1. უფლებამოსილი ორგანო უფლებამოსილია, ტექნიკურ სერვისს მიანიჭოს გამოცდების ჩატარების უფლებამოსილება ან/და განსაზღვროს შესაბამისობის შემფასებელ ორგანოდ, მწარმოებლის საწყისი შეფასებისა და ამ მიზნით სხვა შემოწმების განსახორციელებლად.
2. ტექნიკური სერვისები დამოუკიდებლად ატარებენ გაეროს შესაბამისი რეგულაციებით გათვალისწინებულ გამოცდებსა და ინსპექტირებას ან ზედამხედველობას უწევენ მათ ჩატარებას. ტექნიკურ სერვისებს არ შეუძლიათ იმ გამოცდის ან ინსპექტირების ჩატარება, რომლის განხორციელების უფლებამოსილება მათ არ აქვთ მინიჭებული.
3. ტექნიკური სერვისების საქმიანობის ეფექტიანობამ და ჩატარებული გამოცდებისა და ინსპექტირებების ხარისხმა უნდა უზრუნველყოს დასამტკიცებელი სატრანსპორტო საშუალების, მოწყობილობის, ნაწილის, სისტემის, კომპონენტის და/ან ცალკეული ტექნიკური ერთეულის ტიპის შესაბამისობის დადგენა გაეროს რეგულაციების მოთხოვნებთან.
4. კომპეტენციის სფეროს გათვალისწინებით, ტექნიკური სერვისები განისაზღვრება შემდეგი ოთხი კატეგორიიდან, ერთი ან რამდენიმე კატეგორიის საქმიანობის განსახორციელებლად:
ა) A კატეგორია − ტექნიკური სერვისები, რომლებიც გაეროს რეგულაციებით გათვალისწინებულ გამოცდებს ატარებენ საკუთარ მფლობელობაში არსებულ ინფრასტრუქტურის ობიექტებზე;
ბ) B კატეგორია − ტექნიკური სერვისები, რომლებიც გაეროს რეგულაციებით გათვალისწინებული გამოცდების ჩატარებას ზედამხედველობას უწევენ მწარმოებლის ან მესამე მხარის მფლობელობაში არსებულ ინფრასტრუქტურის ობიექტებზე;
გ) C კატეგორია − ტექნიკური სერვისები, რომლებიც რეგულარულად აფასებენ მწარმოებლის მიერ გამოყენებულ წარმოების შესაბამისობის პროცედურებს;
დ) D კატეგორია − ტექნიკური სერვისები, რომლებიც წარმოების შესაბამისობის უზრუნველყოფის ფარგლებში ზედამხედველობენ ან ატარებენ გამოცდებს ან ინსპექტირებებს.
5. ტექნიკურ სერვისს უნდა გააჩნდეს შესაბამისი კვალიფიკაცია, სპეციალიზებული ტექნიკური ცოდნა და სამუშაო გამოცდილება იმ გაეროს რეგულაციებით გათვალისწინებულ კონკრეტულ სფეროებში, რისთვისაც ის უფლებამოსილი ორგანოს მიერ იქნა განსაზღვრული. ასევე, ტექნიკური სერვისი, კომპეტენციის სფეროს გათვალისწინებით, უნდა შეესაბამებოდეს ამ რეგლამენტის მე-15 მუხლით გათვალისწინებულ სტანდარტებს. ტექნიკური სერვისი თავისუფალი უნდა იყოს დაინტერესებული მხარეების მხრიდან ნებისმიერი სახის გავლენისგან, რამაც შესაძლოა უარყოფითი გავლენა იქონიოს გამოცდების ან ინსპექტირებების ჩატარების მიუკერძოებლობასა და ხარისხზე. ტექნიკურ სერვისს გაეროს რეგულაციებით გათვალისწინებული გამოცდების ან ინსპექტირებების ჩასატარებლად უნდა ჰქონდეს წვდომა საგამოცდო ობიექტებსა და შესაბამის საზომ მოწყობილობებზე.
6. შესაძლებელია A კატეგორიის საქმიანობებისთვის მწარმოებელი განისაზღვროს ტექნიკურ სერვისად მხოლოდ იმ გაეროს რეგულაციების ფარგლებში, რომლებიც ითვალისწინებენ ასეთი განსაზღვრის პროცედურის შესაძლებლობა