1. ტიპის დამტკიცების მიზნით გამოცდების ჩატარების უფლებამოსილების მინიჭების ან/და  მწარმოებლის წარმოების შესაბამისობის შემფასებლად განსაზღვრის მიზნით უფლებამოსილი ორგანო ახორციელებს ტექნიკური სერვისის შეფასებას.

2. შეფასებას უნდა ახორციელებდნენ მხოლოდ ის აუდიტორები, რომლებსაც გააჩნიათ ამ მიზნების განხორციელებისათვის საჭირო ცოდნა.

3. უფლებამოსილი ორგანო განსაზღვრავს შემფასებელ ჯგუფს ამ მუხლით განსაზღვრულ აუდიტორებთან ერთად. ჯგუფის საექსპერტო კვალიფიკაცია, უნარები და გამოცდილება უნდა შეესაბამებოდეს შეფასებისთვის გათვალისწინებულ მოთხოვნებს. კერძოდ, ჯგუფს უნდა გააჩნდეს შესაბამისი ცოდნა იმ სფეროში, რომლის ფარგლებშიც ის ახორციელებს ტექნიკური სერვისის შეფასებას.

4. შემფასებელი ჯგუფის ამოცანას წარმოადგენს ტექნიკური სერვისის მიერ მიწოდებული დოკუმენტაციის განხილვა და შეფასების ადგილზე განხორციელება.

5. შემფასებელ ჯგუფს უნდა გააჩნდეს წვდომა წინა შეფასების ჩანაწერებთან, აგრეთვე ტექნიკური სერვისის ანგარიშებსა და სხვა შესაბამის დოკუმენტაციასთან.

6. შემფასებელი ჯგუფი აფასებს ტექნიკურ სერვისს იმ ობიექტებში, რომლებშიც ხორციელდება ერთი ან რამდენიმე სახის ძირითადი საქმიანობა და, საჭიროების შემთხვევაში, ახორციელებს შეფასებას ტექნიკური სერვისის ფუნქციონირების სხვა ადგილებში.

7. შემფასებელმა ჯგუფმა უნდა გააანალიზოს ყველა შესაბამისი ინფორმაცია და მტკიცებულება, რომელსაც მოიპოვებს არსებული დოკუმენტაციისა და საანგარიშო მასალების შემოწმების, აგრეთვე ადგილზე შეფასების შედეგად. ამ ანალიზის შედეგები საკმარისი უნდა იყოს იმისათვის, რომ შემფასებელმა ჯგუფმა შეაფასოს ტექნიკური სერვისის კომპეტენცია და შესაბამისობა.

8. ტექნიკური სერვისის შეფასების პროცესი უნდა განხორციელდეს შემდეგნაირად:

ა) ტექნიკური სერვისის ობიექტის დატოვებამდე შემფასებელ ჯგუფსა და ტექნიკურ სერვისს შორის უნდა შედგეს შეხვედრა, სადაც შემფასებელი ჯგუფი, წერილობითი ფორმით, წარადგენს ანალიზის შედეგად მიღებულ დასკვნებს. ტექნიკურ სერვისს აქვს შესაძლებლობა, დააზუსტოს ინფორმაცია წარდგენილი დასკვნების შესახებ, მათ შორის, დასვას კითხვები მოთხოვნებთან შეუსაბამობისა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და მათი დასაბუთების თაობაზე;

ბ) შეფასების შედეგების შესახებ ანგარიში წერილობითი ფორმით უნდა წარედგინოს ტექნიკურ სერვისს. აღნიშნული შეფასების ანგარიში უნდა შეიცავდეს ჩანაწერებს კომპეტენციისა და შესაბამისობის შესახებ, ასევე შენიშვნებს შეუსაბამობის თაობაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომლებიც უნდა გამოსწორდეს ტექნიკური სერვისის განსაზღვრისათვის საჭირო მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად;

გ) ტექნიკურ სერვისს უნდა მიეცეს საკუთარი პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობა შემფასებელი ჯგუფის მიერ წარდგენილ ანგარიშთან დაკავშირებით. ის უფლებამოსილია, წარადგინოს ინფორმაცია იმ კონკრეტული ღონისძიებების შესახებ, რომლებიც ხორციელდება ან დაგეგმილია აღმოჩენილი შეუსაბამობების აღმოსაფხვრელად.

9. უფლებამოსილი ორგანო უნდა დარწმუნდეს, რომ ტექნიკური სერვისის მიერ მიღებული ზომები საკმარისი და ეფექტიანია შეუსაბამობის აღმოსაფხვრელად. თუ გაირკვევა, რომ ტექნიკური სერვისის ქმედებები არასაკმარისია შეუსაბამობების აღმოსაფხვრელად, შესაძლებელია დამატებითი ინფორმაციის გამოთხოვა. ამასთანავე, შეიძლება, საჭირო გახდეს კიდევ ერთი შეფასების ჩატარება, რათა შემოწმდეს შეუსაბამობის აღმოსაფხვრელად გატარებული ღონისძიებების ეფექტიანობა.

10. შეფასების ანგარიში უნდა შეიცავდეს:

ა) ტექნიკური სერვისის უნიკალურ მაიდენტიფიცირებელ ნიშანს;

ბ) ადგილზე შემოწმების თარიღ(ებ)ს;

გ) შეფასების განმახორციელებელი აუდიტორების ან/და ექსპერტების სახელებსა და გვარებს;

დ) თითოეული შეფასებული ობიექტის უნიკალურ მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციას;

ე) ინფორმაციას სავარაუდო სფეროს შესახებ, რომელიც იქნა შეფასებული;

ვ) განაცხადს შიდა ორგანიზაციული სტრუქტურისა და პროცედურების შესახებ, რომლებიც დანერგილია ტექნიკური სერვისის მიერ და ადასტურებენ მის შესაბამის კომპეტენციას;

ზ) ინფორმაციას თითოეული შეუსაბამობის აღმოფხვრის შესახებ;

თ) რეკომენდაციას ტექნიკურ სერვისად განსაზღვრის შესახებ. დადებითი პასუხის შემთხვევაში აუცილებელია, მიეთითოს ტექნიკური სერვისის უფლებამოსილების სფერო.

11. უფლებამოსილი ორგანო უფლებამოსილია, ტექნიკური სერვისის შეფასებისთვის მხარდაჭერის თხოვნით მიმართოს ხელშემკვრელი მხარის შესაბამის კომპეტენტურ ორგანოს. ამ შემთხვევაში ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური ორგანოს ექსპერტების დაშვება ტექნიკური სერვისის შეფასებისთვის საჭიროებს ტექნიკური სერვისის თანხმობა