1. ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავლებმა მათი საქმიანობის სპეციფიკის, ზომისა და მასშტაბის გათვალისწინებით უნდა უზრუნველყონ:

ა) შესაბამისობის ოფიცრის დანიშვნა, რომლის უფლებები და პასუხისმგებლობები ნათლად იქნება განსაზღვრული, რომელიც იქნება დამოუკიდებელი და ექნება საჭირო ძალაუფლება და რესურსი იმისთვის, რომ უზრუნველყოს კომპანიის პროცედურების შესაბამისობა კანონმდებლობასთან;

ბ) საქმიანობის ორგანიზება იმგვარად, რომ თავიდან იქნეს აცილებული ინტერესთა კონფლიქტი. აღნიშნული, უზრუნველყოფილ  უნდა იქნეს ფუნქციების სეგრეგირებით, მათ შორის:

ბ.ა) სავაჭრო, რისკების მართვისა და ტრანზაქციების დამუშავების, ანგარიშსწორებისა და აღრიცხვის ფუნქციების ერთმანეთისგან გამიჯვნით;

ბ.ბ) საკუთარი და კლიენტების ოპერაციების ერთმანეთისგან გამიჯვნით.

2. ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავლები ვალდებულნი არიან გააჩნდეთ:

ა) თანამშრომელთა ქცევისა და ეთიკის კოდექსი, რომლითაც უნდა უზრუნველყონ პოტენციურად დაუშვებელი ქცევისა და პრაქტიკის იდენტიფიცირება და მართვა;

ბ) კლიენტების დავალებების მართვისა და  აღსრულების პოლიტიკა და პროცედურები;

გ) კლიენტებთან კომუნიკაციის პოლიტიკა, რომელიც სულ მცირე უნდა მოიცავდეს კლიენტებთან ურთიერთობის გზებისა და საშუალებების აღწერას;

დ) მმართველი ორგანოს წევრებისა და თანამშრომლების საკუთარი გარიგებების/ვაჭრობის პოლიტიკა და შესაბამისი კონტროლი;

ე) სახელფასო და დაწინაურების ისეთი სტრუქტურა, რომელიც ხელს შეუწყობს ჯანსაღი საბაზრო პრაქტიკის განხორციელებას და არ შექმნის პოტენციურ ინტერესთა კონფლიქტს ბაზრის შუამავალსა და კლიენტებს შორის.

3. ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავლები ვალდებულნი არიან:

ა) კლიენტებთან/პოტენციურ კლიენტებთან არსებული კომუნიკაციის მხარდასაჭერად უზრუნველყონ თავიანთ საინვესტიციო ანალიზთან, რჩევებსა და რეკომენდაციებთან, სხვა არსებით პროფესიულ მოქმედებებსა და ინვესტიციებთან დაკავშირებული სათანადო, დროული, თანმიმდევრული და ზუსტი ჩანაწერების წარმოება;

ბ) უზრუნველყონ გარიგებების დადება სამსახურებრივი კომუნიკაციის საშუალებით, რომელიც უზრუნველყოფს გარიგების შესახებ კომუნიკაციისა და ინფორმაციის შენახვას შემდგომი აუდიტის მიზნით. თუ ბაზრის შუამავლის შიდა პოლიტიკით დაშვებულია სამსახურებრივი მობილური საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენება, ბაზრის მონაწილე ვალდებულია აღნიშნულ საშუალებებზეც უზრუნველყოს გარიგებებთან დაკავშირებული ნებისმიერი კომუნიკაციის ჩაწერა და შენახვა. ტელეფონით (ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით) დადებული გარიგებები სავალდებულო წესით უნდა აღირიცხოს ბაზრის შუამავლის შესაბამის სისტემაში;

გ) შეიმუშაონ ჩანაწერების წარმოების პოლიტიკა და საქმიანობის ნებისმიერ ეტაპზე განახორციელონ ჩანაწერების წარმოება იმ სახით, რომ უზრუნველყოფილ იქნეს მათი სიზუსტე და სისრულე.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ჩანაწერები შენახული უნდა იყოს  ისეთი სახით, რომ შესაძლებელი იყოს ყველა შეტანილი ცვლილების, ცვლილებამდელი ჩანაწერის, ცვლილების თარიღისა და ცვლილების განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირის ნახვა, როგორც ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავლისთვის, ასევე ეროვნული ბანკისა და აუდიტისთვის.

5. ამ მუხლში განსაზღვრული დოკუმენტაცია და ჩანაწერები შესაძლებელია არსებობდეს როგორც მატერიალური, ისე ელექტრონული ფორმით და ბაზრის შუამავალმა მათი შენახვა უნდა უზრუნველყოს მინიმუმ 6 წლის ვადით.

თავი V. დამატებითი ვალდებულებები, პროცედურებიული წესები, საზედამხედველო ქმედებები და სანქციე