1. კომერციული ბანკი, საბროკერო კომპანია და აქტივების მმართველი კომპანია ვალდებულნი არიან, შექმნან ამ კოდექსით განსაზღვრული პრინციპებისა და სტანდარტების ეფექტური შესრულებისთვის საჭირო გარემო, მათ შორის, შეიმუშავონ (ან არსებული შიდა დოკუმენტები შეუსაბამონ) ამ კოდექსთან შესაბამისობაში მყოფი შიდა სტანდარტის დოკუმენტ(ებ)ი, რომელიც მინიმუმ უნდა მოიცავდეს ეთიკისა და პროფესიული ქცევის სტანდარტებს, მათი ეფექტური შესრულების უზრუნველყოფისა და მონიტორინგის, შესაბამისი ანგარიშგების, დარღვევის ფაქტების გამოძიების, დისციპლინური პასუხისმგებლობისა და შესაბამისი ზომების, საჩივრების განხილვის საკითხებს. კომერციულ ბანკს, საბროკერო კომპანიას და აქტივების მმართველ კომპანიას უნდა გააჩნდეთ ეთიკის პრინციპებისა და სტანდარტების დარღვევის თაობაზე განცხადების/საჩივრების მიღების ეფექტური სისტემა და მექანიზმები, რომელიც მათ შორის, უზრუნველყოფს განცხადების/საჩივრის ავტორის ანონიმურობას (განცხადების/საჩივრის ავტორის მოთხოვნის შემთხვევაში).
2. კომერციულმა ბანკმა, საბროკერო კომპანიამ და აქტივების მმართველმა კომპანიამ უნდა უზრუნველყონ აღნიშნული პრინციპებისა და სტანდარტების, მათი დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი პროცედურული საკითხებისა და პასუხისმგებლობის/ზომების შესახებ, ასევე, შიდა სტანდარტში განხორციელებული ცვლილებების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება კოდექსის მოქმედების სფეროში შემავალი პირებისთვის, მათ შორის, უზრუნველყოფილი უნდა იქნეს აქციონერების სათანადო ინფორმირება, რაც შესაძლოა განხორციელდეს კოდექსის/ინფორმაციის/ცვლილებების ვებგვერდზე გამოქვეყნებით ან/და მათთვის ელექტრონული/მატერიალური ფორმით გაგზავნის გზით. კომერციული ბანკი, საბროკერო კომპანია და აქტივების მმართველი კომპანია ხელს უნდა უწყობდნენ მათ მუდმივ შესაბამისობას ამ კოდექსით განსაზღვრულ პრინციპებთან და სტანდარტებთან, რაც სულ მცირე მოიცავს შესაბამის სწავლებებსა და გადამზადებას, ასევე, პოტენციური დარღვევების ეფექტური აღმოფხვრის მექანიზმის შემუშავებას.
3. გარდა ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნებისა, კომერციულმა ბანკმა დამატებით უნდა უზრუნველყოს შემდეგი:
ა) ამ კოდექსის/ბანკის შიდა დოკუმენტის ეფექტური შესრულების მიზნებისათვის, უნდა შექმნას (ან არსებულ სტრუქტურულ ერთეულს ფუნქციურად შეუთავსოს) შესაბამისი სტრუქტურული ერთეული, რომელიც სხვა ფუნქციებთან ერთად, შეიმუშავებს ამ მუხლის პირველ პუნქტში განსაზღვრულ ბანკის შიდა დოკუმენტ(ებ)ს, მუდმივ მონიტორინგს გაუწევს ამ კოდექსისა და ბანკის შიდა სტანდარტების შესრულებას, მიიღებს, განიხილავს და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს მიღებულ საჩივრებსა და დარღვევის ფაქტებზე, ამასთან, დარღვევის ფაქტის არსებობის დადასტურების შემთხვევაში, განახორციელებს დამრღვევ პირთა მიმართ შესაბამისი ზომების გატარებას;
ბ) თუ პრეტენზიას/განცხადებას/საჩივარს ბანკში მომხმარებელი წარადგენს, აღნიშნული პრეტენზიის/განცხადების/საჩივრის განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება „ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 23 დეკემბრის №151/04 ბრძანებით დამტკიცებული წესითა და მოთხოვნების დაცვით უნდა განხორციელდეს აღნიშნულზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ. თუ აღნიშნული მოკვლევის ფარგლებში გამოიკვეთება ამ კოდექსის მოქმედების სფეროში შემავალი პირის მხრიდან ამ კოდექსის რომელიმე მოთხოვნის შესაძლო დარღვევა, საქმის ამ მიმართულების პარალელური მოკვლევა და დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში – შესაბამისი ზომების მიღება, უნდა განახორციელოს ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულმა სტრუქტურულმა ერთეულმა;
გ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სტრუქტურული ერთეულის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში (გარდა მომხმარებლების საჩივრების/პრეტენზიებისთაობაზე მიღებული გადაწყვეტილებებისა, რომელთა განხილვის პროცედურულ საკითხებს „ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 23 დეკემბრის №151/04 ბრძანებით დამტკიცებული წესი განსაზღვრავს), საჩივარს განიხილავს კომერციული ბანკის სამეთვალყურეო საბჭო/სამეთვალყურეო საბჭოსთან არსებული ეთიკის/შესაბამისობის/კორპორაციული მართვის კომიტეტი და საჭიროების შემთხვევაში, მიიღებს გადაწყვეტილებას საკითხის განმეორებითი მოკვლევის/სტრუქტურული ერთეულის მიერ მიღებული ზომების შეცვლის/პირველადი გადაწყვეტილების უცვლელად ძალაში დატოვების/პირველადი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე. ამასთან, სამეთვალყურეო საბჭო ამტკიცებს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შიდა სტანდარტის დოკუმენტებს და იღებს პერიოდულ ანგარიშგებას შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ შეფასების შედეგების, საჩივრებისა და მიღებული გადაწყვეტილებების თაობაზე. ამ პუნქტით გათვალისწინებული ფუნქციების ეფექტური შესრულების მიზნებისათვის, სისტემურად მნიშვნელოვანი ან/და იმ კომერციული ბანკების მიერ, რომლებიც ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით დაექვემდებარებიან აღნიშნულ მოთხოვნას მათი ზომის, ტიპის, კომპლექსურობისა თუ სხვა მახასიათებლების გათვალისწინებით, სამეთვალყურეო საბჭოსთან უნდა შეიქმნას ეთიკის/შესაბამისობის/კორპორაციული მართვის კომიტეტი (შემდგომ – კომიტეტი), რომელიც ამ პუნქტში მოცემული ფუნქციების შესრულებისა და საქმიანობის თაობაზე განახორციელებს პერიოდულ ანგარიშგებას სამეთვალყურეო საბჭოსთან (შემდგომ – საბჭო).
დ) ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მიზნებისთვის, თუ საბჭოს/კომიტეტის შემადგენლობაში შემავალ რომელიმე წევრს აქვს პირდაპირი ან არაპირდაპირი კავშირი განსახილველ საქმესთან ან მასთან კავშირში მყოფ პირთან/პირებთან, რამაც შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას საბჭოს/კომიტეტის წევრის ობიექტურობასა და დამოუკიდებლობას ან წარმოშვას ინტერესთა კონფლიქტი, აღნიშნულმა წევრმა არ უნდა მიიღოს მონაწილეობა საქმის განხილვასა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებაში და ის კონკრეტული საქმის განხილვის ფარგლებში უნდა გამოირიცხოს საბჭოს/კომიტეტის შემადგენლობიდან.
4. კომერციული ბანკი (შესაბამისი სტრუქტურული ერთეული), საბროკერო კომპანია და აქტივების მმართველი კომპანია ვალდებულნი არიან, სხვადასხვა წყაროდან უზრუნველყოფდნენ შეუსაბამობის/დარღვევის ფაქტებისა და ინციდენტების მოძიებასა და მიღებას, მათ შორის, მოიაზრება მონიტორინგის პროცესში გამოვლენილი ინციდენტები და დარღვევები, თვითგამჟღავნება, წერილობითი საჩივრები ან სხვა საჯარო წყაროდან მიღებული ინფორმაცია. კონკრეტული შემთხვევის მოკვლევის პროცესი სხვა მექანიზმებთან ერთად უნდა მოიცავდეს ახსნა-განმარტების მიღებას, შესაბამისი ინფორმაციის მოგროვებასა და გამოკითხვების წარმოებას. მოკვლევის შედეგების საფუძველზე სტრუქტურული ერთეული იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.
5. კომერციული ბანკი (შესაბამისი სტრუქტურული ერთეული), საბროკერო კომპანია და აქტივების მმართველი კომპანია ვალდებულნი არიან, შეუსაბამობის/დარღვევის ფაქტების მოკვლევა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება განახორციელონ ამ კოდექსის, მის საფუძველზე შემუშავებული შიდა სტანდარტებისა და სერტიფიცირებულ ფინანსურ ანალიტიკოსთა (CFA) ინსტიტუტის სტანდარტების, ასევე, ზოგადი ეთიკის პრინციპებისა და ნორმების, მათ შორის, თანასწორობისა და მიუკერძოებლობის პრინციპთა დაცვით.
6. კომერციული ბანკი, საბროკერო კომპანია და აქტივების მმართველი კომპანია ვალდებულნი არიან, განახორციელონ ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული ყოველთვიური ანგარიშგება ეროვნულ ბანკთან ამ კოდექსის ფარგლებში დაფიქსირებულ ინციდენტებთან, დარღვევებთან, საჩივრებთან და გატარებულ ზომებთან დაკავშირები