1. საკრებულოს თავმჯდომარეს თავისი შემადგენლობიდან საკრებულოს უფლებამოსილების ვადით საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით ირჩევს საკრებულო.

2. საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს საკრებულოს არანაკლებ 3 წევრს.

3. საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატურების დასახელების შემდეგ საკრებულოს სხდომის თავმჯდომარე აცხადებს კანდიდატთა სიას და ითხოვს მათ თანხმობას კენჭი იყარონ საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე.

4. საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატად დასახელებულ საკრებულოს წევრს კანდიდატთა ერთიანი სიის შედგენამდე უფლება აქვს მიზეზის დასახელებით ან მის გარეშე უარი თქვას კანდიდატად დასახელებაზე ან მოხსნას თავისი კანდიდატურა სხვა კანდიდატის სასარგებლოდ.

5. კანდიდატებისაგან თანხმობის მიღების შემდეგ სხდომის თავმჯდომარე კენჭისყრისათვის ადგენს კანდიდატთა ერთიან სიას მათი წარდგენის რიგითობის მიხედვით.

6. კანდიდატთა ერთიანი სიის შედგენის შემდეგ სხდომის თავმჯდომარე აცხადებს კენჭისყრას. საკრებულოს თავმჯდომარის არჩევნები ტარდება ფარული კენჭისყრით, ბიულეტენების საშუალებით.

7. საკრებულოს თავმჯდომარის ასარჩევ ბიულეტენებში შეიტანება ყველა ის დასახელებული კანდიდატი, რომელმაც თანხმობა განაცხადა კენჭი იყაროს ამ თანამდებობაზე. ბიულეტენებში კანდიდატების შეტანა ხდება მათი დასახელების რიგითობის მიხედვით.

8. ბიულეტენების მომზადების, დარიგებისა და კენჭისყრის პროცესს ხელმძღვანელობს საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისია (ხოლო მის შექმნამდე დროებითი ხმის დამთვლელი კომისია).

9. ბიულეტენს საკრებულოს წევრი ავსებს ფარული კენჭისყრის კაბინაში (ოთახში). ბიულეტენის შევსებისას აკრძალულია სხვა პირის დასწრება. ხმის მიცემისას საკრებულოს წევრი  შემოხაზავს იმ კანდიდატის რიგით ნომერს, რომელსაც მხარს უჭერს. ბიულეტენის გაფუჭების შემთხვევაში მას შეუძლია დაუყოვნებლივ მიმართოს საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის (დროებითი ხმის დამთვლელი კომისიის) თავმჯდომარეს, გაფუჭებულ ბიულეტენს ჩამოაჭრას რიგითი ნომრების აღმნიშვნელი კიდე, ჩააბაროს იგი და მიიღოს ახალი ბიულეტენი. შევსებულ ბიულეტენს საკრებულოს წევრი მოათავსებს კენჭისყრისათვის განკუთვნილ სპეციალურ ყუთში.

10. კენჭისყრის დამთავრების შემდეგ საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის (დროებითი ხმის დამთვლელი კომისიის) თავმჯდომარე კომისიის წევრების თანდასწრებით ხსნის კენჭისყრისათვის განკუთვნილ სპეციალურ ყუთს და ითვლის ბიულეტენებს. ბიულეტენი ბათილად იქნება ცნობილი, თუ შემოხაზულია ერთზე მეტი კანდიდატი ან შეუძლებელია დადგინდეს რომელ კანდიდატს მისცეს ხმა.

11. საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისია (დროებითი ხმის დამთვლელი კომისია)  განიხილავს ხმების დათვლის შედეგებს და ადგენს ოქმს, რომელშიც აღინიშნება თითოეული კანდიდატის მიერ მიღებული ხმების, აგრეთვე ბათილად ცნობილი ბიულეტენების რაოდენობა.

12. საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელსაც მხარი დაუჭირა საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტმა.

13. თუ საკრებულოს თავმჯდომარის არჩევნებში 1 კანდიდატი მონაწილეობდა და მან ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმართება ხელახალი არჩევნები.

14. თუ საკრებულოს თავმჯდომარის არჩევნებში 2 კანდიდატი მონაწილეობდა და ვერცერთმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმ კანდიდატს, რომელმაც ყველაზე მეტი ხმა მიიღო, ხელახლა ეყრება კენჭი. თუ მან ამ შემთხვევაშიც ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმართება ხელახალი არჩევნები. კენჭისყრის დროს ხმების თანაბრად გაყოფისას იმართება ხელახალი არჩევნები.

15. თუ საკრებულოს თავმჯდომარის არჩევნებში 2-ზე მეტი კანდიდატი მონაწილეობდა და ვერცერთმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმართება არჩევნების მეორე ტური იმ 2 კანდიდატს შორის, რომლებმაც ყველაზე მეტი ხმები მიიღეს. მეორე ტურში კენჭისყრის დროს ხმების თანაბრად გაყოფისას იმართება ხელახალი არჩევნები. თუ მეორე ტურში ვერცერთმა კანდიდატმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმ კანდიდატს, რომელმაც მეტი ხმა მიიღო, ხელახლა ეყრება კენჭი. თუ მან ამ შემთხვევაშიც ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმართება ხელახალი არჩევნები. თუ არჩევნების მეორე ტურში გასულმა კანდიდატმა მოხსნა თავისი კანდიდატურა, მის ნაცვლად კენჭი ეყრება მიღებული ხმების რაოდენობის მიხედვით მომდევნო კანდიდატ