1. ფარული კენჭისყრა იმართება მხოლოდ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ განსაზღვრულ საკრებულოს თანამდებობის პირთა არჩევის, მათი თანამდებობიდან გადაყენებისა და მერისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხებზე. ფარული კენჭისყრა ტარდება ბიულეტენების მეშვეობით.
2. ფარული კენჭისყრის ადგილს და ბიულეტენის ფორმას ამზადებს საკრებულოს აპარატი. ბიულეტენები არ შეიძლება განსხვავდებოდეს ზომით ან ფორმით, ანდა მასზე ასახული (დატანებული) იქნეს რაიმე განმასხვავებელი ნიშანი.
3. კენჭისყრის პროცედურას თვალყურს ადევნებს და ბიულეტენებს ითვლის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისია (ახალარჩეული საკრებულოს პირველ სხდომაზე - დროებითი ხმის დამთვლელი კომისია). ყველა იმ ფრაქციას, რომელიც ამ კომისიაში წარმოდგენილი არ არის, უფლება აქვს ხმის დათვლის დროს კომისიაში შეიყვანოს თითო დროებითი წარმომადგენელი.
4. ბიულეტენის მიღებას საკრებულოს წევრი ადასტურებს სპეციალურ ბლანკზე ხელმოწერით. ბიულეტენების შევსება ხდება ფარული კენჭისყრისათვის საგანგებოდ მოწყობილ კაბინაში ან ოთახში.
5. საკრებულოს თანამდებობის პირთა არჩევის დროს საკრებულოს წევრი ბიულეტენში შემოხაზავს იმ კანდიდატის რიგით ნომერს, რომელსაც მხარს უჭერს. თუ ბიულეტენში მხოლოდ ერთი კანდიდატის გვარია შეტანილი, მისთვის ხმის მიცემა გვარის ან მის წინ დასმული ნომრის შემოხაზვით უნდა გამოიხატოს. თანამდებობიდან გადაყენების ან მერისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხებზე კენჭისყრისას ბიულეტენში შეტანილი ორი ფორმულირებიდან („მომხრე“, „წინააღმდეგი“) საკრებულოს წევრმა უნდა შემოხაზოს ერთ-ერთი.
6. ბათილად ჩაითვლება დაუდგენელი ნიმუშის ბიულეტენი, აგრეთვე ის ბიულეტენი, რომლითაც შეუძლებელია დადგინდეს რომელ გადაწყვეტილებას მისცა ხმა საკრებულოს წევრმ