1. სამხედრო დანიშნულების ქონების − მოძრავი ნივთის პირობით ან უპირობოდ, აუქციონის გარეშე, პირდაპირი მიყიდვის ფორმით საკუთრებაში მიმღები შეიძლება იყოს:

ა) საქართველოსა და სხვა ქვეყნის ფიზიკური პირი ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირი;

ბ) სხვა ქვეყნის სახელმწიფო ორგანო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია.

2. სამხედრო დანიშნულების ქონების აუქციონის გარეშე პირდაპირი მიყიდვა, მათ შორის, მესამე პირის მეშვეობით, ხორციელდება საქართველოს მთავრობის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე. საკითხს მთავრობაზე განსახილველად ამზადებს სამინისტრო.

3. სამხედრო დანიშნულების ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით, აუქციონის გარეშე გაყიდვის მიზანია საკუთრების უფლება მიენიჭოს დაინტერესებულ პირს, რომელიც თანახმაა, გადაიხადოს ამ ქონების სარეალიზაციო ფასი და შეასრულოს შესაბამისი პირობები.

4. პირდაპირი მიყიდვის ფორმით სამხედრო დანიშნულების ქონების შემძენთან ფორმდება ხელშეკრულება, რაც წარმოადგენს ამ ქონების აღრიცხვიდან მოხსნის საფუძველს.

5. მყიდველი ვალდებულებებს ასრულებს პირადად ან სხვა პირის მეშვეობით, დაწესებულების წინასწარი წერილობითი თანხმობის შემთხვევაში.

6. მყიდველი ვალდებულია, სამხედრო დანიშნულების ქონების გამოყენებისას დაიცვას ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და დაწესებულებას მოთხოვნისთანავე წარუდგინოს ინფორმაცია მათ შესრულებაზე.

7. მყიდველზე საკუთრების უფლება გადადის შესაბამისი ხელშეკრულების ძალაში შესვლის მომენტიდან, თუ ამავე ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. იმ შემთხვევაში, თუ სამხედრო დანიშნულების ქონების შემძენმა უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები, მას საკუთრების უფლება ეძლევა ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით.

8. მყიდველის მიერ ვალდებულებების შესრულება სრულად უნდა იყოს უზრუნველყოფილი საბანკო გარანტიით, რომლის ვადა ერთი თვით უნდა აღემატებოდეს ამ ვალდებულებების შესრულების ვადას.

9. მყიდველი სარეალიზაციო ფასს (ღირებულებას) იხდის შესაბამისი ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში. თუ მყიდველი დადგენილ ვადაში არ გადაიხდის სარეალიზაციო ფასს (ღირებულებას), მყიდველისათვის სარეალიზაციო ფასის (ღირებულების) გადახდისათვის მიცემული დამატებითი ვადის უშედეგოდ გასვლის შემთხვევაში უქმდება შესაბამისი ხელშეკრულება, აგრეთვე შესაბამისი რეგისტრაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და გაყიდული სამხედრო დანიშნულების ქონება ბრუნდება სახელმწიფო საკუთრებაში.

10. მყიდველის მიერ ან ამ ქონების ყოველი შემდგომი განკარგვისას (მიუხედავად ასეთი განკარგვის ფორმისა და რაოდენობისა) ახალ და ყოველ შემდგომ მყიდველზე სრულად გადადის სახელმწიფოს წინაშე ნაკისრი ვალდებულებები.

11. მყიდველს, შეძენილი სამხედრო დანიშნულების ქონების სარეალიზაციო ფასის (ღირებულების) გადახდამდე, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, არ აქვს უფლება, ამ ქონებაზე საკუთრების უფლება გადასცეს სხვა პირს, ეს ქონება გასცეს სარგებლობის უფლებით ან სხვაგვარად დატვირთოს, გარდა შესაბამისი დაწესებულების წინასწარი წერილობითი თანხმობისა. ამასთან, მყიდველი პასუხისმგებელია მიღებული ქონების მოვლა-პატრონობასა და დაცვაზე.

12. მყიდველის მიერ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში დაწესებულება 30 კალენდარული დღის ვადაში გასცემს ვალდებულების სრულად ან მისი ნაწილის შესრულების წერილობით ან ელექტრონულად დადასტურებას.

13. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მყიდველი იღებს წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა, პირგასამტეხლოს ოდენობა და გადახდის წესი ან მოთხოვნის უზრუნველყოფის სხვა დამატებითი საშუალებები, რომელიც განისაზღვრება ხელშეკრულებით. სარეალიზაციო ფასის (ღირებულების) გადაუხდელობის შემთხვევაში, პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს გადაუხდელი თანხის 0,1%-ს დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

14. დამატებითი ვადის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად წარდგენილი მოქმედი საბანკო გარანტიის ვადას.

15. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევა ან/და დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა განიხილება ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის საფუძვლად. ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის შემთხვევაში გაყიდული ქონება ბრუნდება სახელმწიფო საკუთრებაში და უქმდება ამ ქონებაზე რეგისტრირებული სხვა პირის ნებისმიერი უფლება. ამასთანავე, ამ ქონების მყიდველს სახელმწიფო არ აუნაზღაურებს გადახდილ თანხებსა და გაწეულ ხარჯებს.

16. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მესამე პირი შეიძლება იყოს საქართველოს ან უცხო ქვეყნის კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც ერთდროულად აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) ფლობს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სამხედრო პროდუქციის ვაჭრობის, დამზადების, წარმოების, აგრეთვე შეკეთების (მოდერნიზებისა და ადგილზე მომსახურების ჩათვლით) გენერალურ ლიცენზიებს, აგრეთვე სამხედრო პროდუქციაზე საბროკერო მომსახურების მოქმედ ლიცენზიას;

ბ) აქვს დაწესებულებასთან სახელშეკრულებო ურთიერთობის (სამხედრო დანიშნულების ქონების დამზადების, წარმოების ან/და შეკეთების (მოდერნიზებისა და ადგილზე მომსახურების ჩათვლით) ან/და მისთვის სამხედრო დანიშნულების ქონების მიყიდვის) გამოცდილება ბოლო 5 კალენდარული წლის განმავლობაში;

გ) აქვს „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სახელმწიფო საიდუმლოებასთან იურიდიული პირის დაშვება;

დ) საკუთრებაში აქვს საქართველოში მდებარე უძრავი ქონება, რომლის ღირებულება აღემატება ხუთ მილიონ ლარს;

ე) მის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მიმართ არ მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა ან/და რომელსაც მოხსნილი ან გაქარწყლებული აქვს ნასამართლობა;

ვ) მის მიმართ არ მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა ან/და არ არის გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი;

ზ) მის მიმართ არ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის საქმე.

17. დაწესებულება უფლებამოსილია, დაადგინოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მესამე პირის შერჩევის დამატებითი კრიტერიუმები.

18. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ მესამე პირთან ურთიერთობა წესრიგდება მასსა და დაწესებულებას შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, რომელშიც მითითებული უნდა იქნეს:

ა) მხარეთა რეკვიზიტები;

ბ) ხელშეკრულების საგანი;

გ) მხარეთა უფლებები, ვალდებულებები, ანაზღაურების საკითხები და პასუხისმგებლობა;

დ) ხელშეკრულების შეწყვეტის პირობები;

ე) სხვა საკითხები სახელშეკრულებო ურთიერთობის სპეციფიკიდან და აუქციონის გარეშე პირდაპირი მიყიდვის პირობებიდან გამომდინარე.

19. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მესამე პირის სახელშეკრულებო ანაზღაურება შეიძლება, განხორციელდეს ფულადი ან შესაბამისი ღირებულების სახელმწიფო ქონების საკუთრებაში გადაცემი