1. საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიერ საბარათე ინსტრუმენტის შესახებ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსების და წარდგენის ინსტრუქციის (შემდგომში – ინსტრუქცია) მიზანია საბარათე ინსტრუმენტის შესახებ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების მომზადებისა და საქართველოს ეროვნულ ბანკში წარდგენის მეთოდოლოგიური საფუძვლების განსაზღვრა.

2. ეს ინსტრუქცია განსაზღვრავს საბარათე ინსტრუმენტის შესახებ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შინაარსს, სტრუქტურას, მათი შევსებისა და წარდგენის წესებსა და პირობებს.

3. ეს ინსტრუქცია ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებულ  მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე და საგადახდო მომსახურების პროვაიდერებზე (შემდგომში – „პროვაიდერი“), რომლებიც ახორციელებენ საბარათე ინსტრუმენტების გამოშვებას ან/და ექვაირინგს. პროვაიდერი ვალდებულია დანიშნოს სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსებაზე პასუხისმგებელი პირი.

4. პროვაიდერის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკისთვის სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების წარდგენის ვადები და პერიოდულობა განისაზღვრება ამ ინსტრუქციის დანართი №3-ით.

5. სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებში არსებული თანხობრივი მაჩვენებლები ივსება ერთეულ ვალუტაში – ლარში. უცხოურ ვალუტაში განხორციელებული ოპერაციების შემთხვევაში – ეკვივალენტი ერთეულ ლარში საანგარიშო პერიოდის განმავლობაში მოქმედი საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური გაცვლითი საშუალო კურსით.

6. სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსებაზე პასუხისმგებელი პირების მონაცემები, საკონტაქტო ინფორმაციასთან ერთად საქართველოს ეროვნულ ბანკს უნდა წარედგინოს ამ ინსტრუქციის დანართი №4-ით გათვალისწინებული ფორმით. პროვაიდერი ვალდებულია, განაახლოს დანართი №4, მასში მითითებული ინფორმაციის ცვლილებისთანავე