1. კოდექსის მოქმედების სფეროში შემავალი პირები უნდა აცნობიერებდნენ, რომ კოდექსით განსაზღვრული პრინციპებისა და სტანდარტების დარღვევის შემთხვევაში, დამრღვევი პირის მიმართ დარღვევის სერიოზულობიდან გამომდინარე, შესაძლოა, გატარებულ იქნეს საქართველოს კანონმდებლობით ან/და კომერციული ბანკის/საბროკერო კომპანიის/აქტივების მმართველი კომპანიის შიდა სტანდარტების დოკუმენტით განსაზღვრული ზომები.

2. კომერციული ბანკის ეთიკის/შესაბამისობის/კორპორაციული მართვის კომიტეტის, აგრეთვე საბროკერო კომპანიის ან აქტივების მმართველი კომპანიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით შესაბამისი განცხადება შესაძლოა, წარედგინოს ეროვნულ ბანკს, რომელიც უფლებამოსილია, გაატაროს შესაბამისი საზედამხედველო ღონისძიებები, ამ კოდექსის ფარგლებში დაფიქსირებულ ინციდენტებთან და დარღვევებთან დაკავშირებული ინფორმაციის საფუძველზე კომერციულ ბანკთან/საბროკერო კომპანიასთან/აქტივების მმართველ კომპანიასთან ერთად ან დამოუკიდებლად განახორციელოს შესაბამისი მოკვლევა და მიიღოს  შესაბამისი ზომები. მათ შორის, დარღვევის სერიოზულობიდან გამომდინარე:

ა) კომერციული ბანკების მიმართ გამოიყენოს „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლით გათვალისწინებული საზედამხედველო ზომა ან/და სანქცია;

ბ) საბროკერო კომპანიების მიმართ გამოიყენოს „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის 55-ე და 551 მუხლებით გათვალისწინებული სანქციები;

გ) აქტივების მმართველი კომპანიების მიმართ გამოიყენოს „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის 78-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციები.

3. პირს პასუხისმგებლობა დაეკისრება იმ შემთხვევაში, თუ ის აცნობიერებდა,  შეეძლო ან უნდა გაეცნობიერებინა, რომ კოდექსით ან/და კომერციული ბანკის/საბროკერო კომპანიის/აქტივების მმართველი კომპანიის შიდა სტანდარტით გათვალისწინებულ მოთხოვნას არღვევდა.

4. თუ კონკრეტული დარღვევისთვის კანონმდებლობით გათვალისწინებულია სხვა უფრო მკაცრი სანქცია, პირს უფრო მკაცრი პასუხისმგებლობა დაეკისრება. თუ უფრო მკაცრი სანქციის/პასუხისმგებლობის დაკისრება სისხლისსამართლებრივი, სამოქალაქოსამართლებრივი ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების ფარგლებში (გარდა ეროვნული ბანკის წარმოებაში არსებული საქმეებისა) განხორციელდება, ეს არ გამორიცხავს პირისთვის ამ კოდექსიდან გამომდინარე სანქციის დაკისრებასაც.

5. კომერციული ბანკების შემთხვევაში, კოდექსის მოქმედების სფეროში შემავალი პირების მიერ ამ კოდექსით განსაზღვრული ეთიკის პრინციპებისა და პროფესიული ქცევის სტანდარტების დაცვის საკითხი სხვა საკითხებთან ერთად იქნება გათვალისწინებული კომერციული ბანკების რისკების შეფასების საერთო პროგრამის (GRAPE) ფარგლებში კორპორაციული მართვის რისკისა და ადმინისტრატორთა კანონმდებლობით განსაზღვრული შესაფერისობის კრიტერიუმებთან შესაბამისობის შეფასებისა