1. VIN კოდის მე-10-დან მე-17 პოზიციების ჩათვლით მოყვანილია სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიკაციის მესამე და ბოლო ნაწილი − VIS კოდი, რომელიც შედგება რვა სიმბოლოსგან და ასახავს სატრანსპორტო საშუალების უნიკალურობას. ის წარმოადგენს მწარმოებლის მიერ მინიჭებული სიმბოლოების ერთობლიობას, რომელიც საშუალებას იძლევა, განვასხვავოთ ერთი სატრანსპორტო საშუალება მეორისგან (იგივე მარკისა და მოდელის). VIS კოდი, VDS კოდთან ერთად, უზრუნველყოფს ყველა სატრანსპორტო საშუალების უნიკალურ იდენტიფიკაციას, რომელიც მწარმოებელმა 30 წლის განმავლობაში აწარმოა.
2. VIN კოდის მე-10 პოზიციაზე მწარმოებელმა შეიძლება, მიუთითოს სატრანსპორტო საშუალების გამოშვების წელი ან გამოიყენოს ეს პოზიცია თავისი შეხედულებისამებრ. გამოშვების წლის აღმნიშვნელი კოდები უნდა მიეთითოს ამ რეგლამენტის დანართ №2-ში მოყვანილი ცხრილის შესაბამისად.
3. VIN კოდის მე-11 პოზიციაზე მწარმოებელს შეუძლია, განსაზღვროს მწარმოებელი ქარხნის კოდი ან გამოიყენოს ეს პოზიცია მისი შეხედულებისამებრ.
4. VIN კოდის პოზიციები მე-12-დან მე-17-ს ჩათვლით გამოიყენება მწარმოებლის მიერ კონკრეტული სატრანსპორტო საშუალების სერიული (მიმდევრობითი) ნომრის აღსანიშნავად. საიდენტიფიკაციო ნომრის პოზიციები მე-15-დან მე-17-ს ჩათვლით ივსება მხოლოდ არაბული ციფრებით.
5. თუ მწარმოებელი აწარმოებს არაუმეტეს 500 ერთეულ სატრანსპორტო საშუალებას (შასის) წელიწადში, საიდენტიფიკაციო ნომრის მე-12, მე-13 და მე-14 პოზიციების სიმბოლოები გამოიყენება კონკრეტული მწარმოებლის იდენტიფიცირებისათვის. მათ მინიჭებას მწარმოებელზე ახორციელებს კომპეტენტური ორგანო.
6. მწარმოებელი, რომელიც სატრანსპორტო საშუალების წარმოებისას იძენს და იყენებს სხვა მწარმოებლის შასს ან საბაზისო სატრანსპორტო საშუალებას, სატრანსპორტო საშუალებაზე უნდა დაიტანოს VIN კოდი, განსხვავებული შეძენილი შასის (საბაზისო სატრანსპორტო საშუალების) VIN კოდისგან. ამასთანავე, ადრე მინიჭებული შასის (საბაზისო სატრანსპორტო საშუალების) VIN კოდი უნდა იქნეს შენარჩუნებული სატრანსპორტო საშუალებაზ