1. რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის მნიშვნელოვანი წილის შეძენის პროცედურის გამარტივების მიზანია რეზოლუციის რეჟიმის სწრაფად წარმართვისა და შეუფერხებლად მიმდინარეობის ხელშეწყობა.

2. „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით 377 მუხლითა და 379 მუხლებით გათვალისწინებული სარეზოლუციო ინსტრუმენტების გამოყენებისას, თუ ბანკის აქციების, აქტივების ან/და ვალდებულებების გასხვისების ან ახალი აქციების გამოშვებისა და მათი რეალიზაციის გზით რეკაპიტალიზაციის შედეგად, აღნიშნული ბანკის კაპიტალში შემძენის (მათ შორის, ბენეფიციარი მესაკუთრის) პირდაპირი/არაპირდაპირი მონაწილეობა 10, 20, 30 ან 50 პროცენტს გადააჭარბებს ან/და მოიპოვებს ბანკზე მნიშვნელოვან გავლენას ან კონტროლს, მიუხედავად კაპიტალში ან/და ხმის უფლების მქონე აქციებში წილის ოდენობისა, ასევე, თუ იმავე კანონის 3710 მუხლით გათვალისწინებული, ბანკის ვალდებულებების ჩამოწერის ან კონვერტაციის გზით რეკაპიტალიზაციის ინსტრუმენტის გამოყენების შედეგად პირის ან ერთობლივად მოქმედ პარტნიორთა (აქციონერთა) ჯგუფის პირდაპირი/არაპირდაპირი მონაწილეობა ბანკის კაპიტალში, 10, 20, 30 ან 50 პროცენტს გადააჭარბებს, ან/და მოიპოვებს ბანკზე მნიშვნელოვან გავლენას ან კონტროლს, მიუხედავად კაპიტალში ან/და ხმის უფლების მქონე აქციებში წილის ოდენობისა, ეროვნული ბანკი აღნიშნული ბანკის მნიშვნელოვანი წილის შეძენის შესახებ შეტყობინებას განიხილავს ამ მუხლით განსაზღვრული გამარტივებული პროცედურის შესაბამისად, ისე, რომ არ შეფერხდეს რეზოლუციის რეჟიმის მიმდინარეობა. ამ მუხლის მიზნებისთვის პროცედურის გამარტივება გულისხმობს შემძენის შესაფერისობის განხილვის ვადის შემცირებასა და საბოლოო შეფასების განხორციელებამდე, პირველადად წარსადგენი ინფორმაციის/დოკუმენტაციის შესახებ განსაზღვრული მოთხოვნების გამარტივებას.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ეროვნული ბანკი აფასებს განმცხადებლის სანდოობას, ფინანსურ სიმყარესა და მნიშვნელოვანი წილის შეძენისთვის საჭირო თანხების წარმომავლობას არაუგვიანეს ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარმდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, რისთვისაც ეროვნულ ბანკს უნდა წარედგინოს შემდეგი ინფორმაცია:

ა) განმცხადებლის საიდენტიფიკაციო მონაცემები;

ბ) იმ ბენეფიციარი მესაკუთრის/მესაკუთრეების და განმცხადებლის მფლობელობის სტრუქტურაში შემავალი სხვა ფიზიკური და იურიდიული პირების საიდენტიფიკაციო მონაცემები, რომლის წილის ოდენობაც ტრანზაქციის განხორციელების შემთხვევაში 10, 20, 30 ან 50 პროცენტს გადააჭარბებს ან/და მოიპოვებს ბანკზე მნიშვნელოვან გავლენას ან/და კონტროლს, მიუხედავად კაპიტალში ან/და ხმის უფლების მქონე აქციებში წილის ოდენობისა, ან აღნიშნავს, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციით, ამ ოპერაციის შედეგად ასეთი პირები არ იქნება;

გ) ინფორმაცია, რომ განმცხადებელი და ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირები არ არიან ნასამართლევი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, ტერორიზმის დაფინანსებისათვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის ან სხვა ეკონომიკური დანაშაულისათვის;

დ) მნიშვნელოვანი წილის შეძენისათვის საჭირო თანხის წარმომავლობისა და ხელმისაწვდომობის შესახებ ინფორმაცია;

ე) მიმდინარე ფინანსური მდგომარეობის, არსებული ფინანსური აქტივებისა და ვალდებულებების შესახებ ინფორმაცია;

ვ) დასტური, რომ წარმოდგენილი ინფორმაცია უტყუარია და ზუსტი;

ზ) სხვა დამატებით ინფორმაციას, ეროვნული ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში.

4. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის პირველადი შეფასების საფუძველზე გასცეს მნიშვნელოვანი წილის შეძენაზე პირობითი თანხმობა, რასაც შესაძლოა თან ერთვოდეს ტრანზაქციის საბოლოო შეფასებისათვის ეროვნული ბანკის მიერ მოთხოვნილი სრული ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენამდე და საბოლოო შეფასების განხორციელებამდე, აქციებთან დაკავშირებული ხმის უფლებების გამოყენების შეზღუდვა ან/და გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ ხმის უფლებებს თავად ეროვნული ბანკი გამოიყენებს.

5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენა განმცხადებელს შეუძლია დაუმოწმებელი ასლების/თარგმანების სახით (როგორც მატერიალური, ასევე ელექტრონული ფორმით). თუ განმცხადებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებს ამ მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ეროვნული ბანკი განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას ხარვეზის აღმოსაფხვრელად არაუმეტეს 10 სამუშაო დღისა, რომლის განმავლობაშიც ჩერდება ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვადის დინება. ხარვეზის აღმოსაფხვრელად დადგენილი ვადის გაშვება წარმოადგენს წილის შეძენაზე უარის თქმის საფუძველს. იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის წარმოდგენა და რეზოლუციის რეჟიმის სწრაფად წარმართვისათვის აუცილებელია შესაბამისი სარეზოლუციო ინსტრუმენტის დაუყოვნებლივ გამოყენება, წილის შეძენაზე თანხმობა გაიცემა ამ მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად.

6. ბანკის მნიშვნელოვანი წილის შემძენი ვალდებულია წილის შეძენის შემდგომ დაუყოვნებლივ, შესაძლებლობისთანავე წარადგინოს ამ დებულებით განსაზღვრული სრული ინფორმაცია/დოკუმენტაცია და ეროვნული ბანკის მიერ მოთხოვნილი დამატებითი ინფორმაცია დედნების ან სანოტარო წესით/აპოსტილით დამოწმებული ან/და ლეგალიზებული ასლების სახით (მატერიალური ან/და ელექტრონული ფორმით).

7. თუ რეზოლუციის რეჟიმის სწრაფად წარმართვისათვის აუცილებელია შესაბამისი სარეზოლუციო ინსტრუმენტის დაუყოვნებლივ გამოყენება, და ამასთან, თუ ამ მუხლით განსაზღვრულ ვადაში ვერ ხერხდება ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენა, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მნიშვნელოვანი წილის შეძენის ტრანზაქციის შეფასების გარეშე გამოიყენოს შესაბამისი სარეზოლუციო ინსტრუმენტები და ეროვნული ბანკის მიერ შეფასების განხორციელებამდე შეზღუდოს აქციებთან დაკავშირებული ხმის უფლებები ან/და მიიღოს გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ ხმის უფლებებს თავად ეროვნული ბანკი გამოიყენებს.  წილის შეძენის შემდგომ, დაუყოვნებლივ, შესაძლებლობისთანავე უნდა განხორციელდეს შემძენის შესაფერისობის შეფასება, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ დებულებით განსაზღვრული წესითა და ვადების მიხედვით, რისთვისაც ეროვნულ ბანკს უნდა წარედგინოს ამ დებულებით განსაზღვრული და ეროვნული ბანკის მიერ მოთხოვნილი შესაბამისი ინფორმაცია/დოკუმეტაცია. შეფასების შედეგების საფუძველზე, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია შემძენს მოსთხოვოს აქციების გასხვისება, თუ აღმოჩნდება, რომ შემძენი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შესაფერისობის კრიტერიუმებს, ხოლო აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში გამოიყენოს შესაბამისი საზედამხედველო ზომები ან/და სანქცია (ფულადი ჯარიმა