული მხარის სასარგებლოდ;

გ.ა.გ) საფინანსო სექტორში მონოპოლიური ბერკეტების მოპოვება და შენარჩუნება, რომლის შედეგი ან მიზანი კონკურენციის არამართლზომიერი შეზღუდვაა;

გ.ბ) სექტორში კონცენტრაცია – საბანკო ბაზრის მონაწილეები არ უნდა ჩაებან ისეთ პრაქტიკაში, რომელიც ხელს უწყობს სექტორში კონცენტრაციის ზრდას კონკურენციის არამართლზომიერი შეზღუდვის მიზნით. ამასთან, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის კონცენტრაციის დაუშვებლობის პრინციპის გათვალისწინებით, დაუშვებელია კონცენტრაცია, რომელიც არსებითად ზღუდავს ეფექტიან კონკურენციას საბანკო სექტორში. თუ კონცენტრაცია წარმოქმნის ან აძლიერებს დომინანტურ მდგომარეობას, ივარაუდება, რომ ასეთი კონცენტრაცია არსებითად ზღუდავს ეფექტიან კონკურენციას საბანკო სექტორში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეკონომიკური აგენტი საპირისპიროს დაასაბუთებს.

თავი IV. პროფესიული ქცევის სტანდარტები პირებისთვის, რომლებიც მონაწილეობენ ფასიანი ქაღალდების ბაზარ