2. პნევმოკონიოზების უმრავლესობას ახასაითებს შედარებით ღარიბი კლინიკური სიმპტომატიკა. ფილტვის ქსოვილში მუდმივად და თანდათანობით განვითარებად ფიბროზულ პროცესს შესაძლოა ხანგრძლივი დროის განმავლობაში თან არ ახლდეს სუბიექტური და ობიექტური სიმპტომები, შემდგომში დაავადების კლინიკური გამოხატულება დამოკიდებულია პნევმოფიბროზის ხარისხზე და თანმხლებ პათოლოგიებზე – ფილტვების ემფიზემაზე, ბრონქიტზე და სხვა გართულებების არსებობაზე. სხვადასხვა ეტიოლოგიის პნევმოკონიოზების დროს ბრონქიტის კლინიკური გამოვლინება და სიხშირე მნიშვნელოვნად ცვალებადობს. სილიკოზი ყოველთვის ხასიათდება ბრონქიტის კლინიკური გამოვლინებით. საშუალოდ იგი აღენიშნება ავადმყოფთა 25-30%-ს. ქრონიკული ბრონქიტი, უპირატესად, ვლინდება იმ პნევმოკონიოზებში, რომელთა გამომწვევი არის გამაღიზიანებელი, ტოქსიკური და ალერგიული თვისებების მატარებელი მტვერი.
3. ბრონქიტის კლინიკური სურათის არარსებობისას გარეგანი სუნთქვის ფუნქცია, როგორც წესი, დიდხანს არის შენარჩუნებული. ფიბროზული პროცესის პროგრესირების პირობებში თავს იჩენს რესტრიქციული ტიპის სუნთქვის უკმარისობა. დასაწყისში ქვეითდება გარეგანი სუნთქვის ფუნქციის ცალკეული მაჩვენებლები: ძირითადად, ფილტვების მაქსიმალური ვენტილაცია (ფმვ), ზოგჯერ ფილტვის სასიცოცხლო ტევადობა (ფსტ), ან ჩასუნთქვის ან ამოსუნთქვის მაქსიმალური სიჩქარე, ხოლო ფილტვის ნარჩენი მოცულობა მომატებულია (რაც ახასიათებს ემფიზემას). აგრეთვე ბრონქული წინაღობა, სისხლის ჟანგბადით გაჯერება, სისხლში ნახშირჟანგის აირის დაძაბულობა, რომელიც რჩება ნორმალური პროცესის პროგრესირებისას კომპენსატორული ბულოზური ემფიზემის განვითარებით ქვეითდება ფილტვის სასიცოცხლო მოცულობა და ვითარდება არამკვეთრად გამოხატული ჰიპოქსემია.
4. პნევმოკონიოზების შორსწასული ფორმების დროს აღინიშნება სუნთქვითი უკმარისობის III ხარისხი. ამასთან, ფილტვის მაქსიმალური ვენტილაციის მკვეთრი დაქვეითების პარალელურად მატულობს ფილტვის ნარჩენი მოცულობა და იზრდება ჰიპოქსემია. ალვეოლარულ-კაპილარული მემბრანის დიფუზური უნარის მნიშვნელოვანი მოშლილობა არ არის დამახასიათებელი პნევმოკონიოზებისათვის, გამონაკლისს წარმოადგენს აზბესტოზი, ბერილიოზი და სხვა ჰიპერმგრძნობიარე პნევმონიტები, რომელთაც სისხლის ჟანგბადის გაჯერების დაქვეითებით ახასიათებთ დიფუზური მოშლილობანი.
5. იმ პნევმოკონიოზებისათვის, რომელთაც თან ახლავს ქრონიკული ბრონქიტის გამოხატული კლინიკური სურათი, დამახასიათებელია სუნთქვის ფუნქციის უკმარისობის ობსტრუქციული ტიპი, რომელმაც შესაძლოა, პნევმოკონიოზების შედარებით ნაკლებად გამოხატულ შემთხვევებში მიაღწიოს მნიშვნელოვან დონეს. ასეთ ავადმყოფებს ადრე ეწყებათ ბრონქული გამტარებლობის მოშლილობა. უპირველეს ყოვლისა, პირველ წამში ქვეითდება ფორსირებული ამოსუნთქვის მაჩვენებელი და მისი მაქსიმალრი სიჩქარე, შედარებით შენახულია ფილტვის სასიცოცხლო ტევადობის და მისი ფუნქციების მაჩვენებლები. ბრონქიტის პროგრესირებისა და ობსტრუქციულ-დიფუზური ემფიზემის განვითარებას თან ახლავს ბრონქული გამტარებლობის დაქვეითება, მცირდება სისხლის ჟანგბადით გაჯერება (80%-მდე და უფრო ქვევით). იზრდება ფილტვის ნარჩენი ტევადობა, ზოგჯერ ვითარდება ჰიპერკაპნია და ირღვევა ძირითადი მჟავა-ტუტოვანი თანაფარდობა. ფილტვის ფიბროზის პროგრესირებისას მატულობს ფილტვის ჰიპერტენზია, წარმოიქმნება გულის მარჯვენა ნაწილის გადატვირთვის და მისი უკმარისობის ნიშნები. პნევმოკონიოზების ძირითად გამოსავლად ამჟამად მიჩნეულია ქრონიკული ფილტვისმიერი გულის ჩამოყალიბება, მიმდინარების მიხედვით განიხილება სწრაფად პროგრესირებადი პნევმოკონიოზები, როცა ფიბროზული პროცესის განვითარება ფილტვებში მიმდინარებს სწრაფად (5-6წლის განმავლობაში) და ნელა რეგრესირებადი პნევოკონიოზების, რენტგენოლოგიური სურათის რეგრესირების ნიშნებით. შესაძლოა, პნევმოკონიოზის დაგვიანებული განვითარება მტვერთან კონტაქტის შეწყვეტიდან მრავალი წლის შემდეგ.
6. პნევმოკონიზების სახეობა, პათოლოგიური პროცესის გამოხატულობა, განვითარების ვადები, თავისებურებები და მიმდინარეობა დამოკიდებულია ორგანიზმში მოხვედრილი მტვრის რაოდენობასა და ხასიათზე, მის შემადგენლობაში შემავალი სილიციუმის დიოქსიდი, ტოქსიკური და ალერგიული ნივთიერებების რაოდენობაზე.
7. პნევმოკონიოზური პროცესის მიმდინარეობის თავისებურება დამოკიდებულია მტვრის ხასიათზე, ყველაზე მეტად გავრცელებული და მძიმედ მიმდინარეა სილიკოზი, განსაკუთრებით კვარცის მაღალი კონცენტრაციის შემცველობის მტვრის ზემოქმედებით გამოწვეული. ასეთ პირობებში დაავადება შესაძლოა განვითარდეს არც თუ ხანგრძლივი სტაჟის (10 წელზე ნაკლები) მქონე პირებში და მეტად არის გამოხატული მტვერთან კონტაქტის შეწყვეტის შემდეგ მიდრეკილება პროცესის პროგრესირებისაკენ. ასევე ხშირად აღინიშნება გართულებები. ამ ვითარებაში აღწერილია პნევმოკონიოზების მოგვიანებითი განვითარების შემთხვევები (კონტაქტის შეწყვეტიდან რამოდენიმე წლის შემდეგ). რენტგენოლოგიურად ასეთი სილიკოზის დროს ხშირია კვანძოვანი ფორმები.
8. ის პნევმოკონიოზები, რომლებიც ვითარდებიან სუსტი ფიბროგენობის მქონე მტვრის ზემოქმედებით აღენიშნებათ, უფრო მეტად, ხანგრძლივი სტაჟის მქონეებს. ხასიათდებიან, უპირატესად, ინტერსტიციალური ან წვრილკვანძოვანი ფიბროზით და არ ხასაითდებიან პროგრესირებით. შედარებით კეთილთვისებიანი მიმდინარეობით. გამოირჩევიან ის პნევმოკონიოზები, რომელთა საფუძველს წარმოადგენს ფილტვებში რენტგენოკონტრასტული მტვრის დაგროვება (მანგანოკონიოზი, სიდეროზი, ბარიტოზი, სტანიოზი და სხვა). ეს პნევმოკონიოზები კონტაქტის შეწყვეტის შემდეგ არ პროგრესირებენ. ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა, რენტგენოკონტრასტული მტვრის ელიმინაციის ხარჯზე პროცესის უკუგანვითარება.
9. მხეხავებისა და მეზუმფარეების პნევმოკონიოზების კლინიკური სურათი, როგორც წესი, ხასიათდება ბრონქიტისა და ემფიზემის სიმპტომების სიჭარბით. ასეთი მიმდინარეობა აიხსნება მტვრის მექანიკურად გამაღიზიანებელი თვისებებით, რომელიც გამოიყოფა მეტალის ნაკეთობათა ხეხვის პროცესში. ამ თავისებურებებით უნდა აიხსნას ამ ავადმყოფებში მცირედ გამოხატული ფიბროგენულ პროცესსა და სუნთქვის ფუნქციის ობსტრუქციული ტიპის უკმარისობას შორის შეუთავსებლობა. ამ პნევმოკონიოზების პროგნოზი, ძირითადად, დამოკიდებულია ბრონქიტის მიმდინარეობაზე და ფილტვების ემფიზემური მდგომარეობის ხარისხზე.
10. აზბესტოზი ხასიათდება ფილტვების ინტერსტიციალური ფიბროზით და პლევრაში მიმდინარე გამოხატული ფიბროზული ცვლილებებით. აზბესტოზებს, ხშირად თან ახლავს ბრონქიტი, ზოგჯერ შესაძლოა განვითარდეს ბრონქიოლიტის სურათიც, სუნთქვის ფუნქციის ობსტრუქციული, რესტრუქციული და დიფუზური დარღვევბით. დაავადება ზოგჯერ მიმდინარეობს პლევრის იზოლირებული დაზიანებით (აზბესტოზის პლევრალური ფორმა), რომელიც ხასიათდება კეთილთვისებიანი მიმდინარეობით. მნიშვნელოვანი თავისებურებებით გამოირჩევიან ის პნევმოკონიოზები, რომლებიც ტოქსიკო-ალერგიული თვისებების მატარებელი აეროზოლებით არიან გამოწვეულნი. ამ კატეგორიის პნევმოკონიოზების ტიპური წარმომადგენელია ბერილიოზი, რომელსაც ახასიათებს დაავადების განვითარების ალერგიული და იმუნუპათოლოგიური მექანიზმების მრავალი ნიშანი. დაავადების დასაწყისი თანდათანობითი და მცირე სიმპტომურია. ფიზიკური დატვირთვისას ყველაზი ადრე იწყება ქოშინი, არაინტენსიური მშრალი ხველა, სისუსტე, 3-6 თვის განმავლობაში წონაში მკვეთრი დაკლება 6-12 კგ-ის დაკარგვით, ჯერ კიდევ დაავადების დასაწყისში ფილტვებში აღინიშნება დიფუზური ცვლილებები, რაც განპირობებულია ალვეოლათაშორის მემბრანების (ტიხრების) უჯრედოვანი ინფილტრაციით. დაავადება ხასიათდება ქრონიკული რეციდიული მიმდინარებით. ბერილიოზის ანალოგიური მიმდინარეობა ახასიათებს სხვა ჰიპერმგრძნობიარე პნევმონიტებსაც. პნევმოკონიოზების, განსაკუთრებით სილიკოზის, ყველაზე ხშირ გართულებას წარმოადგენს ტუბერკულოზი. შედარებით არამკვეთრად გამოხატული სილიკოზისა და სხვა პნევმოკონიოზების დროს აღინიშნება ტუბერკულოზის ჩვეულებრივი, დიფერენცირებული ფორმები, რომლებიც შეესაბამებიან ტუბერკულოზის საერთაშორისო, თანამედროვე კლასიფიკაციას. მათ შორის ბრონქოადენიტი. რენტგენოლოგიურად სილიკოტუბერკულიოზის ამ ფორმების ფონზე დიფუზური მონომორფული ტიპის დაჩრდილვები „p”, „q”, „r”, „v”, „s”, „t”, „u” გამოისახება შემდეგნაირად.
ა) კეროვანი ტუბერკულოზი. კეროვანი არამკვეთრად შემოფარგლული პოლომორფული ჩრდილები სხვადასხვა ოდენობის, ფორმის, სიმკვრივის, გაკირულობის;
ბ) ინფილტრაციული ტუბერკულოზი: ინფილტრაციული ჩრდილები და გაერთიანებისკენ მიდრეკილი დაჩრდილვები არამკვეთრი კონტურებით, ფილტვის კართან შეერთებული “ბილიკებით”;
გ) დესტრუქციული ტუბერკულოზი: დესტრუქციული ცვლილებები რღვევის უბნებით;
დ) ტუბერკულოზური ბრონქოადენიტი: გაფართოებული, ინფილტრაციული არამკვეთრად შემოფარგლული ფილტვის კარი, რომელიც შეიცავს სხვადასხვა ხარისხით გადიდებულ ლიმფურ კვანძებს.
12. ტუბერკულოზის აღწერილ ფორმებთან ერთად სილიკოზის, უფრო იშვიათად სხვა პნევმოკონიოზების დროს შესაძლოა განვითარდეს თავისებური, არადიფერენცირებული სილიკოტუბერკულოზისა და კონიოტუბერკულოზის ფორმები. ამ შემთხვევებში ძნელია ტუბერკულოზის დიფერენცირება სილიკოზისაგან. კონიოტრუბერკულოზის ვარიანტებიდან არჩევენ დისემინირებულ სილიკოტუბერკულოზს, სილიკოტუბერკულოზურ ბრონქოადენიტს, მცირე კვანძოვან, მსხვილკვანძოვან ტუბერკულოზებს და მასიურ სილიკოტუბერკულოზს (დაჩრდილვების ზომები შეესაბამებიან პნევმოკონიოზის კვანძოვან ფორმებს ABC).
13. სილიკოტუბერკულოზის არადიფერენცირებული ფორმების დროს რენტგენოლოგიურად არჩევენ:
ა) დისემინირებულ ტუბერკულოზს: დიფუზური დისემინირება, სხვადასხვა ზომის, ფორმისა და სიმკვრივის მრავლობითი კეროვანი ჩრდილები უპირატესი პროფუზიით, შუა და ქვედა წილებში;
ბ) სილიკოტუბერკულოზური ბრონქოადენიტი: გაფართოვებული ინფილტრაციული ფილტვის კარი, არამკვეთრად შემოფარგლული კონტურებით, რომლებიც შეიცავენ გადიდებულ ლიმფურ კვენძებს ფილტვების დისემინირებით;
გ) კვანძოვანი სილიკოტუბერკულოზი: დიდი ზომის ერთეული ან მრავლობითი დაჩრდილვები A, B, C ტიპის არამკვეთრი კონტურებით, რომლებიც მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი ფილტვის კართან. დაჩრდილვების ფონზე ან მის გარშემო, აღინიშნება პოლიმორფული, არამკვეთრად შემოფარგლული გაერთიანებისადმი მიდრეკილი ლაქისებრი ჩრდილები, ინფილტრაციული ჩრდილები, კეროვანი, ლოკალური ან დიფუზური დისემინაცია, დესტრუქცია დაჩრდილვით ან დაჩრდლივის გარეშე, არსებული რღვევის ღრუები, გაფართოვებული, ინფილტრაციული, არამკვეთრი კონტურებიანი ფილტვის კარი, რომელიც შეიცავს გადიდებულ ლიმფურ კვანძებს. პნევმოკონიოზების სხვა გართულებებიდან აღსანიშნავია ქრონიკული ბრონქიტი (ობსტრუქციული, არაობსტრუქციული, ასთმური), რაც ტუბერკულოზთან შედარებით იშვიათად გვხვდება. ადრე არსებული ატროფიული ენდობრონქიტი, ბრონქების ლორწოვანი გარსის დამცველი ფუნქციის მოშლით, ნოყიერ საფუძველს უქმნის მიმდინარე ძირითად პროცესთან პნევმოკონიოზების დროს ფილტვბრონქული არასპეციფიკური ინფექციის შერწყმას.
14. პნევმოკონიოზების გართულებებს მიეკუთვნება ფილტვების ქრონიკული არასპეციფიკური დაავადებები, ბრონქოექტაზიები, ბრონქული ასთმა, ფილტვების ემფიზემა (დიფუზური, ბულოზური), სპონტანური პნევმოთორაქსი, რევმატოიდული ართრიტი, ანუ კაპლანის სინდრომი, სკლეროდერმია.
15. სილიკოტუბერკულოზის დორს შესაძლებელია ისეთი გართულებების განვითარება, როგორიცაა სისხლდენებით და ბრონქული ფისტულებით ფილტვის სისხლძართღვთა ეროზია.
16. სილიკოზი შედარებით იშვიათად არის თანხვედრილი ფილტვებისა და ბრონქების კიბოსთან. ფილტვების ავთვისებიანი წარმონაქმნები, უპირატესად, აზბესტოზის დროს გვხვდებიან ფილტვის კიბოსა და პლევრის მეზოთელიუმის სახით. აზბესტისმიერი ფილტვისა და პლევრის სიმსივნის დაავადებები არ მიმდინარეობენ ფილტვის ქსოვილის ფიბროზთან ერთად.
17. პნევმოკონიოზების დიაგნოზი დგინდება დაავადების კლინიკური სურათის მიხედვით. ფუნქციური მოშლილობისა და ფილტვებში მიმდინარე რენტგენოლოგიური ცვლილებებიდან გამომდინარე შესაბამისი ანამნეზის არსებობის პირობებში. პნევმოკონიოზის დიაგნოზის დადგენისათვის ყველაზე საიმედო მონაცემებს იძლევა რენტგენოლოგიური გამოკვლევა. უპირველეს ყოვლისა, გულმკერდის ღრუს ორგანოების მიმოხილვითი რენტგენოგრაფია წინა-უკანა პროექციაში, პათოლოგიური პროცესის ლოკალიზაციის დასაზუსტებლად ველებისა და სეგმენტების გადაღება გვერდით პროექციაში. გადაღება უნდა ხდებოდეს 30X40სმ, ან 35,6X35,6 სმ მქონე ფირებზე. გადაღბული (დიდი ზომის) რენტგენოგრამები ფილტვის სურათის დეტალებისა და ისეთი ელემენტების გამოვლენის საშუალებას იძლევიან, რომელთა ოდენობაც 1მმ-ზე ნაკლებია, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პნევმოკონიოზების ადრეული და დიფერენცირებული დიაგნოსტირებისათვის.
18. დიფერენცირებული დიაგნოსტირებისათვის და პათოლოგიური ცვლილებების ხასიათის დასადგენად აუცილებელია ბრონქის ლორწოვანი გარსის ბიოფსიასთან ერთად ბრონქოფიბროსკოპიის ჩატარება. ფილტვის ქსოვილის ტრანსბრონქული ბიოფსია, ფილტვის კარის ლიმფური კვანძის პუნქცია და ბრონქულ-ალვეოლური ლავაჟის სითხის გამოკვლევა.
19. პნევმოკონიოზების სამედიცინო პროგნოზი და ავადმყოფთა შრომისუნარიანობა განისაზღვრება შესუნთქული მტვრის აგრესიულობის მიხედვით, აგრეთვე პროცესის ფორმით, გართულებებითა და თანმხლები დაავადებებით. ავადმყოფები არ უნდა განიცდიდნენ გამაღიზიანებელ, ტოქსიკურ-აგრესიული მტვრის, არახელსაყრელი მეტეოროლოგიური პირობებისა და დიდი ფიზიკური დატვირთვების ზეგავლენას.
თავი VII. დიაგნოზის მაგალითები კლასიფიკაციის გამოყენები
ზოგადი და ლოკალური ვიბრაციით გამოწვეული ვიბრაციული დაავადების და პნევმოკონიოზების კლასიფიკაციის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 18.09.2002
მუხლი 7. 1. პნევმოკონიოზების კლინიკო-ფუნქციური დახასიათება ითვალსწინებს დაავადების კლინიკურ და ფუნქციურ სიმპტომებს: ბრონქიტი, ბრონქიოლიტი, ფილტვების ემფიზემა, სუნთქვის ფუნქციის უკმარისობის (I, II, III ხარისხი)
თავი VI — პნევმოკონიოზების კლინიკო-ფუნქციური დახასაითება
მთავარი მონაცემები
- ვადა 6 თვის განმავლობაში
- განაკვეთი 30%
- განაკვეთი 80%
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1. 1. წინამდებარე მეთოდური მითითებები შემუშავებულია „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად და მასში წარმოდგენილია პნევმოკონიოზების პათოგენეზის, კლინიკისა და დიაგნოსტიკის საკითხები
- მუხლი 2. 1. ამჟამად საქართველოში პნევმოკონიოზების დიაგნოსტიკაში გამოიყენება 1976 წლის კლასიფიკაცია, რომელშიც მხოლოდ ნაწილობრივ არის შეტანილი პნევმოკონიოზების საერთაშორისო კლასიფიკაციით გათვალისწინებული რენტგენ
- მუხლი 3. 1. პნევმოკონიოზების ახალი კლასიფიკაცია დაფუძნებულია, უპირატესად, საწარმოო მტვრის მოქმედებაზე და ორგანიზმის საპასუხო რეაქციაზე. იგი შეიცავს არა ექვს ჯგუფს, როგორც იყო ძველ კლასიფიკაციაში, არამედ – სამ
- მუხლი 4. 1. დაკვირვებებმა დაგვანახა, რომ მოქმედი მტვრის ერთგვაროვნების მიუხედავად, ვითარდება მეტ-ნაკლებად ერთმანეთისაგან განსხვავებული პნევმოკონიოზი, როგორც კლინიკურ-რენტგენოლოგიური სურათის, ასევე პათომორფოლოგ
- მუხლი 5. 1. პნევმოკონიოზები რენტგენოლოგიურად ხასიათდებიან ფილტვის ქსოვილის დიფუზური ფიბროზის, პლევრისა და ფილტვის კარში მიმდინარე ფიბროზული ცვლილებების მიხედვით. პნევმოკონიოზების თანამედროვე რენტგენოლოგიური და
- მუხლი 6. 1. პათომორფოლოგიური მონაცემების მიხედვით ყველა სახის პნევმოკონიოზი იყოფა ორ მორფოლოგიურ ფორმად: 1. პნევმოკონიოზის ინტერსტიციალური ფორმა. 2 პნევმოკონიოზის ინტერსტიციულ-გრანულომატოზური ფორმა
- მუხლი 8. 1. კვანძოვანი სილიკოზი (გრანულომატოზური ფორმა) (2p) სუნთქვის უკმარისობის 0 ხარისხი
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „ზოგადი და ლოკალური ვიბრაციით გამოწვეული ვიბრაციული დაავადების და პნევმოკონიოზების კლასიფიკაციის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 7, №264/ნ, 18.09.2002, სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.11.119.005.495 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.09.2002). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/54430/muxli-7-2/