1. ამ თავით გათვალისწინებული წესით საჯარო დაწესებულებაში სტაჟირებაზე მიიღება საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელსაც ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამით სწავლის გასაგრძელებლად გავლილი აქვს ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა და რომელიც არის ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო ან ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამის დამამთავრებელი სასწავლო წლის სტუდენტი/კურსდამთავრებული ან მაგისტრატურის დამამთავრებელი სასწავლო წლის სტუდენტი/კურსდამთავრებული.

2. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის (შემდგომში − აპარატი) მიმართვის საფუძველზე, საჯარო დაწესებულებამ ამ წესის 22-ე მუხლში მითითებული სავალდებულო კვოტის ფარგლებში უნდა განსაზღვროს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სტაჟიორთა რაოდენობა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა საჯარო დაწესებულებაში შტატით გათვალისწინებულ თანამდებობებზე ფაქტობრივად დასაქმებულთა 10%-ს შეადგენს ერთი დასაქმებული.

3. აპარატი, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სტაჟიორთა კვოტის შესაბამისად, აქვეყნებს სტაჟიორის კონკურსს, ყოველი წლის შემოდგომის ან/და გაზაფხულის პერიოდში, ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე (www.hr.gov.ge).

4. საჯარო დაწესებულებაში ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სტაჟიორად პირი მიიღება ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე (www.hr.gov.ge) განთავსებულ სტაჟიორის კონკურსზე განაცხადის რეგისტრაციისა და სტაჟირების უწყებათაშორის საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების მეშვეობით.

5. განაცხადების გადარჩევას ახორციელებს აპარატი, ხოლო გასაუბრების ეტაპს წარმართავს სტაჟირების უწყებათაშორისი საკონკურსო კომისია, რომლის შემადგენლობასა და დებულებას ამტკიცებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი. სტაჟირების უწყებათაშორისი საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში შედის იმ საჯარო დაწესებულების წარმომადგენელი, სადაც სტაჟირება უნდა გაიაროს შერჩეულმა კანდიდატმა.

6. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სტაჟირების მსურველ პირებთან გასაუბრებაზე მიწვეულნი იქნებიან ის პირები, რომელთაც სრულყოფილად ექნებათ წარმოდგენილი განაცხადით მოთხოვნილი/გათვალისწინებული დოკუმენტაცია და რომელთა სამოტივაციო წერილებში ნათლად და არგუმენტირებულად იქნება დასაბუთებული სტაჟირების გავლის მოტივაცია კონკრეტულ საჯარო დაწესებულებაში. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სტაჟიორების განაწილება შესაბამის საჯარო დაწესებულებაში ხდება სტაჟირების უწყებათაშორისი საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, რომელიც საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს სტაჟირების კონკურსის გამოცხადებიდან 45 კალენდარული დღის ვადაში.

7. საკონკურსო კომისია მიღებულ გადაწყვეტილებას აცნობებს ბიუროსა და შესაბამის საჯარო დაწესებულებებს.

8. სტაჟირების უწყებათაშორისი საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეულ კანდიდატთან სტაჟირების ხელშეკრულებას აფორმებს შესაბამისი საჯარო დაწესებულება.

9. თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის დადგენილი, ამავე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სტაჟირებასთან დაკავშირებით გამოიყენება ამ წესით დადგენილი სხვა ნორმებ