ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) საჰაერო გადამზიდველი/ექსპლუატანტი − საქართველოში რეგისტრირებული ან უცხო ქვეყნის საჰაერო გადამყვან-გადამზიდველი, რომელსაც შესაბამისი დოკუმენტის საფუძველზე აქვს საჰაერო ხომალდით კომერციული გადაყვანა-გადაზიდვის უფლება, გაცემული შესაბამისი სახელმწიფოს მიერ;

ბ) საერთაშორისო ფრენა − რეგულარული ან არარეგულარული ფრენა, განხორციელებული საჰაერო გადამზიდველის მიერ:

ბ.ა) ნებისმიერი უცხო ქვეყნიდან საქართველოს მიმართულებით (მათ შორის, მესამე ქვეყნების ტერიტორიაზე შეჩერებებით);

ბ.ბ) საქართველოდან ნებისმიერი უცხო ქვეყნის მიმართულებით (მათ შორის, მესამე ქვეყნების ტერიტორიაზე შეჩერებებით);

გ) მგზავრი − ნებისმიერი, მათ შორის, ტრანსფერით ან ტრანზიტით მიმავალი პირი, რომელიც მგზავრობს ან უნდა იმგზავროს საჰაერო ხომალდით, საჰაერო გადამზიდველის თანხმობით, რაც გამოიხატება საჰაერო გადამზიდველის მიერ პირის რეგისტრაციით მგზავრთა სიაში, ასევე ეკიპაჟის წევრი;

დ) მგზავრის წინასწარი მონაცემი − ამ დადგენილებით დამტკიცებული №1-ა დანართით განსაზღვრული მონაცემები თითოეული მგზავრის შესახებ;

ე) უფლებამოსილი ორგანო − საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო;

ვ) სასაზღვრო კონტროლის ორგანო − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო კონტროლის განხორციელებაზე უფლებამოსილი დანაყოფი;

ზ) სასაზღვრო უსაფრთხოების ორგანო − საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური;

თ) საბაჟო კონტროლის ორგანო − საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის −  შემოსავლების სამსახურის საბაჟო კონტროლის განხორციელებაზე უფლებამოსილი დანაყოფ