2. კონიოგენური ფიბროზის ხარისხი რენტგენოლოგიურად ფასდება არსებული დაჩრდილვის ფორმით და ზომით. აღნიშნული დაჩრდილვების პროფუზიით, ანუ 1სმ2-ზე მათი სიმჭიდროვითა და გავრცელებით. იგი კლასიფიკაციაში აისახება დაჩრდილვების პროფუზიასა და გავრცელების ხარისხით.
3. ფილტვის ქსოვილში გამოვლენილი დაჩრდილვები დაიყოფა ორ კატეგორიად: მცირე და დიდი ზომის დაჩრდილვები.
ა) მცირე დაჩრდილვები ხასიათდებიან ფორმით, ზომით, პროფუზიით (ანუ 1სმ2-ზე მათი სიმჭიდროვით, რაოდენობით), აგრეთვე ფილტვის მარჯვენა და მარცხენა ზონებში გავრცელების მიხედვით. არჩევენ მცირე დაჩრდილვების ორ ფორმას: მომრგვალო (კვანძოვანი ტიპის) და არასწორი ფორმის ხაზოვან (ინტერსტიციალური ტიპის) დაჩრდილვებს.
ბ) დაჩრდილვების ზომის მიხედვით არჩევენ სამ გრადაციას: მომრგვალო ფორმის 1,5 მმ დიამეტრის მქონე დაჩრდილვები აღინიშნება სიმბოლოთი “p”; 1,5მმ-დან 3მმ-მდე დიამეტრის მქონე “q”; 3,0მმ-დან 10მმ-მდე დიამეტრის დაჩრდილვები “r”- ით.
გ) არასწორხაზოვანი ფორმის დაჩრდილვები აღინიშნება სიმბოლოებით: წვრილ-ხაზოვანი, 1,5მმ სიგანის - “s”-ით; 1,5მმ-დან 3მმ-მდე სიგანის საშუალო დაჩრდილვა „t”-თი და უხეში, უსწორო ფორმის 3,0მმ-დან 10მმ-მდე სიგანის დაჩრდილვები “r”-ით.
დ) მცირე ზომის, მომრგვალო ფორმის დაჩრდილვები ხასიათდებიან მკაფიო კონტურებით, საშუალო ინტენსივობით, ატარებენ მონომორფულ დიფუზურ ხასიათს და უპირატესად განლაგდებიან ზედა და შუა ზონებში.
ე) მცირე, არასწორი ხაზოვანი ფორმის დაჩრდილვები ძირითადად განლაგდებიან ფილტვის შუა და ქვედა ველებში პერიბრონქულად, პერივასკულარულად და წარმოქმნიან წვრილ ბადისებრ, წვრილ მარყუჟოვან, ხაზოვან მარყუჟოვან ფიბროზს.
4. პნევმოკონიოზების კლასიფიკაცია ითვალისწინებს ყველა ფორმისა და ზომის დაჩრდილვების აუცილებელ რეგისტრაციას ზემოთ აღნიშნული სიმბოლოების საშუალებით. თუ ფილტვის ქსოვილში არსებული დაჩრდილვები ერთი ფორმისა და ზომისანი არიან, მაშინ იწერება ერთი და იგივე სიმბოლო წილადის სახით 2-ჯერ (p/p; q/q; s/s). იმ შემთხვევაში, როცა მთავარ ძირითად დაჩრდილვასთან ერთდროულად არსებობს სხვა ზომისა და ფორმის, ე.წ. მეორე ხარისხოვანი ჩრდილები, აღნიშვნა წარმოებს სხვადასხვა შესაბამისი სიმბოლოთი გამოხატული წილადის სახით (p/q; q/t; p/s; s/t; p/r და სხვ.). ამასთან მრიცხველში რეგისტრირდება მთავარი, მნიშვნელში კი - დამატებითი მეორეხარისხოვანი დაჩრდილვა.
5. პროფუზია, ანუ ფილტვის ქსოვილის 1სმ2-ში კონცენტრირებული მცირე დაჩრდილვები იყოფიან სამ კატეგორიად (1,2,3) 1 - ერთეული, მცირე ზომის დაჩრდილვები, როცა ფილტვის ბრუნქულ-სისხლძარღვოვანი სურათი დიფერენცირდება. 2 – არამრავალრიცხოვანი, მცირე ზომის დაჩრდილვები ბრონქულ-სისხლძარღვოვანი სურათი ნაწილობრივ დიფერენცირდება. 3 – მრავლობითი მცირე ზომის დაჩრდილვები, როცა ფილტვების ბრონქთა და სისხლძარღვთა სურათი არ დიფერენცირდება.
6. დაჩრდილვების სიმჭიდროვის შეფასება ხდება სპეციალური გამოსახულებით: 0/0; 0/1; 1/0; 1/1; 1/2; 2/1; 2/2; 2/3; 3/2; 3/3. ამასთან, მრიცხველი გამოხატავს ძირითად ფორმათა სიმჭიდროვეს, მნიშვნელი კი დაჩრდილვების დამატებით ფორმებს. ამ უკანასკნელთა სიმჭიდროვე ფასდება იმის მიხედვით, დაჩრდილვების ძირითად ფორმებთან შედარებით იგი მეტია თუ ნაკლები. მაგალითად, თუ ფილტვების მთელ ველებზე ძირითადი დაჩრდილვების სიმჭიდროვე აღინიშნება “2”-ით, პროფუზის გამოიხატება 2/2 (1/1; 3/3). დაჩრდილვათა ძირიათადი ფორმების სიმჭიდროვის გარდა, თუ ადგილი აქვს სხვა ფორმათა მეტ-ნაკლებად გამოხატულ სიმჭიდროვეს, პროფუზია გამოისახება სკალაზე 2/3 და 2/1. შესაბამისად, მცირე ზომის დაჩრდილვათა გრძივი განლაგება ორივე ფილტვის ზონებში (ზედა, შუა, ქვედა) ფასდება მათი გავრცელების მიხედვით.
7. დიდი ზომის დაჩრდილვები დაზიანების სიდიდის მიხედვით აღინიშნება A,B,C – სიმბოლოებით. A-ცალკეული, ერთეული დაჩრდილვა 1სმ-დან 5სმ-მდე ან რამოდენიმე დაჩრდილვა, რომელთა ჯამი არ უნდა აღემატებოდეს დიამეტრში 5სმ-ს. B – ერთი ან რამოდენიმე დიდი ზომის დაჩრდილვა, რომელიც ზომით არ აღემატება ფილტვის მარჯვენა ზედა წილს (დიამეტრით არა უმეტეს 10სმ-ისა) C – ერთი ან რამოდენიმე დიდი ზომის დაჩრდილვა მარჯვენა ფილტვის ზედა წილზე მეტი ოდენობის, რომელიც დიამეტრში აღემატება 10სმ-ს.
8. დიდი დაჩრდილვები, ანუ კვანძოვანი წარმონაქმნები ვითარდებიან ტუბერკულოზით გართულების შედეგად წარმოქმნილი ატელექტაზისა და პნევმონიური ფოკუსების არეში მომრგვალო ფორმის დაჩრდილვების გაერთიანებით, დიდი, მომრგვალო ან უსწორმასწორო, მკაფიო ან წაშლილი კონტურებით. ასეთი დიდი ზომის კვანძების არსებობა ხშირად ახასიათებს კვანძოვანი ტიპის პროცესებს, იშვიათად, ინტერსტიციალური ფორმის პნევმოკონიოზებს.
9. რენტგენოლოგიური მონაცემების კლასიფიკაცია გამდიდრებულია აზბესტის მტვრის ზემოქმედებით პლევრაში განვითარებული ცვლილებებით. ამასთან, გამოიყოფა პლევრალური ცვლილებების ორი ტიპი-დიფუზური პლევრალური გასქელება და ლოკალური (შემოფარგლული) ნადებები. უპირატესად, ზიანდება პარიეტალური პლევრა გულმკერდის კედლის, დიაფრაგმის და ნეკნ-დიაფრაგმული კუთხეების არეებში. ძალზე იშვიათად ზიანდება ფილტვის მწვერვალები, ვისცერალური პლევრა ზიანდება შედარებით იშვიათად და ხასიათდება წილთაშუა პლევრის გასქელებით.
10. გულმკერდის ლატერალურ კედელზე აღნიშნული დიფუზური პლევრალური გასქელების შეფასება ხდება სიგანისა და გავრცელების მიხედვით ცალ-ცალკე, გულმკერდის მარჯვენა და მარცხენა ნახევრებისათვის. პლევრალური გასქელების სიფართოვის შეფასება ხორციელდება სამი გრადაციით – a,b, c. a – პლევრალური ნადებების სიფართე 5მმ-მდე, b – 5მმ-დან 10მმ-მდე და c – 10მმ-ზე მეტი. ნადების სიფართე განისაზღვრება გულმკერდის კედლის შიდა საზღვრიდან – პარენქიმულ პლევრალური საზღვრის შიდა კიდემდე, რომელიც რენტგენოგრამაზე გამოხატულია, როგორც მკვეთრად შემოფარგლული კონტურები.
11. დიფუზური პლევრალური გასქელების სიგრძე განისაზღვრება მათი გავრცელებით გულმკერდის კედელზე, ნეკნ-დიაფრაგმის კუთხეებში და სიგრძის მიხედვით იყოფა სამ გრადაციად (1,2,3). 1-პლევრალური ნადებების სიგრძე გავრცელებული გულმკერდის ლატერალური კედლის 1/4-ზე; 2-პლევრალური ნადებების სიგრძე, რომელიც აღწევს გულმკერდის ლატერალური კედლის არა უმეტეს 1/3 და პლევრალური ნადებები, რომლებიც მოიცავენ გულმკერდის ლატერალური კედლის 1/2-ს და მეტს.
12. ლოკალურად შემოფარგლული პლევრალური ნადებები, უპირატესად, განთავსდებიან უკანა პარავერტებრალურ და გულმკერდის წინა ნაწილების მე-6 - მე-10 ნეკნების დონეზე და რენტგენოგრამაზე შეიძლება პროექტირდებოდეს გულმკერდის როგორც წინა, ასევე გვერდით კედელზე. რენტგენოლოგიურად პროექტირებული ლოკალური ნადებები, გულმკერდის გვერდით კედელზე განისაზღვრება, როგორც სიფართის, ასევე სიგრძის მიხედვით, მაშინ, როდესაც წინა კედელზე მათი პროექტირებისას შეფასება ხდება მხოლოდ სიგრძივობით.
13. დიფუზური პლევრალური გასქელებები და ღილაკები ხშირად არიან ორმხრივი. ცალკეული პლევრალური ნადებები, უპირატესად, განთავსდებიან მარცხენა მხარეს. ნადებების გაკირვა, მეტწილად, აღინიშნება პარიეტალურ პლევრაზე, რომელის შეფასება ხდება გრადაციით მათი სიმძიმის მიხედვით (1,2,3):
1 – ერთი დიდი ან რამდენიმე წვრილი გაკირული უბნის დიამეტრი ერთობლიობაში არ უნდ აღემატებოდეს 2სმ-ს.
2 - შემთხვევაში 2-დან 10სმ-მდე, ხოლო,3 - შემთხვევაში იგი არ უნდა აღემატებოდეს 10სმ-ს.
14. ფილტვების რენტგენოგრამის შეფასებისას აუცილებელია ცალკე აღინიშნოს დიაფრაგმის პლევრაში ორმხრივი ცვლილებები, ასევე ნეკნ-დიაფრაგმის კუთხეების ობლიტერაცია, რომელიც ხასიათდება კუთხის ჩაკეტვით და გულ-მკერდის გვერდით კედელზე გადასვლით.
15. პნევმოკონიოზების კლასიფიკაციაში ფართოდ არის ჩართული ის დამატებითი რენტგენოლოგიური ნიშნები (სიმბოლოები), რომლებსაც მნიშვნელოვანი ადგილი აქვს მინიჭებული დაავადების დიაგნოსტირებაში.
16. ის დამატებითი რენტგენოპათოლოგიური ნიშნები და სიმბოლოები, რომლებსაც მნიშვნელოვანი ადგილი ენიჭება დაავადების დაიგნოსტიკაში, შესაბამისობაშია მოყვანილი პნევმოკონიოზების საერთაშორისო კლასიფიკაციასთან (იხ. დანართი 1).
თავი V. პნევმოკონიოზების პათომორფოლოგიური დახასიათებ