1. სერტიფიკატის მოქმედების ვადა შეიძლება, შეჩერდეს შემდეგ შემთხვევებში:
ა) თუ საშუამავლო კომპანია დაჯარიმებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში არ წარადგენს სამინისტროში შრომითი მიგრაციის სფეროში განხორციელებული საქმიანობის შესახებ ანგარიშს;
ბ) თუ დადგინდა, რომ სამინისტროში ანგარიშგებისას წარდგენილი ინფორმაცია არაზუსტია და საშუამავლო კომპანია არ მოახდენს ამ ინფორმაციის კორექტირებას სამინისტროს მითითებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;
გ) შრომის ინსპექციის უფლებამოსილი პირის მიერ შესაბამის შემოწმების აქტში მითითებულია, რომ საშუამავლო კომპანია აღარ აკმაყოფილებს სერტიფიცირების სავალდებულო იმ კრიტერიუმებს, რომლებზე დაყრდნობითაც ამ საშუამავლო კომპანიაზე გაიცა სერტიფიკატი.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საფუძვლებისას, სერტიფიცირების კომისიის სამდივნო სერტიფიცირების კომისიას გადასცემს შესაბამის დოკუმენტაციას, რომელიც შეისწავლის წარდგენილ დოკუმენტაციას და იღებს სათანადო გადაწყვეტილებას.
3. სერტიფიცირების კომისია უფლებამოსილია, საშუამავლო კომპანიას შეუჩეროს სერტიფიკატის მოქმედება დარღვევების გამოსწორებამდე, მაგრამ არაუმეტეს 2 თვისა.
4. იმ შემთხვევაში, თუ საშუამავლო კომპანია აღმოფხვრის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შეჩერების საფუძველს და სამინისტროს წერილობით აცნობებს დარღვევების აღმოფხვრის შესახებ, სერტიფიცირების კომისიის სამდივნო, სერტიფიცირების კომისიის წინაშე განსახილველად, წარადგენს საშუამავლო კომპანიის შუამდგომლობას დარღვევების აღმოფხვრისა და სერტიფიკატის მოქმედების ვადის აღდგენის თაობაზე.
5. დარღვევების აღმოფხვრის შემთხვევაში სერტიფიცირების კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას საშუამავლო კომპანიისთვის სერტიფიკატის მოქმედების ვადის აღდგენის თაობაზე, სერტიფიკატის გაცემისას მითითებული მოქმედების ვადით.
6. თუ საშუამავლო კომპანიის მიერ არ იქნა დარღვევები აღმოფხვრილი სერტიფიკატის შეჩერებიდან 2 თვის ვადაში, სერტიფიცირების კომისია უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება სერტიფიკატის გაუქმების თაობაზე.
7. სამინისტრო უზრუნველყოფს საშუამავლო კომპანიისთვის სერტიფიკატის შეჩერების/გაუქმების ფაქტისა და შეჩერების/გაუქმების მიზეზის საჯაროობას.
8. სამინისტრო ასევე უზრუნველყოფს საშუამავლო კომპანიისთვის სერტიფიკატის მოქმედების ვადის აღდგენის შესახებ ინფორმაციის საჯაროობა