1. წარმოების შესაბამისობის პროცედურების მიზანია, უზრუნველყოს წარმოებული სატრანსპორტო საშუალების, მოწყობილობის, ნაწილის, სისტემის, კომპონენტის ან ცალკეული ტექნიკური ერთეულის შესაბამისობა დამტკიცებულ ტიპთან. წარმოების შესაბამისობის პროცედურები მოიცავს ხარისხის მენეჯმენტის სისტემის შეფასებასა (საწყისი შეფასება) და ტიპის დამტკიცების ობიექტის წარმოებასთან დაკავშირებული კონტროლის სისტემის შემოწმებას (პროდუქტის შესაბამისობის უზრუნველყოფის ღონისძიებები).
2. საწყის შეფასებას ან/და პროდუქტის შესაბამისობის უზრუნველყოფის ღონისძიებების შემოწმებას ახორციელებს უფლებამოსილი ორგანო ან შესაბამისი უფლებამოსილებით აღჭურვილი ტექნიკური სერვისი.
3. ტიპის დამტკიცებამდე, საწყისი შეფასების ფარგლებში, მწარმოებლის მხრიდან წარმოების პროცესის ეფექტიანი კონტროლის უზრუნველყოფის დასადგენად, ტექნიკური სერვისი ამოწმებს შესაბამისი ზომებისა და პროცედურების არსებობას, რათა სატრანსპორტო საშუალებები, მოწყობილობები, ნაწილები, სისტემები, კომპონენტები და ცალკეული ტექნიკური ერთეულები წარმოების პროცესში შეესაბამებოდნენ დამტკიცებულ ტიპს. საწყისი შეფასების ჩატარების სახელმძღვანელო მოცემულია ISO 19011:2018 სტანდარტში − „აუდიტის მართვის სისტემების სახელმძღვანელო“.
4. მწარმოებელმა უნდა უზრუნველყოს, რომ მის მიერ წარმოებული და ბაზარზე განთავსებული პროდუქტი წარმოებული იყოს ამ რეგლამენტისა და გაეროს რეგულაციების მოთხოვნების შესაბამისად. მწარმოებლის შესაბამისობის სერტიფიკატის გაცემით მან უნდა დაადასტუროს, რომ მის მიერ წარმოებული სატრანსპორტო საშუალებების, მოწყობილობების, ნაწილების, სისტემების, კომპონენტების ან/და ცალკეული ტექნიკური ერთეულების ტიპი, რომელთა განთავსებაც ხდება ბაზარზე, წარმოებულია დამტკიცებული ტიპის იდენტური მახასიათებლებითა და პირობებით.
5. მწარმოებელი ვალდებულია:
ა) დანერგოს და შემდგომ განახორციელოს წარმოების შესაბამისობის ეფექტიანი კონტროლის ღონისძიებები, რათა სატრანსპორტო საშუალებების, მოწყობილობების, ნაწილების, სისტემების, კომპონენტებისა და ცალკეული ტექნიკური ერთეულების სერიულ წარმოებასთან დაკავშირებით უზრუნველყოს მათი შესაბამისობა დამტკიცებული ტიპის მოთხოვნებთან;
ბ) გააჩნდეს წვდომა საგამოცდო ან სხვა შესაბამის აღჭურვილობასთან, რაც აუცილებელია სატრანსპორტო საშუალებების, მოწყობილობების, ნაწილების, სისტემების, კომპონენტებისა და ცალკეული ტექნიკური ერთეულების დამტკიცებულ ტიპთან შესაბამისობის შესამოწმებლად;
გ) უზრუნველყოს გამოცდებისა და შემოწმებების შედეგების შენახვა 10 წლის განმავლობაში;
დ) განიხილოს ყველა გამოცდის ან შემოწმების შედეგები, რათა უზრუნველყოს წარმოებული პროდუქტის მახასიათებლების სტაბილურობა;
ე) უზრუნველყოს, რომ ყოველი პროდუქტისთვის ჩატარებული იყოს გაეროს შეთანხმებითა და ამ რეგლამენტით გათვალისწინებული შემოწმებები;
ვ) უზრუნველყოს პროდუქციის შესაბამისობის აღდგენა, თუ შემოწმების შედეგები გამოავლენენ დადგენილ ტიპთან შეუსაბამობას.
6. მწარმოებელმა უნდა განიხილოს ნებისმიერი საჩივარი, რომელსაც ის მიიღებს რისკებთან, საეჭვო ინციდენტებთან ან მის მიერ ბაზარზე განთავსებული სატრანსპორტო საშუალებების, მოწყობილობების, ნაწილების, სისტემების, კომპონენტებისა და ცალკეული ტექნიკური ერთეულების მოთხოვნებთან შეუსაბამობასთან დაკავშირებით. მწარმოებელმა უნდა აწარმოოს აღნიშნული საჩივრების ჩანაწერები, მათ შორის, პრობლემებისა და დეტალების აღწერა, რომლის გამოყენებითაც მოხდება სატრანსპორტო საშუალებების, მოწყობილობების, ნაწილების, სისტემების, კომპონენტებისა და ცალკეული ტექნიკური ერთეულების ტიპის იდენტიფიცირება.
7. უფლებამოსილ ორგანოს, დამოუკიდებლად ან ტექნიკური სერვისის მეშვეობით, ნებისმიერ დროს შეუძლია მუდმივი მონიტორინგის ღონისძიებით შეამოწმოს შესაბამისობის კონტროლის მეთოდები მწარმოებლის ნებისმიერ საწარმოო ობიექტზე, ამ მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.
8. მუდმივი მონიტორინგის ღონისძიებები გულისხმობს საწყისი შეფასებისა და პროდუქტის შესაბამისობის უზრუნველყოფის ღონისძიებების ეფექტიანობის პერიოდულ კონტროლს.
9. მუდმივი მონიტორინგის ღონისძიება უნდა განხორციელდეს, სულ მცირე, 3 წელიწადში ერთხელ, ISO 31000:2009 სტანდარტის შესაბამისად.
10. მუდმივი მონიტორინგის ღონისძიებების დროს უფლებამოსილი ორგანოს ან ტექნიკური სერვისის ინსპექტორი შემთხვევითობის პრინციპით ირჩევს ნიმუშს და ამოწმებს მწარმოებლის ან ტექნიკური სერვისის ლაბორატორიაში. შემოწმება გულისხმობს ნიმუშის ფიზიკურად შემოწმებას. ნიმუშების მინიმალურ რაოდენობას განსაზღვრავს ინსპექტორი, შემოწმების შედეგების მიხედვით.
11. თუ მუდმივი მონიტორინგის ღონისძიებების დროს აღმოჩენილია ხარვეზი, უფლებამოსილი ორგანო მწარმოებელს მიუთითებს ხარვეზზე და განუსაზღვრავს მას ვადას ხარვეზის გამოსასწორებლად, რათა უზრუნველყოფილ იქნეს წარმოების შესაბამისობის აღდგენა.
12. ტიპის დამტკიცების სერტიფიკატი, რომელიც გაიცა ამ რეგლამენტისა და გაეროს რეგულაციების შესაბამისად, შესაძლებელია, გაუქმდეს, თუ ამ მუხლის მოთხოვნები არ იქნება დაცული ან, თუ მუდმივი მონიტორინგის ღონისძიების ფარგლებში სერიული წარმოებიდან აღებული დამტკიცებული ტიპის რომელიმე კონკრეტული სატრანსპორტო საშუალება, მოწყობილობა, ნაწილი, სისტემა, კომპონენტი ან ცალკეული ტექნიკური ერთეული ვერ გაივლის ამ რეგლამენტითა და გაეროს რეგულაციებით დადგენილ გამოცდებს და მწარმოებელი ხარვეზს ვერ გამოასწორებს უფლებამოსილი ორგანოს მიერ განსაზღვრულ ვადებში.
13. თუ უფლებამოსილი ორგანო გააუქმებს ტიპის დამტკიცების სერტიფიკატს, რომელიც მის მიერ არის გაცემული, მან უნდა უზრუნველყოს აღნიშნულის შესახებ ინფორმაციის მიწოდება ხელშემკვრელი მხარეებისთვის შეთანხმებით დადგენილი წესით.
14. თუ მწარმოებელი, რომელიც ფლობს ტიპის დამტკიცების სერტიფიკატს, მთლიანად წყვეტს ტიპის დამტკიცების მქონე სატრანსპორტო საშუალებების, მოწყობილობების, ნაწილების, სისტემების, კომპონენტების ან ცალკეული ტექნიკური ერთეულების წარმოებას, მან აღნიშნულის თაობაზე უნდა აცნობოს უფლებამოსილ ორგანოს. მწარმოებლის მხრიდან აღნიშნული ცნობის მიღების შემდეგ, უფლებამოსილმა ორგანომ უნდა გააუქმოს ტიპის დამტკიცების სერტიფიკატი და უზრუნველყოს ამ ინფორმაციის მიწოდება ხელშემკვრელი მხარეებისთვის შეთანხმებით დადგენილი წესი