კოდექსის მოქმედების სფეროში შემავალი პირები უნდა იცავდნენ ინტერესთა კონფლიქტისა და სხვა შემდეგ სტანდარტებს:
ა) ინტერესთა კონფლიქტის მართვა და გამჟღავნება – კოდექსის მოქმედების სფეროში შემავალმა პირებმა უნდა მიიღონ ყველა ზომა იმისთვის, რომ უზრუნველყონ ინტერესთა კონფლიქტის იდენტიფიცირება, თავიდან აცილება და მართვა. როდესაც ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილება შეუძლებელია, მათ სრულად, სამართლიანობის პრინციპის დაცვით უნდა გაამჟღავნონ ყველა ის საკითხი, რამაც შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას მათ დამოუკიდებლობასა და ობიექტურობას ან ხელი შეუშალოს მათი მოვალეობების შესრულებას მომხმარებლებისა და დამსაქმებლის მიმართ. ასეთი გამჟღავნება უნდა განხორციელდეს ცხადად, გასაგებ ენაზე და შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებით;
ბ) ტრანზაქციების პრიორიტეტულობა – აკრძალულია წინსწრებით ვაჭრობა. პირად ტრანზაქციებთან მიმართებით, უპირატესობა უნდა ენიჭებოდეს მომხმარებლებისა და დამსაქმებლებისთვის შესასრულებელ ტრანზაქციებს;
გ) მესამე მხარის მოსაკრებლები და ბონუსები – კოდექსის მოქმედების სფეროში შემავალმა პირებმა დამსაქმებელსა და მომხმარებლებს წინასწარ უნდა გაუმჟღავნონ ინფორმაცია კონკრეტული საქმიანობის/მომსახურების გაწევისთვის მესამე მხარისგან მისაღები ან/და მათთვის გასაცემი ნებისმიერი სახის კომპენსაციის ან სარგებლის შესახებ;
დ) ქცევის ზოგადი სტანდარტი კოდექსის მოქმედების სფეროში შემავალი პირებისათვის – კოდექსის მოქმედების სფეროში შემავალმა პირმა არ უნდა შელახოს კომერციული ბანკის, საბროკერო კომპანიის ან აქტივების მმართველი კომპანიის (რომელშიც დასაქმებულია/რომლის აქციონერიცაა) და ამასთან საფინანსო ბაზრის რეპუტაცია და კეთილსინდისიერება. ამასთან, საფრთხე არ უნდა შეუქმნას საფინანსო სექტორის ფინანსურ სტაბილურობასა და უსაფრთხოებას;
ე) კომპანიის ან საკუთარი პოზიციის სტატუსის გამოყენება – კოდექსის მოქმედების სფეროში შემავალმა პირებმა კომერციული ბანკის, საბროკერო კომპანიის ან აქტივების მმართველი კომპანიის ან საკუთარი პოზიციის სტატუსის გამოყენებისას არ უნდა მოახდინონ პირთა შეცდომაში შეყვანა ან/და აღნიშნული სტატუსის არასათანადოდ გამოყენება.