1. მანგანუმს ახასიათებს ორგანიზმზე პოლიმორფული მოქმედება. ტოქსიკურ მოქმედებას იგი ახდენს ძირითადად ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, როგორც სუსტი ალერგენი, იწვევს ბრონქული ასთმის და ეგზემის განვითარებას, მტვრის ხანგრძლივი შესუნთქვის შედეგად კი კეთილთვისებიანად მიმდინარე პნევმოკონიოზს – მანგანოკონიოზს, ან კონიოგენურ ბრონქიტს. მანგანუმის შენაერთების ორგანიზმზე მოქმედებისას ვლინდება ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანება, რომელიც წარმოადგენს მანგანუმით ქრონიკულ პროფესიულ ინტიქსიკაციას, ანუ მანგანიზმს.
2. მანგანუმით ქრონიკული ინტოქსიკაციის დროს არჩევენ დაავადების 3 სტადიას:
ა) I სტადია, ანუ ფუნქციური ძვრები, ხასითდება ღარიბი სიმპტომატიკით: საერთო სისუსტე, დაღლილობა, ძილიანობა ან უძილობა, მადის დაკარგვა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, კიდურების სისუსტე და პარესთეზიები, განსაკუთრებით ქვედა კიდურებში, ობიექტურად – ვეგეტატიური დისფუნქცია ჰიპერ, ან ჰიპოტონიური ტიპის ნეიროცირკულაციური დისტონიის მოვლენებით, არაიშვითად სენსიტურ-ვეგეტატიური პოლინევროპათიისათვის დამახასიათებელი სუსტად გამოხატული ნიშნებით, თვალის ნაპრალების გაფართოება, წამწამების იშვიათი ხამხამი, ქვედა კიდურების ჰიპოტონია, წამწამების, ენის, თითების, ხელის მტევნების ტრემორი. დამახასიათებელია, აგრეთვე, ენდოკრინული სისტემების დარღვევები, კერძოდ, ფარისებრი ჯირკვლების დისფუნქცია;
ბ) II სტადია, ანუ დაწყებითი ტოქსიკური ენცეფალოპათიის სტადია. ზემოაღნიშნული სიმპტომების ფონზე თავს იჩენს ორგანული დაზიანების სიმპტომატიკა: სიარულის დროს ხელების შეუღლებული მოძრაობის შესუსტება, კუნთთა ტონუსის მომატება, სიარულის გაძნელება, ძილიანობა, ინერტულობა, შენელებული და ცუდად მოდულირებული მეტყველება, ჰიპერსალივაცია, ჰიპომიმია, წამწამების იშვიათი ხამხამი, მყესთა რეფლექსების შეცვლა, ფსევდობულბარული რეფლექსები, დიდი ამპლიტუდით მთელი მტევნის კანკალი, ნერვული ღეროს გაყოლებაზე მტკივნეულობა, არათანაბარი გუგების, კონვერგენციის დარღვევა, ნისტაგმი, მხედველობის არის შევიწროება, განსაკუთრებით თეთრ და წითელ ფერებზე, ქანაობა რომბერგის პოზაში და საკოორდინაციო სინჯების არაზუსტი შესრულება;
გ) III სტადია – მანგანუმისმიერი პარკინსონიზმი. ხასიათდება სტრიოპალიდარული სისტემის დაზიანების გამოხატული სიმპტომატიკით: ჰიპო, ან ამიმია, მუსკულატურის რიგიდობა, მოძრაობის შებოჭილობა, სიარული თითის წვერებზე, ე.წ. „მამლის სიარული”, ყბის ტრიზმი, დაკბილული ბორბლის სიმპტომი, გულგრილობა – ემოციური სიჩლუნგე, ნაძალადევი სიცილი ან ტირილი, მიკროგრაფიის სიმპტომი.
3. მანგანუმისმიერი პარკინსონიზმის დროს ავადმყოფი ხდება მორცხვი და კეთილი. ექსტრაპირამიდული სისტემის დაზიანების ზემოთ აღნიშნულ სიმპტომებთან ერთად, ხშირად გვხვდება პირამიდული უკმარისობის ნიშნები სახისა და ენისქვეშა ნერვების ინერვაციის ასიმეტრიის, ჰორიზონტალური ნისტაგმის სახით, აღინიშნება მყესთა რეფლექსების მომატება, ასიმეტრია ტენდენციით სპასტიკურისაკენ, აქსილარული რეფლექსების მომატება, ბაბინსკის პათოლოგიური რეფლექსები; აგრეთვე მკვეთრადაა გამოხატული ვეგეტატიური დისფუნქციის ნიშნები.
4. იმ მუშებს შორის, რომლებიც პროფესიულ კონტაქტში არიან ერთდროულად მანგანუმისა და სხვადასხვა ქიმიურ და ფიზიკურ ფაქტორებთან, აღინიშნება გარკვეული კანონზომიერებანი: კლინიკურ-ფუნქციურ დარღვევებს შორის განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ცვლილებები, რომლებსაც სადღეღამისოდ იხილავენ არა როგორც პროფესიულ პათოლოგიას, არამედ როგორც პროფესიით განპირობებულ სინდრომს.
5. ამ მხრივ ყველაზე მნიშვნელოვანია გულ-სისხლძარღვთა სისტემების დაზიანების სინდრომი, რომელსაც სიხშირის მიხედვით, როგორც დამოუკიდებელ ნოზოლოგიურ ფორმას, ასევე პროფესიულ პათოლოგიასთან შერწყმულს, პირველი ადგილი უკავია. გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგია ხასიათდება უპირატესად გულის კუნთის დისტროფიული ცვლილებებით. ერთ-ერთ ადრეულ მგრძნობიარე სუბიექტურ ნიშანს წარმოადგენს გულის არეში ჩხვლეტითი ხასიათის ტკივილი. ხოლო დამახასიათებელ ობიექტურ ნიშანს კი – ბრადიკარდია, გულის ტონების მოყრუება, მარცხენა საზღვრის გადიდება და II ტონის აქცენტი აორტაზე. მანგანუმის წარმოების მუშებში ადრეულ ელექტროკარდიოგრაფიულ გადახრებს მიეკუთვნება ნომიტროპულ კერაში აგზნებადობის შენელება, ელექტრული ღერძის გადახრა მარცხნივ, ვოლტაჟის შემცირება, ST – სეგმენტის და T – კბილის არასპეციფიკური ცვლილებები. ჯერ კიდევ კლინიკამდელ სტადიაში მიოკარდიუმის შეკუმშვის ფუნქციის შესწავლისას აღინიშნება იზომეტრიული შეკუმშვის ფაზის შემოკლებით და შიდასისტოლური მაჩვენებლების გაზრდით, გამოხატული ჰიპერდინამიის ფაზური სინდრომი, რომელიც პერიოდულად იცვლება ჰიპოდინამიის ფაზური სინდრომით, რაც გულის კუნთის დისტროფიულ ცვლილებებს ასახავს.
6. აორტის ათეროსკლეროზი ვლინდება CM/CE < I შეფარდების შემცირებით. როგორც ელასტიკური, ასევე კუნთოვანი ტიპის სისხლძარღვების პულსური ტალღის გავრცელების სიჩქარე იზრდება. ამგვარად, მანგანუმის წარმოების მუშებში გულ-სისხძარღვთა სისტემის მხრივ ცვლილებები ვლინდება გულის კუნთში მეტაბოლური ცვლილებების და სისხლძარღვთა ტონუსის (არტერიული ჰიპერტონიის) მომატების სახით.
7. ყურადსაღებია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციური დარღვევებიც, რომლებიც ვლინდება მოგვიანებითი ნევროლოგიური სიმპტომების განვითარების შემდეგ, კერძოდ, მანგანუმის ხანგრძლივ კონტაქტში მყოფ პირებში კუჭის სეკრეცია დარღვეულია როგორც კუჭის წვენის საერთო მჟავიანობის, ასევე თავისუფალი მარილმჟავას დებიტის სახით, რაც განპირობებულია ცენტრალური ნერვული სისტემის დისფუნქციით.
8. ინტოქსიკაციის უკვე I სტადიაში ცენტრალური ნერვული სისტემის მხრი არსებულ დარღვევებს თან ახლავს ცვლილებები ჰემატობილარულ სისტემაში: ღვიძლი გადიდებული და გამკვრივებულია, აღინიშნება სხვადასხვა სახის ფუნქციური დარღვევები. ღვიძლის ჰემოცირკულაციის მდგომარეობის გამოკვლევა რეოგრაფიის მეთოდით ადასტურებს ღვიძლის სისხლძარღვოვანი სისტემის დაზიანებას, ღვიძლშიდა ჰემოცირკულაციის შემდგომში დარღვევის ყველა ეს ძვრები მატულობს მუშაობის სტაჟისა და დაავადების სტადიის ზრდის პარალელურად. ამგვარად, ღვიძლის ფუნქციური დარღვევები დაკავშირებულია მანგანუმის ნაერთების კომპლექსურ მოქმედებასთან. ნიშანდობლივია, რომ ღვიძლის დაავადებები უფრო ხშირად გვხვდება იმ საამქროებში, სადაც ძირითად ფაქტორს – მანგანუმს ემატება სხვა ქიმიური ნივთიერებებიც (ფოსფორი, ამონიაკი და სხვა).
9. მანგანუმთან ხანგრძლივ კონტაქტში მყოფ მუშებს შარდის გამოყოფის ფუნქცია დიდხანს აქვთ შენარჩუნებული. იგი ცვლილებას განიცდის ინტოქსიკაციის პროგრესირებასთან ერთად, რაც გამოიხატება გორგლოვანი ფილტრაციის უნარისა და რეაბსორბაციის დაქვეითებით და პათოლოგიური სკენოგრამის გაჩენით.
ექსპერიმენტში დადგენილია მანგანუმის მოქმედებით გენერაციული ფუნქციის და სპერმატოგენეზის პროცესის დარღვევა, კერძოდ აქტივობისა და განაყოფიერების უნარის დათრგუნვა. იცვლება ესტრალური ციკლი. ორგანიზმზე მანგანუმის შენაერთების მოქმედება იწვევს ცვლილებებს როგორც I, ასევე II თაობის მემკვიდრეობაში, რაც გამოიხატება მკვდარი და განუვითარებელი ემბრიონების რიცხვის გაზრდით, შთამომავლობის სიცოცხლისუნარიანობის შემცირებით და სქესობრივი მომწიფების შეფერხებით.
10. მანგანუმის წარმოების მაღალი სტაჟის მქონე მუშებს აღენიშნებათ მხედველობის ორგანოს ფუნქციური დარღვევები: მხედველობის არის შევიწროება თეთრ ფერზე, ფიზიოლოგიური სკოტომის ზომების მომატება და სიბნელის ადაპტაციის ზღურბლის გაზრდა. მანგანუმით ქრონიკული ინტოქსიკაციის დროს პერიფერიულ სისხლში აღინიშნება ჰემოგლობინისა და ერითროციტების რაოდენობის გაზრდა, ზომიერი რეტიკულოციტოზი, ლიმფო და მონოციტოზი.
11. მკაცრი პარალელიზმი ინტოქსიკაციის კლინიკურ გამოვლინებასა, სისხლსა და შარდში მანგანუმის კონცენტრაციას შორის არ აღინიშნება (მანგანუმის ნორმალური შემცველობა სისხლში 0,015 – 0,02მგ%, ხოლო შარდში 0,02-0,07მგ/ლ-ს უდრის).
12. იმუნურ სტატუსში აღინიშნება იმუნური ინდექსის შემცირება. საწყის პრემორბიდულ სტადიაში ვლინდება სიმპტომოადრენალური სისტემის ჰორმონალური და მედიატორული რგოლების გააქტიურება. გამოხატული ინტოქსიკაციის (IIსტ.) დროს დოფამინისა და დოფას სისტემის აქტიურობის მკვეთრი დაქვეითება აღინიშნება; დაავადების III სტადიაში იზრდება ადრენალინის სეკრეცია, დოფას მატების პარალელურად მცირდება ნორადრენალინის და დოფამინის შემცველობა, რაც მიუთითებს დოფას დოფამინად გარდაქმნის შეფერხებაზე.
13. ამგვარად, მანგანუმს ახასიათებს პოლიტროპული მოქმედება, რომელიც ვრცელდება ყველა სისტემასა და ორგანოზე, მაგრამ მთავარ სამიზნეს წარმოადგენს თავის ტვინი, რომლის დაზიანება ატარებს დიფუზურ ხასიათს, კერძოდ, შხამი შერჩევით მოქმედებს ქერქქვეშა კვანძებსა და დიენცეფალურ არეზე.
14. მანგანუმით ინტოქსიკაციის პირველადი ნიშნების გამოვლინების დრო ვარირებს – ერთიდან რამდენიმე წლამდე.
15. მანგანუმის წარმოების მუშებში პროფესიულ დაავადებებს შორის ქრონიკულ მტვრისმიერ, ანუ კონიოგენურ ბრონქიტს სიხშირის მიხედვით მეორე ადგილი უკავია. იგი იწყება შედარებით გვიან (მუშაობის სტაჟი 10-15 წელი და მეტი). იფარგლება I –II სტადიით და ხშირად მიმდინარეობს ასთმოიდური კომპონენტით.
16. მანგანუმისმიერი კონიოგენური ბრონქიტი უფრო ხშირია იმ პირებში, რომლებიც მუშაობენ მანგანუმის მოპოვებაზე, სადაც დამტვერიანება მხოლოდ 1,5-2 – ჯერ აღემატება ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციას. დღეისათვის აღიარებულია აგრეთვე, რომ მანგანუმი ალერგენს წარმოდგენს და საკმაოდ ხშირად იწვევს ბრონქული ასთმის, ან ალერგიული გენეზის ასთმური ბრონქიტის განვითარებას.
17. ალერგიულ თვისებებს მანგანუმი ავლენს უპირატესად მცირე კონცენტრაციით მოქმედებისას (ჰიგიენური ნორმებით გათვალისწინებულ ზ.დ.კ-ს დონეზეც კი).
18. მანგანუმის წარმოების მუშებში ბრონქული ასთმის კლინიკურ გამოვლინებას წინ უსწრებს გარკვეული დრო (5-10 წელი) დასაწყისში შეტევები არაინტენსიურია და იშვიათი – ვლინდება გაძნელებული სუნთქვის და ხველების ფონზე, რომელიც, რიგ შემთხვევბში, წინ უსწრებს მოხრჩობის პირველი შეტევების განვითარებას, ზოგჯერ კი დამაკმაყოფილებელი საერთო მდგომარეობის ფონზე პირველი შეტევა აღმოცენდება უეცრად.
ა) ბრონქული ასთმა, მსუბუქი, ან საშუალო სიმძიმის ფორმით ვლინდება, იშვიათად რთულდება, ფილტვების ემფიზემა უფრო ხშირად გვხვდება ფეროშენადნობთა წარმოების მუშებში და ჩვეულებრივ ზომიერადაა გამოხატული;
ბ) რენტგენოლოგიურად აღინიშნება ფილტვის კარის გაფართოვება, სისხლძარღვთა და ბრონქთა სურათის გაძლიერება. გარეგანი სუნთქვის ფუნქცია დარღვეულია ობსტრუქციის ტიპით;
გ) ნახველში ზომიერად გამოხატული ეოზინოფილიაა, აღინიშნება კურშმანის სპირალები, იშვიათ შემთხვევაში, შარკო-ლეიდინის კრისტალებიც;
დ) სისხლში ეოზინოფილია 20-25%-ს აღწევს, ხშირად აღინიშნება ზომიერი ლეიკოციტოზი, ლიმფოციტოზი, ედს მომატებულია;
ე) მანგანუმისმიერი ბრონქულ ასთმას ახასიათება კეთილთვისებიანი მიმდინარეობა: დროული დიაგნოსტიკისა და მანგანუმის კონტაქტის შეწყვეტისას კლინიკური გამოჯანმრთელება;
ვ) ხშირ შემთხვევებში, ბრონქული ასთმა ერწყმის სხვა ალერგიულ დაავადებებს – ეგზემას და ალერგიულ დერმატიტს.
19. ბოლო ათწლეულების განმავლობაში შედარებით იშვიათად გვხვდება პნევმოკონიოზის – მანგანოკონიოზის შემთხვევები და ისიც მხოლოდ იმ მუშებში, რომელთაც აქვთ მანგანუმის მტვერთან ხანგრძლივი (20-30 წლის) კონტაქტი.
20. მანგანოკონიოზი მეტალოკონიოზის ჯგუფს მიეკუთვნება, მიმდინარეობს დაავადების ინტერსტიციული ფორმით, ხასიათდება ნელი და კეთილთვისებიანი მიმდინარეობით, კლინიკური გამოვლინების სიღარიბით, იფარგლება II სტადიით, ძირითადად, ფილტვების ვენტილაციური ფუნქციის ცვლილებების გარეშე. იშვიათად რთულდება ფილტვების კეროვანი ტუბერკულოზით. საკმაოდ ხშირია (30%) ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციური და ფილტვების ორგანული დაზიანების ერთდროული შერწყმა.
21. ამრიგად, მანგანუმის წარმოების მუშებში გვხვდება შემდეგი პროფესიული დაავადებები: მანგანუმით ქრონიკული პროფესიული ინტოქსიკაცია – მანგანიზმი, კონიოგენური ბრონქიტი, ბრონქული ასთმა, ამნგანოკონიოზი, ეგზემა და ალერგიული დერმატიტი.
22. მანგანუმით ქრონიკული ინტოქსიკაციის და ბრონქული ასთმის ადრეულ დიაგნოსტიკას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგანაც მხოლოდ დროულად დაწყებული მკურნალობა და მანგანუმთან ავადმყოფის კონტაქტის შეწყვეტა იძლევა ჩატარებული მკურნალობის ეფექტურობის გარანტიას.
23. აღნიშნული დაავადების დიაგნოსტიკაში წამყვანი როლი სუბიექტურ და ობიექტურ სიმპტომატიკას ენიჭება.
თავი III. პარაკლინიკური გამოკვლევებ
პროფესიულ დაავადებათა პროფილაქტიკის მეთოდური მითითებების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 18.09.2002
მუხლი 3. კლინიკა
თავი II — ადამიანის ორგანიზმზე მანგანუმის ნაერთების მოქმედების თავისებურებანი
მთავარი მონაცემები
- განაკვეთი 25%
- განაკვეთი 30%
მეზობელი მუხლები
- მუხლი 22. 1. ვიბრაციული დაავადების მკურნალობის დროს ეფექტურია კომპლექსური თერაპია – მედიკამენტების გამოყენების შერწყმა მკუნალობის ფიზიკურ და რეფლექტორულ მეთოდებთან. ვიბრაციული დაავადების საწყისი ფორმის (I ხარის
- მუხლი 23. 1. ვიბრაციული დაავადების პროფილაქტიკაში დიდი მნიშვნელობა აქვს მომუშავეთა ორგანიზმზე არახელსაყრელი ფაქტორების მოქმედების გამორიცხვას, მათი სანიტარიული ნორმების დაცვას, შრომის სწორ ორგანიზაციას. მუშები
- მუხლი 25. ზომიერად გამოხატული (II ხარისხი)
- მუხლი 26. გამოხატული (III ხარისხი)
- მუხლი 1. 1. მეთოდურ მითითებებში წარმოდგენილია მანგანუმის ნაერთების მოქმედებით გამოწვეული დაავადების პათოგენეზის, კლინიკის, დიაგნოსტიკის, მკურნალობის, შრომისუნარიანობის ექსპერტიზის საკითხები. პრევენციული ღონისძ
- მუხლი 2. შესავალი
- მუხლი 4. 1. სისხლის საერთო ანალიზი;
- მუხლი 5. 1. პროფესიული მანგანუმისმიერი ბრონქიტის დიაგნოსტიკა უნდა დავიწყოთ შემდეგი საკითხების დაზუსტებით:
- მუხლი 6. 1. ყველა შემთხვევაში აუცილებელი და სავალდებულოა მანგანუმის ნაერთებთან ავადმყოფის კონტაქტის დროული შეწყვეტა. მანგანიზმის მკურნალობა გულისხმობს ეტიოლოგიური, პათოგენეზური და სიმპტომატური კომპლექსების გამ
- მუხლი 7. 1. მანგანუმისმიერი (კონიოგენური)ბრონქიტის მკურნალობის ყველაზე ეფექტური მეთოდია აეროზოლ-ინჰალაცია. ამ დროს ხდება სამკურნალო ხსნარების ტრანსპორტირება არა მარტო რესპირაციული სისტემების ცალკეული უბნების მ
- მუხლი 8. პროფესიული ბრონქული ასთმის თერაპია ტარდება ორი მეთოდით:
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „პროფესიულ დაავადებათა პროფილაქტიკის მეთოდური მითითებების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 3, №263/ნ, 18.09.2002, სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.11.119.005.494 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.09.2002). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/54424/muxli-3-3/