ოპერატორი ვალდებულია სააგენტოში წარადგინოს საორგანიზაციო ანგარიში ამ წესების ძალაში შესვლიდან ოცდაათი (30) დღის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, როდესაც ხელშეკრულება(ები) შეთანხმებულია ან დადებულია ოპერატორთან, რომელსაც ადრე არ წარუდგენია საორგანიზაციო ანგარიში, მაშინ ის უნდა იყოს წარდგენილი სააგენტოს მიერ ხელშეკრულების/შეთანხმების ხელმოწერის ან ლიცენზიის გაცემამდე არანაკლებ ათი (10) დღით ადრე. სააგენტოს არ მოეთხოვება ხელშეკრულების ხელმოწერა ან ლიცენზიის გაცემა მანამ, სანამ არ იქნება წარდგენილი სრული საორგანიზაციო ანგარიში, რომელშიც მოცემული უნდა იყოს:

ა) რეგისტრაციის უფლებამოსილების მქონე ორგანოს მიერ გაცემული კომპანიის საიმედოობის დამადასტურებელი სერტიფიკატი (თუ ასეთი არსებობს), რომელიც დათარიღებული უნდა იყოს არა უმეტეს 6 თვისა, მისი სააგენტოში წარმოდგენამდე. შეიძლება იქნეს წარმოდგენილი სერტიფიკატის დედანი ან მისი ასლი დამოწმებული შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს ან სასამართლოს მიერ.

ბ) ინფორმაცია კომპანიის მფლობელობისა და კონტროლის შესახებ:

ბ.ა) ოპერატორის 10%-ზე მეტის მფლობელი ან მაკონტროლებელი პირის ან ფირმის სახელი და მისამართი; თუ კორპორაცია, ამხანაგობა ან სხვა იურიდიული პირი ფლობს ან აკონტროლებს აქციების 10 % მეტს, მაშინ ასეთი იურიდიული პირის აღმასრულებელი დირექტორის სახელი, ორგანიზაციის რეგისტრაციისა და მთავარი ოფისის მისამართები. ამ ქვეპუნქტში მოთხოვნილი ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს კორპორაციიის უფლებამოსილი პირის მიერ დამოწმებული დოკუმენტით.

ბ.ბ) სააგენტოს შეუძლია მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია, რომელიც შეეხება ოპერატორის 10%-ის ან უფრო დიდი წილის მფლობელს ან მაკონტროლებელი კომპანიას და შეუძლია შემდგომ მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია, რომელიც შეეხება ასეთი ფირმების მმართველებს, დირექტორებს, ხელმძღვანელ პერსონალსა და მნიშვნელოვან აქციონერებს ან პარტნიორებს.

გ) კორპორაციის უფლებამოსილი პირის მიერ დამოწმებული დოკუმენტი, რომელშიც ჩამოთვლილი იქნება კომპანიის მმართველების სახელები და სამუშაო მისამართები;

დ) დამოწმებული ამონაწერი, რომელიც ადასტურებს კომპანიის საქართველოში რეგისტრაციას, იქნება ეს მთავარი ოფისი თუ წარმომადგენლობა;

ე) გადასახადების გადამხდელის საიდენტიფიკაციო კოდი (თუ ასეთი არსებობს).

ვ) ფინანსური ინფორმაცია:

ვ.ა) იმ ანგარიშვალდებულმა საწარმოებმა, რომლებიც წარუდგენენ წლიურ ანგარიშებს ან მსგავს დოკუმენტებს ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობის მარეგულირებელ ორგანოს, რომლის იურისდიქციის ქვეშ არიან რეგისტრაციის ადგილის ან აქციების მიმოქცევაში ყოფნის ადგილის მიხედვით, უნდა წარადგინონ: მარეგულირებელ ორგანოში შეტანილი ფინანსური მდგომარეობის უკანასკნელი ანგარიშის ასლი, დამოწმებული ამავე ორგანოს მიერ. თუ აქციების მფლობელებს დაურიგდათ წლიური ანგარიშები, მაშინ ამ ანგარიშის ასლი ასევე უნდა იქნეს წარმოდგენილი სააგენტოში. წლიური ანგარიშის მონაცემები წარდგენილ უნდა იქნეს სააგენტოში ყოველწლიურად, ფასიანი ქაღალდების მარეგულირებელ ორგანოში ამ ანგარიშების წარდგენიდან ერთი თვის განმავლობაში;

ვ.ბ) არაანგარიშვალდებულ საწარმოს ან ფიზიკურ პირს მოეთხოვება წარმოადგინოს შემდეგი ინფორმაცია: ფინანსური ანგარიში, რომელმაც გაიარა აუდიტი, მომზადებულ იქნა სათანადოდ სერტიფიცირებული ბუღალტრების მიერ და სააგენტოში წარდგენამდე დათარიღებულია არა უმეტეს ერთი (1) წლისა. თუ საქმე ეხება ანგარიშვალდებული საწარმოს შვილობილ კომპანიას, მაშინ საკმარისი იქნება ასეთი კომპანიის ანგარიში, თუ ის შეიცავს ინფორმაციას, რომელიც ადეკვატურად ასახავს საქართველოში მომუშავე ფილიალის ფინანსურ მდგომარეობას.

ზ) წერილი უფელბამოსილი პირისაგან, რომელიც ნიშნავს საქართველოში კომპანიის მუშაობაზე პასუხისმგებელ პირს.

თ) საქართველოში ოპერაციების წარმართვაზე კომპანიის პასუხისმგებელი პირის წერილი, მისი ოფისის მისამართის, სამსახურის ტელეფონის ნომრებისა და ელექტრონული ფოსტის მისამართის მითითებით;

ი) სხვა დამატებითი ინფორმაცია, რომელიც შეიძლება მოითხოვოს სააგენტო